Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“თვით“-ის მონოლოგი, ანუ დიალოგი საკუთარ თავთან


ავტორი: თეა კახაძე

მე დავიბადე ალბათ დღე და ფოთლებიდან გამომავალ სხივებს გამოვყევი,

ან ღამე, როცა მე და ჩემი მეგობარი კალიების ელექტრონულ ბგერებთან ერთად დავსრიალებდით ლიანდაგებზე,

შეიძლება მაშინ, როცა ფიფქების მიერ გასქელებულ ჰაერს ვუყურებდი,

ან ზაფხულში, როცა მე და წარბებგადაბმული ღორჯო ანკესს დავუსხლტით და წყალში გავინავარდეთ,

არა, მგონი შემოდგომას „მარჯვე ხელებით“ ლეილას მსხლის ფოთლების მუყაოზე ამოკემსვისას,

შეიძლება გაზაფხულზეც, ბუსუსებზე ნამდაკიდებული ჭიაყელა, როგორ ვუყურებდი მერცხლების მანევრებს წითელ, ზევსის ხელებში მოქცეულ მძვინვარე ცაზე, ოღონდ მერცხალი მე ვიყავი,

შეიძლება, ყველაფერი იქიდან დაიწყო, როცა მამაჩემის ხელებიდან მიმობნეულ ბგერებთან ერთად ვცეკვავდი ან მაშინ, როცა დედაჩემს ორფეროვანი ყვავილებით გადაჭედილი მინდორი ზედ ტანზე ეცვა ორი საცალფეხო ხიდით სახეზე,

იქნებ მაშინ, სანამ ბაბუას ჩემი სამკაულებით მოვრთავდი ან როცა მე და ოძელაშვილი არსენა ერთად ჩამოვყვებოდით ჭაღარა გზას, სანამ თვალებმინაბული ბებია „ნერჟავეიკის შპილკით“ მათემატიკური სიზუსტით მიგვამაგრებდა თმაზე,

შეიძლება მაშინ, როცა ჩამეძინა და ჩაიდნის ტუჩი შემთხვევით დავუკაკუნე ჩემ ძმას თავზე, ან მაშინ როცა მეორემ საგულდაგულოდ ახალდაგებული ასფალტივით დამიტკეპნა თმები და ჭუჭყიანი ჯინსებით თავის ძმაკაცებს ჩემი თავი წარუდგინა,

შეიძლება მაშინ, ლურჯ კლიფსებთან, ნაზოსთან და კარესთან ერთად, ის წვრილ-წვრილად დაჭრილი ფერადი ქაღალდებიც ფარდის უკნიდან, რომ ვაყრიდით დანარჩენებს თავზე, გამოშიგნული ზეთიანი პამიდვრები, რაღაც ნატეხით დამუშავებული საჯდომი გამძლეობის გასამტკიცებლად, ყვავილში შეჭმული ტყემლები, ან როცა ქვიშხეთში მამაჩემის დანახვისას „ჩემი ქვეყნის ზეცას მტრედის ფერი დაედო“, ან როცა ტერციებით გადამხტარ ცხენს ვუთხარი - „ჰოპ, ჰოპ, ჰოპ ნი სპიში გალოპ“ და ამ დროს სარკმელში „ს ნება ზვიოზდოჩკა უპალა“... მაწონი, ბულკები და U2 ... ყავა, ნაყინი და “პაკრიშკა” ბულკებით ახალი გზების ძიება... კედლის აქეთ მტვრისაგან დასაცავად ჭრაჭუნა პარკებში შეფუთული ჩემი მითოსური სამყარო და კედლის იქით დახურული კარის ნაპრალებში გამოპარული Cocteau Twins-ის მელოდია.

საზრისების სამყარო მესიანიზმით, თვითგვემით, მოხრილობისგან გაბუჟებული მუხლებით, მუდმივად მარილით შეზავებული სავსე ლოყებითა და უსასრულობაში ნაპოვნი თავშესაფრით დაიწყო, რაც შემდეგ მხოლოდ ერთი გაბურძგნული ადამიანის სილუეტში მოთავსებულმა ყმაწვილურმა, უკომპრომისო დამფუძნებელმა და უარმყოფელმა „მინდა“-მ, მისი წვეტიანი ცხვირიდან ასხლეტილმა მბრუნავმა სიტყვებმა და მხოლოდ ერთ ოთახში გამოკეტილმა ყოვლისმომცველი უსასრულო დიალოგით შედედებულმა სითეთრემ შეცვალა, ზემოდან საკუთარი საზრისის მიერ ჯვარცმული იესო დაგვყურებს, მოპირდაპირე სკამზე, კი დედა ზის, ისიც საკუთარი საზრისისგან მოკუნტული, მეტროს სუნია და მატარებელი ცივილური მონოტონურობით გრგვინავს ლიანდაგზე, ჩემს სულს სრული დაჟინებით საბურთალოდან ლესელიძემდე ქადის სუნი ასდის.

შემდეგ ეჭვის, სიყრუის შავმა ხვრელებმა შთანთქა ყველაფერი ალბათ ძაბრისებურად, რომლის მეორე ბოლოდან ყვითელი გოგირდით დასვრილი და დაუძლურებული ჭიანჭველა გამოძვრა.

შემდეგ გამეღვიძა მაშინ, როცა მან მუხლზე მაკოცა და მთელი კაცობრიობის ფალოსი შემომეჭრა ტანში.

გამეღვიძა მიწაში ჩაფლულ გაუგებარ გროვასთან და კისერზე მორკალულ საკუთარ თმის ბუსუსთან ერთად, ჩემი არსებობის ყველაზე პატარა, ქარში მოკანკალე, მაგრამ ერთადერთ ხელშესახებ დასტურთან ერთად, რომელსაც საკუთარი კუდი არასდროს გაუსინჯავს. გამეღვიძა არდაბადებულ ადამიანთან, რომელიც უკაცრიელ მიწებზე მელოდება.

ვუმღერი მას მამაჩემის მელოდიას, მდინარე ჩამოდის, ხეობიდან ცა ჩანს და ნიავი უბერავს, ბგერებს ნერწყვებად ვაქცევ მაშინ, როცა სხვები მოდიან. ვუყურებ ოქროსფერ მოძრაობას, მოძრაობის ზედაპირზე ვტივტივებ, ზემოთ ცა ჩანს, ვღიღინებ eno-ს მელოდიას, აქ უკვე აღარავინ გამოივლის, მოძრაობა ჩემს ზურგს ეხება, გადმობრუნების მეშინია.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG