ავტორი: ასტამურ ჯიხაშვილი
თვითმფრინავის შასის მსგავსად უხერხულად გამოყო მარცხენა იდაყვი, ტროტუარის მართობულად შეაჩერა რამდენიმე წამით, ოდნავ გახსნა დაკრუნჩხული მუშტი და ავტობუსის დაკუჭული ბილეთი შრაშუნით მძიმედ დაეშვა მიწაზე. ავზანზარდით. ქალბატონო, დაგივარდათ. ნამუსი დაგივარდათ. ურნასთან, ხუთ ნაბიჯში დაგივარდათ. ხუთი... ოთხი... სამი.. ორი, ერთი.
თვეების წინ სამოცდამეერთე სკოლასთან გეიზერმა ამოხეთქა. რკინით გამდიდრებული მორბის დაღმართზე წყალი. წყალდორადო. ქვემოთ, დელტასთან გაჩერებაა. გაჩერებასთან ჯერ ისევ თუთავს. ფენოვნების, ლიმონების, ბანანების, ხელგამოწვდილი მოხუცებისა და ჩანთაგადაშლილი მუსიკოსების გვირაბში ჩავყვინთე. გვირაბის მეორე ბოლოს დღის შუქი თავისთვის ანათებდა.
ამოვყვინთე თუ არა ჭლექიანმა ავტობუსმა ჩამირბინა და კეფაში ცხელად მომახველა. ვითომ ძალიან ციოდეს - ბოლოს და ბოლოს ხომ თუთავს. მეორე ჭარბწონიანი ავტობუსი მოფრუტუნდა, გაჩერდა, უკნიდან მესამემ ავტომობილურად მიაძახა - გაიწიეო. არ გაიწია, მგზავრები შეგვისრუტა და ამის მერე წავფრუტუნდით.
ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ ზოოპარკს მივადექით, რომელიც მალე გადაბარგდება. იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა, ოღონდ ჯერ არ ვიცით ვინ "სხვა". ინვესტორი თუ მოვიდა, "იგის" ტურფა საბაღნაროც უკან მიჰყვება. დავრჩებით ჩვენ, კორპუსები, მანქანები და მათი CO2. სამაგიეროდ, რა ამაყად ჟღერს - ინვესტიცია!
დილიდან ჭავჭავაძეზე ბუნტია. ბუნტისთავებმა ტროტუარის ერთი მონაკვეთი მცენარეებჩარგული საბურავებით გადაკეტეს, ე.ი. ქვეითებს კედლებზე სპაიდერმენობა აღარ მოგვიწევს. არც იხვის ჭუკებივით გავძვრებით მანქანებს შორის თითო-თითო და სიმაღლის მიხედვით. ვეღარც ტროტუარელი ფორსაჟისტები იფრენენ ჩვენს გზაზე საცობების გვერდის ავლით.
უკანა გზაზე ისევ დათუთული ასფალტით ავდივარ. რკინით გამდიდრებული ისევ ჩამორბის წყალი დაღმართზე. აივანზე ჯუჯა ვარდები მელოდებიან. მერე რა რომ სიგარეტის ნამწვავები დააყარეს ფოთლებზე?
ადრე ნაგვით სავსე ცელოფნები ცვიოდა.
P.S.
არაესთეტიური საბურავები აიღეს. ავე მერია! ავე მანქანებს!