Accessibility links

EY-ს სიახლეების მიხედვით


ავტორი: ესმა გუმბერიძე

როგორც ერთხელ დავწერე კიდეც აქ, ვიღაცა კეთილშობილლმა დამარეგისტრირა EY საქართველოს (იურიდიულ–საკონსულტაციო ფირმაა) მეილინგ ლისთზე და მათგან მომდის ყოველთვიურად სიახლეები საქართველოს კერძო და ადმინისტრაციულ სამართალში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ. ამ რამდენიმე დღის წინ ამ გზით მიღებული ინფორმაციით, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსებში შევიდა ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც საკასაციო საჩივრის (უზენაეს სასამართლოში საჩივრის/სარჩელის) დასაშვებობის წინაპირობებად მიჩნეულ იქნა ისეთი ფაქტორები, როგორიცაა:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

გამოდის, რომ მაინც პრეცედენტული სამართლისკენ ვიხრებით? გამოდის, რომ ნელნელა მივდივართ იქითკენ, რომ ზემდგომი ინსტანციებისა და უფრო ადრე მიღებული გადაწყვეტილებების პრეცედენტი უფრო მნიშვნელოვანი იქნება სასამართლო საქმეში, ვიდრე– საკანონმდებლო რეგულაციები? ეს გამოიწვევს, ერთის მხრივ, სასამართლოსთვის, არაარჩევითი ორგანოსთვის განუზომლად დიდი ძალაუფლების მინიჭებასა და ხელისუფლების 3 შტოს შორის გადანაწილების ბალანსის დარღვევას, მეორესმხრივ კი კანონში მითითებულ ნორმათა განუჭვრეტადობას. ანუ მე, როგორც რიგითმა მოქალაქემ, თუ გადავწყვიტე სასამართლოს გზით ჩემი უფლებების დაცვა, ჩემი მხრიდან შესაბამისი საკანონმდებლო აქტების წაკითხვის მცდელობასაც კი აზრი აღარ ექნება, იმიტომ რომ მთავარი იქნება სასამართლო პრაქტიკა, რომელშიც გარკვევა რიგით მოქალაქეს ძალიან გაუჭირდება: საქმეების მოძიება, მათი გარემოებების მისადაგება მის საქმესთან, შედარება და ა.შ. ეს გამოიწვევს იმას, რომ იურისტის დახმარების გარეშე ადამიანი სასამართლოში კუდსაც კი ვეღარ გაიქნევს, რაც, რა თქმა უნდა, იურისტებისთვის კარგი იქნება, გაუჩნდებათ რა მეტი სამუშაო, მაგრამ მოწყვლად მოქალაქეებს ეს კიდევ უფრო გაურთულებთ ისედაც რთულ სამართლებრივ ბრძოლას. ეს იქნება რიგითი ადამიანებისთვის დემოტივაცია. მრავალ მათგანს მოუწევს უარის თქმა თავისი უფლებების სასამართლო გზით დაცვაზე ადვოკატის აყვანასთან, რაც გარდაუვლად საჭირო გახდება, დაკავშირებული დიდი ხარჯების გამო. ამ რეფორმას ექნება არადემოკრატიული შედეგები, აუცილებლად! ეს შექმნის სასამართლოს ხელმისაწვდომობისთვის კიდევ ერთ ბარიერს ყველაზე სუსტისთვის! ფაქტობრივად ამით დაწესდება სასამართლოსადმი მიმართვის უფლების მოსაპოვებლად ქონებრივი ცენზი! რიგითი ადამიანი ბოლომდე დაიბნევა პრეცედენტების ლაბირინთში, მთავარი ის კი აღარ იქნება, რა ჩაწერეს კანონში მოქალაქეების მიერ ასე თუ ისე არჩეულმა კანონმდებლებმა, არამედ ის, თუ როგორ განმარტეს, როგორ აღიქვეს ეს ჩანაწერები/დანაწესები დანიშნულმა მოსამართლეებმა, თანაც უვადოდ დანიშნულებმა.

ერთი გამონათება ამ თვის სიახლეებში იყო პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ცვლილებებს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში. ამ ცვლილებების მიხედვით კომპიუტერული ან სხვა ელექტრონული ტექნიკისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩანაცვლება ერთი ან ერთზე მეტი იგივე ახალი ანდა გაუმჯობესებული კომპიუტერული ან ელექტრონული ტექნიკის ანდა ავტო–სატრანსპორტო საშუალების ერთეულით აღარ მოხდება გამარტივებული წესით, ანუ ამ შესყიდვათა განხორციელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ტენდერის გამოცხადებით. ეს გაართულებს თანამდებობის პირთა კომფორტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მოქალაქეთა გადასახადებით/ჯარიმებით მიღებული თანხებით, მანქანების ანდა უფრო მაგარი კომპიუტერების და ა.შ. შეძენას, რაც კარგია. იმედია, პარლამენტი ამ კანონპროექტს ცვლილებების გარეშე მიიღებს, შეუცვლელი ფორმით, ისეთს, როგორიც ის შემოიტანეს, რათა არ დაზარალდეს ეს მართლაც სახელმწიფოებრივი მიზანი დღევანდელი კრიზისის, ბიუჯეტში დეფიციტის, უზარმაზარი საგარეო ვალისა და მოსახლეობის ზოგადი სიღარიბის პირობებში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG