Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საშუალო სტატისტიკური ბიჭის სოციალიზაცია საქართველოში


ავტორი: ნიკა ქუცნიაშვილი

ნებისმიერ ქართველ პოლიტიკოსს რომ კითხოთ, კარგი განათლების სისტემა უმნიშვნელოვანესია, მაგრამ მის დასახვეწად ჯერ არაფერი გაკეთებულა. ეს სფერო ყოველთვის უკან არის გადაწეული და ყველა სხვა მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო თემით იფარება. „განათლების რეფორმები“ დღემდე მხოლოდ კარუსელის პრინციპით დანიშნული მინისტრების ახირებებია, რაზეც მხოლოდ იცინის საზოგადოება და ერთ კვირაში ავიწყდება, რადგან ჯერ პრაქტიკაში არაფერი განხორციელებულა.

აბსოლუტურად ყველა საკითხი ამ სისტემაში პრობლემურია - დაწყებული ეთნოცენტრული ქართულის და ისტორიის გაკვეთილებით და დამთავრებული არაპროფესიონალი მასწავლებლებით, მაგრამ ახლა მინდა ყველაზე ფესვგადგმულ და პარაზიტულ პრობლემაზე ვილაპარაკო და პასუხი გავცე კითხვას - რატომ მატულობენ ნიღბიანი და სვასტიკის ტატუიანი ბიჭები საქართველოს დიდ ქალაქებში.

მე გლდანის საჯარო სკოლა დავამთავრე და სოციალიზაციის არც ისე მარტივი პროცესის გავლა მომიხდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩემი თაობის ბიჭები ან უკან მოუხედავად გარბიან რაც შეიძლება შორს, ან მთლიანად ერწყმიან იქაურ გარემოს და ყოველგვარ პერსპექტივას იკლავენ. ამ ყველაფერში დამნაშავე მასწავლებლები, სკოლის დირექტორები, მანდატურები და რა თქმა უნდა მშობლები არიან. საქართველოს სკოლებში გავრცელებულია „ბიჭია და რას იზავ, ხო არ დააბავ“ მიდგომა, რის გამოც ყველა ზემოთ ჩამოთვლილი თვალს ხუჭავენ ბიჭების მავნებლურ საქციელზე. ეს საქციელი შეიძლება მავნებლური იყოს სხვა ბავშვის, გარემოს ან საკუთარი თავის მიმართ, მაგრამ სამივე შემთხვევა ერთნაირად იგნორირებულია.

სკოლის პერიოდიდან ყველაზე ხშირად რაც მახსენდება მასწავლებლების და ბიჭების ჩხუბია (რომელშიც მეც ხშირად ვმონაწილეობდი), რომელიც ზოგჯერ გინებამდე, კივილამდე და მაგიდების ტრიალებამდე მიდის. ყველაზე მეტად რაც მახსოვს ამ სიტუაციებიდან ისაა, რომ ვიცოდი არასდროს არანაირი შედეგი არ მოჰყვებოდა. წელიწადში საშუალოდ ხუთჯერ ვიჯექი დირექტორის კაბინეტში გაკვეთილების დასრულების მოლოდინში, მაგრამ დასჯილი არასდროს ვყოფილვარ.

დაბალ კლასებში დასჯის ფორმა მშობლების დაბარებაა, რაც უმეტესად უშედეგოა, რადგან მშობლებიც იგივე აზროვნების ქვეშ არიან მოქცეული და ბიჭების მავნებლობას ყურადღებას არ აქცევენ. მსგავსი დაუსჯელობა მე და ჩემს კლასელებს მალე ძალიან გაგვიტკბა და იმატა სკოლის გაცდენების, გაკვეთილებზე ყვირილის და დერეფნებში გასართობად ჭიდაობის შემთხვევებმა. თანაც გაიხსენეთ, რომ ეს უკვე მანდატურების პერიოდია, მაგრამ მანდატურებისგან ერთადერთი რაც მახსოვს ისაა, როგორ მეფარებოდნენ დერეფანში კამერის წინ, რომ დირექტორს არ დავენახე და ჩემი საქციელისთვის არ დავსჯილიყავი.

ასაკის მატებასთან ერთად მმავნებლობის ხარისხიც იმატებს და ნელნელა ქუჩის სამყაროს ეცნობი, რომელიც გინდა თუ არა მაინც იჭრება შენს ცხოვრებაში. თავიდან ყველაფერი ბულინგით და დაცინვით იწყება და ბიჭებს არჩევანის წინაშე აყენებს - ან შეუერთდნენ სისტემას ან მუდმივი ბულინგის მსხვერპლად იქცნენ. ბულინგი ხშირად ფიზიკური არ არის, მაგრამ მის მსხვერპლს მუდმივად ეუფლება დაუცველობის განცდა, რადგან მის მხარეს არავინაა. მანდატურები ფორმის გახდისთანავე თავად იქცევიან „ძველ ბიჭებად“ და მასწავლებლები საჭიროდ არ მიიჩნევენ სიტუაციაში ჩარევას, რადგან ის ბიჭების საქმეა (ამის მიზეზი ალბათ ისიცაა, რომ თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა მასწავლებლებისა ქალია). ამ სისტემაში ჩათრევისგან არაფერი იცავს ისე კარგად, როგორც განსხვავებულობა, მაგალითად ფიზიკური სისუსტე. ამ შემთხვევაში სისტემა თავად გრიყავს და არ გიღებს, რაც თავიდან უარესად ჩანს, მაგრამ გრძელ ვადაში მის პლიუსებს აცნობიერებ.

მაღალ კლასებში მშობლების დაბარებაც აღარ ხდება. დირექტორი და მასწავლებლები ამას მუდმივად იმით ხსნიან, რომ ბიჭი უკვე დიდია და მშობლებთან ვერ შეარცხვენენ, თავისი საქმე თავად უნდა მოაგვაროს. ამ დროს კონტროლს ხელიდან უშვებენ მშობლებიც, რომლებიც თვლიან, რომ ბიჭი იმდენად დიდია, მის ცხოვრებაში ჩარევის უფლება აღარ აქვთ. ეს კი უმეტეს შემთხვევებში იმაზე აისახება, რომ ბავშვი თავს ანებებს სწავლას და გაკვეთილებზე გოგოების დაცინვითაა დაკავებული, მასწავლებლები კი ამ პროცესში ერთადერთი სახით მონაწილეობენ - ექვსიანებს წერენ, რომ ბიჭი კლასში არ ჩარჩეს და შერცხვეს. ყველაზე ექსტრემალური მაგალითი კი მეთორმეტე კლასიდან მახსენდება, როდესაც მასწავლებლები რიგრიგობით შემოდიოდნენ კლასში და მადლობას უხდიდნენ ერთ-ერთ ბიჭს, რომელმაც ტელევიზიის ეთერით ჰომოფობიური განცხადებები გააკეთა. „კარგად მოიქეცი, ფრთხილად იყავი არ ჩაგითრიონ დედის“ მოსმენისას ხვდები, რომ მასწავლებელი, რომელიც გაკვეთილზე იონურ ბმაზე და პარაბოლაზე გელაპარაკება ისეთივე პასიური მოძალადეა, როგორც ყველა სხვა. ეს ქების ერთადერთი შემთხვევაა, რაც მაღალ კლასებში მახსენდება. კარგი სწავლის გამო შექებული არავინ მახსოვს, ალბათ იმიტომ, რომ ჩვენს სწავლაზე აღარც არავინ ზრუნავდა.

ამ სისტემის დევიანტი ბავშვებისთვის გაქცევის საშუალებად ინტერნეტი იქცა. სივრცე, რომელიც დაცლილი იყო ყოველგვარი ბულინგისგან და დემაგოგიისგან. სივრცე, რომელიც თვითრეალიზაციის და ჩვენნაირი ადამიანების გაცნობის საშუალებას გვაძლევდა. ჩემი თაობის ბიჭების დიდი ნაწილი მალე იქცა გეიმერად, კინო მოყვარულად, მელომანად და ა.შ ინტერნეტის სახით მათ უდიდესი სამყარო აღმოაჩინეს - ცოდნის და მრავალფეროვნების. დღეს ყველაზე მეტად საფრთხის წინაშე სწორედ ეს სივრცეა. ბოლო წლებში მავნებლური სისტემის წარმომადგენლებმაც დაიწყეს ტექნოლოგიების ათვისება და დევიანტ ბავშვებს გაქცევის ბოლო გზაც მოუჭრეს. ონლაინ აკადემიებზე ხშრად მათ ნაცისტური გვერდების რეკლამები ხვდებათ, რომელიც უხერგავს გზას პირველისაკენ.

ასეთი გვერდები წარმატებით ავრცელებენ „ალტერნატიულ ფაქტებს“ იმის შესახებ, როგორ მოუგონეს ჰიტლერს ჰოლოკოსტი, როგორ გვებრძვიან უცხოელები ენჯეოების მეშვეობით და როგორი სამარცხვინოა კაცი, რომელიც ჭურჭელს რეცხავს. ერთნაირი ტატუების (სვასტიკების და ბორღალოების) ამოტვიფრვა უკვე სტანდარტულ პროცესად იქცა გარეუბნებში და სიტუაცია American Crime X-ს ემსგავსება, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვყავს მასწავლებლები, რომლებიც ამ სისტემას ბავშვებს გამოსტაცებენ.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG