Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხელსის პარტიული გაზაფხული


ავტორი: ბაჩო ჯოჯუა

ლეგენდის თანახმად, შიდაპარტიული დემოკრატია პარტიაში პოლიტიკურად აქტიური მოქალაქის ჩართულობისა და ზეგავლენის გასაზრდელად არის საჭირო. იმასაც ამბობენ, რომ არ შეიძლება დემოკრატიული სახელმწიფო არადემოკრატიული სტრუქტურის მქონე პარტიის მიერ იმართებოდეს. შესაბამისად შიდაპარტიული დემოკრატია, შეგვიძლია გლინტვეინის ფორთოხლად აღვიქვად, არა, რასაკვირველია გლინტვეინის მოსამზადებლად სხვა „ხილის“ გამოყენებაც შეიძლება, მაგრამ ფორთოხალი აშკარად ყველაზე კარგი ვარიანტია.

მიუხედავად მისი ამგვარი მნიშვნელობისა და ძალიან ბევრ ქვეყანაში, კანონებით მისი უზრუნველყოფის მცდელობისა, შიდაპარტიულ დემოკრატიას საკმაოდ ხშირად უგულებელყოფენ.

შიდაპარტიული დემოკრატიის არ ქონის შემთხვევაში, პარტიის ჩვეულებრივ წევრებს „განსაკუთრებული უფლებები“ არ გააჩნიათ, მაშინ როდესაც რეალურად გადაწყვეტილების მიმღებთა წრე ძალიან პატარაა. ამბობენ, რომ სხვადასხვა შემთხვევებში, პარტიული სისტემის ბიუროკრატიზაცია, პარტიის ლიდერებისა და წევრების გაუცხოებას თუ არა, ხიდჩატეხილობის დაახლოებით იმგვარ პრობლემას იწვევს, რომელზეც თავის დროზე ილია გვესაუბრებოდა.

ეს ყოველივე თავდაპირველად შეგვიძლია თანამედროვე დემოკრატიების თავისუბერებას დავუკავშიროთ. როგორც ამბობენ, თანამედროვე დემოკრატიები გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებას მოითხოვენ, ამ უკანასკნელის საშუალებას კი პარტიის შიგნით არსებული გრძელვადიანი ხმის მიცემის პროცესები არ იძლევა.

აი მეორეს მხრივ კი „კარლ“ მიხელსს თუ დავუჯერებთ, მაშინ აღმოვაჩენთ, რომ მთავარ პრობლემას ის წარმოადგენს, რომ ყოველი ორგანიზაცია თავად წარმოშობს იმგვარ „მმართველ კლასს“, რომლის კონტროლიც შემდგომში მის ძალებს აღემატება. მიხელსის თქმით, დროთა განმავლობაში სტრუქტურები და ლიდერები უფრო თავისუფალნი და მოქნილნი ხდებიან, აწესებენ რა ინფორმაციასა და ძალაუფლებაზე მონოპოლიას, ზრდიან ოლიგარქიის სიმპტომებს, რაც თავის მხრივ შემდგომში დემოკრატიას „უთხრის ძირს“.

კიდევ ერთი საკმაოდ დიდი პრობლემა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში, შეგვიძლია წევრების რაოდენობას დავუკავშიროთ. ამბობენ, რომ სულ უფრო და უფრო ნაკლებ ადამიანს სურს პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანება, მაგრამ ამ პრობლემის მიზეზების კვლევა ქართულ მაგალითზე ალბათ უფრო ვრცელ კვლევას მოითხოვს.

პარტიის შიდადემოკრატიულობის არსებობაზე საუბრისას, შეგვიძლია ვახსენოთ ის, თუ რამდენად მრავალფეროვანია მისი ლიდერების ჩამონათვალი.

ქართულ რეალობაში ამის აღწერას ორი საკმაოდ „ძლევამოსილი იდეოლოგიის“ მატარებელ პარტიაზე, ძალიან მოკლე საუბრით ვეცდები.

ასე მაგალითად, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ იდეოლოგია თურმე მემარჯვენე-ცენტრიზმი ყოფილა და თუ არ ვცდები მემარჯვენე-ცენტრიზმი იმთავითვე თავადაზნაურობისაგან „გაქცევასა“ და „ბუღ’ჟუაზიისაკენ“ გადახრას გულისხმობს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ძალიან მცირე ინფორმაციის მოძიება დამჭირდა იმისათვის, რომ მრეწველების ლიდერების შესახებ ინფორმაცია მომეპოვებინა. პარტია 1999 წელს დაარსებულა და პირველივე ყრილობაზე გოგი თოფაძე 4 წლის ვადით აურჩევიათ თავმჯდომარედ, მისი მოადგილის პოსტი კი ზურაბ ტყემალაძემ დაიკავა. 2005 წელს (6 წლის შემდეგ) თოფაძე პარტიის ლიდერი გახდა, ხოლო თავმჯდომარის პოსტი ტყემალაძემ დაიკავა. 2010 წელსაც, პარტიის მომდევნო ყრილობაზე, ისევ იგივე შედეგი დაფიქსირდა.

18 წელი პარტიის სათავეში... 18 წლის განმავლობაში შესაძლოა ვოლდემორტი აღსდგეს და ისევ მოკვდეს, ხოლო იმპერიამ მეორე სიკვდილის ვარსკვლავი ააგოს. ძალიან დიდი დროა... თანაც ძალიან დიდი...

1995 წელს დაარსებული ლეიბორისტების ლიდერის პოსტი, შალვა ნათელაშვილმა 2014 წელს დატოვა. აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის, რომ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში, შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის პირველი ნომერი იყო.

22 წელი... 22 წელი... ორი მსოფლიო ომი, ერთად აღებულიც კი უფრო ცოტა ხანს გრძელდებოდა.

შიდაპარტიული დემოკრატიის ყველაზე მარტივ გამოვლინებად კი შეგვიძლია პარტიის ლიდერების შესაბამისი ლეგიტიმური საარჩევნო ორგანოს მიერ არჩევა დავასახელოთ. შერჩევის ამგვარი მეთოდი, არჩეულ პირებს ლეგიტიმაციას არა მხოლოდ პარტიის შიგნით სძენს, არამედ სხვა პარტიებსა და ამომრჩეველს შორისაც კი.

არ შეიძლება არ ვახსენო ნაციონალური მოძრაობის მიერ 2013 წელს ჩატარებული საპრეზიდენტო პრაიმერი.

პრაიმერში მონაწილეობის მიღების უფლება საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს იმ მოქალაქეებს ჰქონდათ, რომელთა ასაკიც 35 წელი ან უფრო მეტი იყო. ამ ადამიანებს საქართველოში 5 წელი უნდა ჰქონოდათ გატარებული და არჩევნების დანიშვნიდან ბოლო 3 წლის განმვლობაში საქართველოში ეცხოვრათ. ასევე მათ ინტერნეტკენჭისყრაც ჩაატარეს, რომელშიც მონაწილეობის მიღების უფლება 18 წლის ასაკიდან იყო შესაძლებელი. საბოლოო ჯამში პრაიმერში, საკმაოდ ცნობილმა პიროვნებამ, უკვე ყოფილმა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა.

ქართული ოცნების საპარლამენტო სიის შედგენის პროცესსაც შეუძლია ჩვენი ყურადღების მიქცევა. ამბობდნენ, რომ სიებს მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი ადგენდა, მაგრამ მანანა კობახიძემ (პარტიის თავმჯდომარე 2012 წლიდან) თავის ინტერვიუში ეს არც თუ ისე მკაცრად უარყო. ამავე ინტერვიუდან შეგვიძლია გავიგოთ, რომ მანანა კობახიძე პარტიული საქმიანობისათვის ვერ იცლიდა და პარტიის სიის შედგენაში, მონაწილეობას „სამი ადამიანი“, კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე და გიორგი კვირიკაშვილი იღებდა.

დასასრულს მსურს ვთქვა, რომ შიდაპარტიული დემოკრატია იმასაც გულისხმობს, რომ პარტიის შიგნით არსებულ ჯგუფებს აზრთა გამოხატვის თავისუფლება ჰქონდეთ ისე, რომ პარტიამ ამ აზრის თავიდან აცილება არ სცადოს, მიუხედავად იმისა, რომ აზრთა შორის განსხვავება და კონფლიქტები, ამომრჩევლისათვის სისუსტესთან, ნაკლებ ნდობასა და ერთსულოვნების ნაკლებობასთან იგივდება. შესაძლოა აზრთა სხვადასხვაობა სიძლიერის ნიშნადაც აღვიქვად. ცალსახაა, რომ შიდა კონფლიქტები „პოლიტიკის გაწვრთნაში“ იღებენ მონაწილეობას, აბა „მარტო ბუნება რას იზამს, თუ წვრთნამაც არ უშველა“...

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG