Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნუ დაუტევებთ გზასა ბერძენთასა“


ავტორი: ჯაბა თებიძე

საქართველოს ევროპული პერსპექტივები

საქართველოს ხელისუფალთ და საზოგადოებას საუკუნეების განმავლობაში უწევდა ქვეყნის პოლიტიკური ორიენტაციის საკითხის განსაზღვრა და ფიქრი, თუ რა გზაზე უნდა დამდგარიყო ქვეყანა და რა არის განვითარების ბუნებრივი გზა გამომდინარე მისი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან. საქართველოს და ქართული საზოგადოების არჩევანი ყოველთვის იყო დასავლური, თუმცა ჩვენი ქვეყნის ბედ-უკუღმართობისა და გაუთავებელი ომიანობის გამო ხშირად არჩევანს მოკლებული ვიყავით. ქართლის მეფე ვახტანგ გორგასალი ანდერძად ტოვებს შემდეგ მოწოდებას - „ნუ დაუტევებთ გზასა ბერძენთასა“. საუკუნეები გადიოდა და საქართველო შეძლებისდაგვარად იდგა დასავლურ გზაზე, რისი დასტურიც მრავლად მოიპოვება ქართლის ცხოვრებაში. ქართული სამართლებრივი წყაროები როგორებიც გახლავთ : გარიგება ხელმწიფისა კარისა, დასტურლამალი, ბაგრატ კურაპალატის სამართლის წიგნი, ძეგლის დება გიორგი ბრწყინვალისა, ბექა-აღბუღას სამართლის წიგნი, ვახტანგ მეექვსის სამართლის წიგნი და სხვა მრავალი, მათივე თანამედროვე, სხვადასხვა სახელმწიფოში დამკვიდრებული სამართლის ნორმებისაგან განსხვავებით, გაცილებით დემოკრატიული და ჰუმანური იყო.

დავუბრუნდეთ ჩვენს თანამედროვეობას. ევროპის კავშირმა საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა 1992 წელს. საგულისხმოა, რომ საქართველო 1995 წლიდან სარგებლობს ევროკავშირის სავაჭრო პრეფერენციათა განზოგადებული სისტემით, რაც საქართველო-ევროკავშირის ეკონომიკური ურთიერთობისათვის ძალზედ მნიშვნელოვანი იყო, არსებული სისტემით საქართველომ მიიღო მთელი რიგი დახმარებები ევროპის კავშირისაგან, როგორც ფინანსური ისე ინსტიტუციური, ქართული ეკონომიკის წახალისებისა და რიგი რეფორმების გატარების მიზნით. 1996 წელის 22 აპრილს კი საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის ლუქსემბურგში ფორმდება ე.წ პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება, რითაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის შემდგომი სამართლებრივი და ეკონომიკური ჩარჩო განისაზღვრა. პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების ძირითად მიზნებს წარმოადგენდა: ვაჭრობისა და ინვესტიციების წახალისება, დემოკრატიული მმართველობის გაძლიერება, კონკურენციის სფეროში საქართველოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის ვალდებულება, პოლიტიკური დიალოგისთვის სათანადო ჩარჩოს შემუშავება. არსებული შეთანხმებით ქართული წარმოების პროდუქტი დაშვებულ იქნა ევროპულ ბაზარზე სარეალიზაციოდ,თუმცა მოქმედებდა რაოდენობრივი შეზღუდვა მთელ რიგ პროდუქტზე. უნდა აღნიშნოს რომ ევროპის კავშირთან დაახლოვება საკანონმდებლო ჰარმონიზაციისა და სამართლებრივი სისტემის რეფორმირების გარეშე წარმოუდგენელია. 1997 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო №828 დადგენილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს პარლამენტის ყველა საკანონმდებლო აქტი უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირის სტანდარტებსა და ნორმებს, ანუ საქართველომ დაიწყო საკუთარი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან.

2003 წელს ევროპის კავშირის თავის სპეციალურ წარმომადგენელს ნიშნავს სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ხოლო 2004 წლიდან საქართველო, ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს( Council of the EU) გადაწყვეტილებით ხდება ევროპის სამეზობლო პოლიტიკის მონაწილე. საქართველოს რეალური ევროპული პერსპექტივები გაიხსნა 2008 წელს ე.წ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატის ამოქმედებით, რომელიც მიზნად ისახავდა ევროკავშირის აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნებთან ურთიერთთანამშრომლობის გააქტიურებას. აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი სამიტი გაიმართა ჩეხეთის რესპუბლიკაში, ქ. პრაღაში.

არსებული პარტნიორობა საშუალებას იძლეოდა გამოყენებულიყო ევროპის კავშირის მთელი რიგი ფინანსური, სამართლებრივი, საგანმანათლებლო, სარეკომენდაციო ინსტრუმენტები საქართველოში ინსტიტუციური დემოკრატიის განვითარება-გაძლიერებისათვის. არსებული პარტნიორობის საფუძველზე 2009 წელს ხელი მოეწერა „პარტნიორობა მობილურობისათვის“ დეკლარაციას, რომლის მიზანი გახლდათ არალეგალური მიგრაციის აღმოფხვრა და მოქმედი საიმიგრაციო სისტემის მოწესრიგება. 2010 წელს ევროკომისიის დადებით გადაწყვეტილების იგივე პოზიტიური გადაწყვეტილების საფუძველზე, ზოგად საკითხთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებები დაეწყო. იმავე წელს ხელი მოეწერა ვიზის გაცემის პროცედურების გამარტივების შესახებ შეთანხმებას. ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობის ერთობ მნიშვნელოვანი თარიღი გახლავთ 2013 წლის 29 ნოემბერი როდესაც საქართველომ და მეორე მხრივ ევროპის კავშირმა მოახდინეს ასოცირების შესახებ შეთანხმების ტექსტის ე.წ პარაფირება ანუ ხელმოსაწერი დოკუმენტის ტექსტის დადასტურება მხარეთა წარმომადგენლების ხელმოწერებით, რომელიც დაგვირგვინდა 2014 წლის 27 ივნისის, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერით ქ. ბრიუსელში. შეთანხმების სრული ამოქმედებისათვის საჭირო იყო ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ეროვნული პარლამენტების მიერ შეთანხმების რატიფიცირება, რომელიც დასრულდა 2015 წლის დეკემბრის თვეში და 2016 წლის 1 ივლისს შეთანხმება სრულიად შევიდა ძალაში.

ბუნებრივია ეს უაღრესად პოზიტიური მოვლენაა ქართულ სინამდვილეში და მნიშვნელოვანი წყარო მთელი რიგი რესურსებისა, ევროკავშირის ფინანსური თუ ინსტიტუციური ინსტრუმენტების სახით, რომელთა ჯეროვანი და ეფექტური გამოყენების შედეგად გარდაუვალი იქნება ინსტიტუციური დემოკრატიის განმტკიცება და ინდივიდების უფლება-თავისუფლებების მაღალი სტანდარტებით უზრუნველყოფა. შეთანხმება საშუალებას აძლევს სამოქალაქო საზოგადოებას მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო უწყებების რეფორმირების პროცესში რეკომენდაციების შემუშავების კუთხით და მათი აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფით სხვადასხვა ფორუმებსა თუ უწყებათაშორის კომისიებში, რაც გაზრდის სამოქალაქო ხმას ხელისუფლების დონეზე.

საქართველოს ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობა ნაკლებ რეალურ შანსებს თუ იძლევა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისა. ევროკავშირის წევრი სახელწიფოები ვალდებულები არიან რიგი შენატანები შეიტანონ კავშირის ბიუჯეტში და გაიღონ კვოტირებული წილები ეროვნული ბიუჯეტებიდან ევროპული ინსტიტუტების ფუნქციონირებისათვის საჭირო დაფინანსების მიზნით.საგულისხმოა ასევე ე.წ კოპენჰაგენის კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილება და უზრუნველყოფა უაღრესად მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრობისათვის, რეალურად ეს კრიტერიუმები გახლავთ ფუნდამენტური პრინციპები წევრობისათვის, ესენია: 1) დემოკრატიის მაღალი სტანდარტებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების სტაბილურობის უზრუნველყოფა, უმცირესობათა უფლებების დაცვა 2) წევრობისათვის საჭირო ვალდებულებების შესრულებისათვის მზაობა, როგორც ფინანსური ისე ინსტიტუციური და პოლიტიკური კუთხით, ევროკავშირის სამართლის ნორმების იმპლემენტაციის შესაძლებლობა 3) ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკის სტანდარტები და კონკურენციის მაღალი სტანდარდების უზრუნველყოფა.

დასაწყისშივე ნახსენები დიდი ქართველი მეფის ვახტანგ გორგასლის ანდერძი ეტაპობრივად სრულდება, თუმცა მოქმედი ძალისხმევით საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ჩამორჩება რეალურ შესაძლებლობებს რომელიც გახსნილია ევროკავშირის მხრიდან და მათი ეფექტური გამოყენებით გაცილებით დაჩქარდება ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია. ამისათვის კი საჭიროა: გამოცდილების გაზიარების კუთხით გაღრმავდეს ურთიერთობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და აქტიური თანამშრომლობა დაიწყოს საქართველოს გაწევრიანების მხარდამჭერ სახელმწიფოებთან ევროპის კავშირში; გაძლიერდეს და დაჩქარდეს შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულება; გააქტიურდეს ქართული მხარის ურთიერთობა ევროპული ინსტიტუტების დონეზე და პოლიტიკურ ჯგუფებთან მჭიდრო თანამშრომლობით მოიპოვოს მათი აქტიური მხარდაჭერა.

ბიბლიოგრაფია:

  1. EU Decision-making process. By Vlasta Kunova, Lucia Mokra. 2007 Bratislava, Comenius University Bratislava. 165-187 pg
  2. Good governance in Europe’s Integrated market. By Christian Joegres, Renaud Dehousse. Academy of European Laaw. 2008, Oxford University press, 35-64 pg.
  3. ქართული სამართლის ისტორია, წიგნი პირველი, ტფილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1928 წელი. ივანე ჯავახიშვილი.
  4. საქართველო ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმება. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 200/42 . 27/06/2014.
  5. ქართლის ცხოვრება. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, გამომცემლობა არტანუჯი, 2014 წ.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG