Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული პროპაგანდა


ავტორი: გურამ საყვარელიძე

საქართველოდან მომავალი მუდმივი ტრეფიკი იმ საიტებზე, რომლებზეც რუსული პროპაგანდა ვრცელდება (მაგ. Geworld, Sputnik-Georgia), პრო-რუსული პოლიტიკური პარტიების და პირების აქტუალურობის ზრდა და სხვა ფაქტები მეტყველებენ იმაზე, რომ რუსული პროპაგანდის ქსელის კვანძები საქართველოში საინფორმაციო დინების წარმატებულ გამტარებად რჩებიან. ასეთი კვანძების ლეგიტიმაცია საზოგადოების ნაწილის მიერ თავად ინდივიდებსაც კვანძებად აქცევს. როდესაც ქსელი ზრდის საინფორმაციო დინების გამტარების რაოდენობას, მისი ძალა - სოციალური პირის საკუთარი ნების, ინტერესების და პოლიტიკის სასარგებლოდ სხვა სოციალურ პირ(ებ)ზე ასიმეტრიული ზეგავლენის მოხდენის ურთიერთობლივი შესაძლებლობა - იზრდება. ძალის ამგვარი აღწერა მანუელ კასტელსს აქვს გაკეთებული. ასევე, მანუელ კასტელსი ქსელის ძალას ოთხ კატეგორიად ყოფს:

  1. ნეთვორქინგის ძალა - ძალა რომელიც განსაზღვრავს, თუ ვინ იქნება ქსელის წევრი და ვინ არა.
  2. ქსელის ძალა - ქსელის კომუნიკაციის პროტოკოლის ძალა.
  3. ნეთვორქირებული ძალა - ქსელში არსებული ზოგიერთი კვანძის ძალა სხვა კვანძებთან მიმართებაში.
  4. ქსელის შემქნის ძალა.

რუსული პროპაგანდის ქსელის ძალაც ამ ოთხი კატეგორიის ქვეშ ექცევა. არ ვაპირებ იმის მტკიცებას, რომ რუსული პროპაგანდა საქართველოს ინტერესების დასაცავად არ კეთდება. არც იმაზე საუბარს დავიწყებ, რომ კრემლი საინფორმაციო ომებით ადამიანებზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობს. ვთვლი, რომ საჭიროა იყოს დისკურსი რუსულ პროპაგანდაზე, როგორც ქსელზე; საჭიროა ყველამ იცოდეს თუ როგორ მუშაობს ეს ქსელი, იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს პროპაგანდაზე ეფექტური რეაგირება. კასტელსის ქსელური საზოგადოების თეორია, კარგი ანალიტიკური ჩარჩოა ამგვარი დისკურსის წარმოებისთვის.

ქსელის შექმნის და ნეთვორქინგის ძალები

იმას, თუ ვინ იქნება რუსული პროპაგანდის ქსელის წევრი და, ზოგადად, იქნება თუ არა ასეთი ან სხვა სახის პროპაგანდის ქსელი, განსაზღვრავს კრემლი, რომელიც ფლობს Rossiya Segodnya-ს და მის სხვა საერთაშორისო კვანძებს, როგორებიცაა Voice of Russia, Ria Novosti, და Sputnik. შესაბამისად, ამ საინფორმაციო ქსელის შექმნის და ნეთვორქინგის ყველაზე მეტი ძალა კრემლს აქვს. შემდეგ, ძალა ნაწილდება ისეთ კვანძებზე, რომლებიც წყაროებად მოევლინებიან უფრო მცირე კვანძებს (მაგ. Rossiya Segodnya უფრო ძლიერი კვანძია, ვიდრე Ria Novosti, რომელიც უფრო ძლიერია, ვიდრე Sputnik-Georgia).

ქსელის და ნეთვორქირებული ძალები

რუსეთის პროპაგანდის ქსელში არსებული ინფორმაცია, რომელსაც ქსელის კვანძები ატარებენ, მოიცავს შემდეგ ფორმატს:

1) “ანტი-ფაქტორი” (დასავლეთი კულტურას გვართმევს და საქართველოს კოლონიზაციას ეწევა) და/ან “პრო-ფაქტორი” (მაგ. ტკბილი და სანუკვარი წარსული, მკაცრი და ძლიერი პუტინი)

2) ლეგიტიმური აზრის მქონე პიროვნებები (მაგ. პუტინმა გააკრიტიკა, პროფესორი X თვლის, რომ რუსეთთან ურთიერთობაა აღსადგენია, ა.შ., ეს მნიშვნელოვანი ფიგურა ტკბილ წარსულს იხსენებს ...),ან ავტორები (რომლებიც ხშირად ჩარჩოების რეიტერაციას და რატიფიკაციას აკეთებენ), 3) “სანდო” წყაროები (მაგ. რია ნოვოსტი, ან Russia Today).

ის კვანძები, რომლებიც ამ “წესდებებს,” ან პროტოკოლს, ატარებენ საქართველოში, შესაძლოა მიჩნეულნი იყვნენ რუსეთის პროპაგანდის ქსელის კვანძებად. ამგვარად, ქსელის ძალის გამოყენება ხდება კონკრეტული “პროტოკოლის” მეშვეობით. თუ რომელიმე კვანძი ამ წესებს აღარ ემორჩილება, ის ავტომატურად ვარდება ქსელიდან და კარგავს “ლეგიტიმურობას.”

“სანდო” წყაროები (მაგ. Tass.ru, rt.ru, ria.ru), ქსელის ძალის გარდა, ნეთვორქირებული ძალითაც სარგებლობენ. მათ აქვთ საშუალება პატარა კვანძებთან შედარებით უფრო დიდი საინფორმაციო დინება გაატარონ და მათზე ზეგავლენა მოახდინონ.

რუსული პროპაგანდის ქსელი მრავალწახნაგოვანი ფენომენია. ეს მოკლე მიმოხილვა, რათქმაუნდა, ამ ქსელის მხოლოდ ერთ ნაწილზეა კონცენტრირებული. ფაქტია, რომ რუსული პროპაგანდა არსებობს. პრობლემატურია ის, რომ ამ სისტემის მეშვეობით შესაძლებელია გავრცელდეს ნარატივი, რომელიც საბჭოთა კავშირისადმი ნოსტალგიის, ინტერესის ან მოწონების აღძვრას და ანტი-დასავლურ სენტიმენტებს მოიცავს. პრობლემატურია, რადგან როდესაც მკითხველი ასეთ ნარატივს ეცნობა და აღიქვამს, იზრდება იმის შანსი, რომ ის კრემლის პროპაგანდის ქსელის კვანძად თავად გადაიქცეს. ამიტომ, საჭიროა იყოს დისკურსი იმაზე, თუ როგორ ფუნქციონირებს და იყენებს ურთიერთობლივ შესაძლებლობას რუსული პროპაგანდის ქსელი.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG