Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართველობა“ როგორც ასეთი


ავტორი: მარიამ დემეტრაშვილი

„ქართველობას გვართმევენ, ხალხო! “

აი იმ ქართველობას, ადამიანების დაფასება სიკვდილის შემდეგ რომ იცის. ეს ჩვევა იმდენად შევისისხლხორცეთ, ჩვენთვის მნიშველობა აღარ აქვს, გარდაცვლილმა დაიმსახურა თუ არა ხოტბის შესხმა. ჩვენ აი ის ქართველობა ვართ, სამშობლოსთვის უამრავი სიავის გამკეთებელ პოლიტიკოსს რომ პატივით და ბუმბერაზი ადამიანის სახელით კრძალავს.

ჩვენ აი ის ქართველობა ვართ, ნაგვის ურნებში ჩაყრას დღემდე რომ ვერ მიეჩვია. ჩვენთან ურნებს კალათბურთის ფარის ფუნქცია აქვს შეთავსებული. დრო და დრო ამ „ფარში“ მეტისმეტი სიშორიდანაც კი (გნებავთ სახლის ფანჯრიდან) ისვრიან ბურთად ქცეულ ნაგვის პარკებს.

აი ის ქართველობა ვართ, შუაღამისას უბანში მანქანებში ჩართული სიმღერების ფონზე ქეიფი, ჩხუბი, ხმაური და მეზობლების გაღვიძება რომ გვიყვარს. ისინიც ვართ, იმ შემაწუხებელ მოქეიფეებს საყვედურს რომ არ ვეუბნებით იმ იმედით, რომ იქნებ ჩვენ მაგივრად სხვამ უთხრას.

ჩვენ აი ის ქართველობა ვართ, უმცირესობათა წინააღმდეგ ათასი კაცი რომ გამოდის, ქვეყნის საზღვრების დარღვევისას კი არცერთი.

აი ის ქართველობა ვართ, ვისთვისაც სხვისი ცხოვრება და მასში ჩარევა უფრო საინტერესოა, ვიდრე საკუთარი. თუმცა ამავდროულად, არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც, როცა სხვის ცხოვრებაში კატეგორიულად არ ვერევით. ასეთ გამონაკლისს წარმოადგენს ქმრის მიერ ცოლის ჩაგვრა და მასზე ფიზიკური ძალადობა. ჩვენ ხომ ის „ბრიყვები“ არა ვართ, ცოლ-ქმრის ჩხუბი მართალი რომ ჰგონია, შესაბამისად ეს ის იშვიათი შემთხვევაა, სადაც ჩარევას გაცლას ვამჯობინებთ.

აი ის ქართველობა ვართ, ვისთვისაც მისაღები გამოცდების ჩაბარება პრესტიჟის ამბავია და არა სურვილის. მთავარია, მე-12 კლასში აბიტურიენტი გერქვას და შემდეგ სტუდენტის სტატუსიც მოიპოვო. მერე უკვე უნივერსიტეტის დამთავრება სავალდებულო აღარ არის.

აი ის ქართველობა ვართ, სადაც „კლიენტი ყოველთვის მართალიას“ მსგავსად, უფროსიც ყოველთვის მართალია.

აი ის ქართველობა ვართ, სადაც უფროსებისთვის ახალგაზრდობა მუდამ გაუნათლებელი და უზრდელია. ეს ტენდენცია არ იცვლება თაობიდან თაობამდე.

აი ის ქართველობა ვართ, ვისთვისაც მუზეუმში გაფრთხილება „არ შეეხოთ“ არაფერს ნიშნავს.

ჩვენ აი ის ქართველობა ვართ, რიგის და მოძრაობის წესების დაცვა პრინციპულად რომ არ გვიყვარს.

აი ის ქართველობა ვართ, ქალი რომ „კუხნაში“ იცის და კაცი გარეთ, „ბირჟაზე“.

აი ის ქართველობა ვართ, ვისთვისაც შვილის სასურველობას მისი სქესი განსაზღვრავს.

აი ის ქართველობა ვართ, სადაც დედები შვილებს მორჩილებას უფრო ასწავლიან, ვიდრე დამოუკიდებლობას.

აი ის ქართველობა ვართ, ქალის უკანალი მუსიკალური ინსტრუმენტის ფუნქციას რომ ითავსებს და ვერ ვხვდებით, ამ „ტრაკი-კომედიას“ არც კულტურული, არც ესთეტიკური და არც იუმორისტული ღირებულება არ გააჩნია.

აი ის ქართველობა ვართ, ვისთვისაც სამშობლოს სიყვარულის ინდიკატორი განსხვავებული სასმისია.

აი ის ქართველობა ვართ, მხოლოდ წარსულით რომ ტრაბახობს და აწმყოში საამაყო არაფერი გაუკეთებია.

აი ის ქართველობა ვართ, ამ ქვეყნიდან გაქცევაზე რომ გვიჭირავს თვალი, მაგრამ „ქართველობას“ მაინც გამალებით ვიცავთ.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ მაინც ვცდილობთ „ეროვნული იერსახე“ არ დავკარგოთ და მედგარ წინააღმდეგობას ვუწევთ ყველას, ვინც კი მისი წართმევით გვემუქრება. მერე და ის თუ ვიცით, რა დარჩა იმ საამაყო ქართველობიდან, ასე რომ მოგვაქვს თავი და გავიძახით, არავის გავატანთო?

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG