ავტორი: გვანცა ღუნაშვილი
მთელი დღე საბინაზე ( სახელი შეგნებულად შეცვლილია ) ვფიქრობდი, მერე დამესიზმრა, რომ გამათხოვეს. მე საბინა ვიყავი, გოგო, რომელიც მშობლებმა ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში თავიანთი სურვილით ვიღაც ბიჭზე დანიშნეს. საბინასთვის არაფერი უკითხავთ. მას არჩევანის უფლება არ ჰქონია.
გუშინ დედამ მითხრა, საბინას ქორწილი ჰქონდაო. გამიხარდა, რომ იმ კორპუსში აღარ ვცხოვრობ და არ ვნახე საბინა იმ ვიღაც ბიჭის გვერდით, რომლისთვისაც ის მხოლოდ გამრავლების საშუალება და მოსამსახურე იქნება. საბინას დედაც ასე იყო, ალბათ, დედის დედაც.
ის ყოველთვის იმ გოგოდ დარჩება ჩემს ცნობიერებაში, რომელსაც თავისუფლება უნდოდა. თუმცა საბინას ამისთვის არც უბრძოლია, რადგან დააჯერეს, რომ ასე იყო საჭირო. წესია, ადათია, ტრადიციაო.. და საბინამაც ბავშვობა მიატოვა, ქმრის მორჩილი ქალი გახდა.
არასოდეს მომწონდა სიტყვა - გათხოვება. ის ყოველთვის რაიმე ნივთის გასხვისებასთან ასოცირდებოდა ჩემთვის. ნივთებად მიჩნეული, გასხვისებული გოგოების ისტორიები, სამწუხაროდ, არაერთი მსმენია. გოგოების, რომლებსაც, პირდაპირი მნიშვნელობით, ჩამოართვეს განათლების მიღებისა და კარიერის შექმნის უფლება. გოგოების, რომლებიც მშობლების სარფიანი გარიგების მსხვერპლნი გახდნენ. გოგოების, რომლებსაც ბავშვობა არ დააცადეს.
იძულებით გათხოვილ გოგოებს აზრს არ ეკითხებიან. მათ საკუთარ თავებს ართმევენ და ასხვისებენ. ისინიც თავიანთი უფლებაშემლახველი ადათ-წესების მოსმენით გაბრუებულნი იჯერებენ, რომ მხოლოდ რეპროდუქციული ფუნქცია გააჩნიათ და მთელი ცხოვრება ქმრის მორჩილებაში უნდა გაატარონ. მნიშვნელობა არ აქვს ქმარი მოძალადეა თუ არა, ქალმა უნდა აიტანოს. მას ხომ პატრიარქალურმა საზოგადოებამ თმენის უმაღლესი ვალდებულება დააკისრა.
გათხოვდება და ქმარი მიხედავსო, ქალი ვიცი მე „კუხნაშიო“, ქალს ცემა უნდა თორემ კოშკს რომ ააშენებს თავის წარმოდგენაში მერე იმ კოშკს ვეღარ დაანგრევსო, თუ კაცი ქალს ურტყამს ე.ი. იმ ქალმა რაღაც დააშავა და ღირსიაო, კაცია და ეპატიებაო და ა.შ.
ზემოთჩამოთვლილი სტერეოტიპები, ალბათ, ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობია. ამ სტერეოტიპებს არაერთი ქალის სიცოცხლე შეეწირა. ზოგადი სტატისტიკის მონაცემებით, 2014 წელს 33 ასეთი ფაქტი გამოვლინდა, 2015 წელს კი 25 ასეთ შემთხვევაზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. რაც შეეხება 2016 წელს, მედიის ყურადღების ცენტრში ჯერჯერობით 6 ასეთი ფაქტი მოექცა. ყოველი ასეთი შემთხვევის შემდეგ საზოგადოება აქტიურად განიხილავს მომხდარის მიზეზ-შედეგობრივობას და მტყუან-მართლის ძიებას იწყებს. მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობას არც ერთ შემთხვევაში არ აქვს გამართლება, საზოგადოება მაინც ძალადობის მსხვერპლს, მოკლულ ქალს ადანაშაულებს, რადგან მან შესაძლოა ისეთი რამ ჩაიდინა, რამაც ქმარი შეურაცხყო. აფექტურ მდგომარეობაში მყოფმა ქმარმაც ვეღარ მოითმინა და იარაღი იშიშვლა.
ქალებზე ძალადობა მკვლელობით არ იწყება. ეს კულმინაციია. დაბადებიდან გოგოებს მიუთითებენ რა აკეთონ, როგორ ჩაიცვან, რა პროფესია აირჩიონ. ეუბნებიან, რომ სპორტის ესა თუ ის სახეობა ( მაგალითად ფეხბურთი) მათი საქმე არ არის. ეუბნებიან, რომ ქალი სუსტი არსებაა და ამქვეყნად მისი მთავარი მოვალეობა ოჯახის შექმნა და ბავშვების მოვლა-პატრონობაა და ა.შ. ასე, რომ ქალების თავისუფალი არჩევანი დაბადებიდან იზღუდება. ასეთ საზოგადოებაში მცხოვრები ქალის გამოსავალი ერთია: უნდა იბრძოლო, იბრძოლო საკუთარი და სხვა ქალების უფლებებისთვის.
...
მსოფლიოს საზოგადოებავ, შენ მე მომკალი, რადგან.. მე ის გოგო ვარ 10 ძროხაზე რომ გამცვალე. მე ის ქალი ვარ ქმარმა უნივერსიტეტში ,რომ ჩამცხრილა. მე ის ქალი ვარ 2014 წლის მაისში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩხამურში, რვა შვილის დედა ქმარმა ნაჯახით რომ მომკლა. მე ის ქალი ვარ 2014 წელს ზესტაფონში ყოფილმა ქმარმა ეჭვიანობის ნიადაგზერომ მიმსხვერპლა. მე ის გოგო ვარ, ჯერ კიდევ ორი წლის ასაკში კლიტორი რომ მომაშორეს ჩემში „ქალური ვნების დასაოკებლად“.მე ის გოგო ვარ, გუშინ ექიმმა ჩემი სქესი რომ გითხრა, შენ კი გადაწყვიტე არ დავბადებულიყავი. აბა რათ გინდოდა რიგით მეხუთე „ტყუილადმჭამელი“ გოგო.
...
ქართულ „ტრადიციულ“ სუფრაზე მყოფი არაერთხელ გავმხდარვარ ადრესატი იმ ბრტყელ-ბრტყელი სადღეგრძელოებისა, რომელშიც კარგ დიასახლისობასა და გათხოვებას მისურვებენ ხოლმე. სადღეგრძელოს დასასრულს კი ცოლს ბოლო ხმაზე უყვირიან სუფრას ხაჭაპური შემოაკლდა და დროზე ჩაამატე ქალოო..
ჰოდა, ნუ დალევთ ჩემს ( ქალების) სადღეგრძელოს, სანამ გეგონებათ, რომ ახალ წელსა თუ სხვა დღესასწაულებზე ფქვილში ამოსვრილმა თქვენს ( კაცების ) გასაძღომად ქანცი უნდა გავიწყვიტო. ნუ მადღეგრძელებთ იქამდე, სანამ ჩემი ( ქალების ) უფლებების შელახვას არ მოეშვებით და ნურც თქვენ მოიხდით ქალებო გაუაზრებელ მადლობას იქამდე, სანამ არ გაითავისებთ, რომ გაქვთ უფლება გეკუთვნოდეთ საკუთარი თავები.