Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ გვიყვარს თოვლი თანამედროვე ‘თერგდალეულ’ სტუდენტებს?


ავტორი: მარიამ პირველი

გარეთ ცივა, მგონი -7 გრადუსია (ყოველშემთხვევაში ჩემს გაყინულ თითებს ასე ეჩვენებათ)

რომელიღაც ინტერნეტ პორტალზე წავიკითხე: პრაღის ისტორიაში პირველად შეწყდა ტრამვაის მოძრაობა ქალაქში ტემპერატურის ვარდნის გამოო, არადა ლექცია მაქვს საღამოს 7ის ნახევარზე და 10ის ნახევრამდე უნივერსიტეტში უნდა ვიყო, რომ წარმოვიდგენ როგორ უნდა გადმოვიარო გაყინული ‘ჩარლზის’ ხიდი ნელი ნაბიჯებით ფეხი რომ არ ამიცურდეს და ‘კისერი არ მოვიტეხო’ ყველაზე უჟმური ადამიანი ვხდები როგორც მინიმუმ ჩემს ქუჩაზე. თუმცა, გამოსავალს ვპოულობ და მამას ვწერ ‘საჩივრით’ მამაც არ აყოვნებს და მეუბნება: ‘მაა, ცოდო ხარ ტაქსით წადი’ რათქმაუნდა უარს ვამბობ, თბილისში ხომ არ ვარ, აქ თითოეული ‘კრონი’ გათვლილი და გადანაწილებულია, იმის ფუფუნება სტუდენტებს უმეტეს შემთხვევაში არ გვაქვს, რომ თვიური ბიუჯეტი ‘ტაქსებით’ სიარულს მოვახმაროთ.

რაც არ უნდა იყოს მე მაინც სხვანაირად მიყვარს თოვლის მოსვლა პრაღაში, მიყვარს იმიტომ რომ ულამაზესია ‘ჩარლზის ხიდი’ და არა მარტო, მიყვარს იმიტომ რომ მარტო სახე მიჩანს და ცხვირზე დაცემული ფანთელები ღიმილს მგვრის, მაფოროაქებს და მახსენებსხ, რომ რამდენიმე დღეში ახალი წელი მოვა, რაც იმას ნიშნავს რომ გადმოვიღებ კარადის თავზე შემოდებულ ჩემოდანს, ჩავალაგებ თბილ ტანსაცმელს, უბრალო მაგრამ გულით ნაყიდ საჩუქრებს, გავაგორებ ჩემს ჩემოდანს ’22-ის გაჩერებამდე’ მერე მეტრომდე მერე ისევ ტრამვაის გაჩერებამდე და მივალ ასე აერეპორტში, სადაც ყველაზე მძაფრად ვგრძნობ როგორ მომნატრებია თბილისი, სადაც მართალია ‘ჩარლზის ხიდი არაა’ მაგრამ ‘ნარიყალა’ ხომ არის არა?! მერე ფიქრები გადაწვდებათ ადამიანებს, რომლებიც სავარაუდოდ ფორიაქობენ, ერთმანეთს ურეკავენ, ახსენებენ რომ ამ საღამოს ჩავფრინდები და ნელ-ნელა ემზადებიან აეროპორტში წასასვლელად.

ამასობაში ჩემი რეისი სტამბულში ჩაფრინდა და ჩემი გულის ‘ბაგა-ბუგი’ ყურებს მიყრუებს, მიუხედავად იმისა, რომ სულ 4 თვეა რაც წამოვედი და ეს 4 თვეც ძალიან მალე გავიდა ასე მგონია თითოეული დღე მაინც სხვანაირად განატრებს ყველასა და ყველაფერს რისგანაც და ვისგანაც შორს ხარ ფიზიკურად, მაგრამ ფიქრებში სულ მათთან გინდა იყო, მათი ამბები გაინტერესებს, განერვიულებს და გახარებს..

მე სხვანაირად მიყვარს თოვლის მოსვლა პრაღაში და იცი კიდევ რატომ? ამ დროს ყველაზე კარგად ვგრძნობ რის ფასად უჯდებათ ჩემი ოჯახის წევრებსა და არა მარტო ჩემიანებს, ყველას ვინც გარისკა და შვილი საზღვარგარეთ გაუშვა. ალბათ გარეშე თვალისთვის რამდნად მარტივია არა ყველაფერი? მე ბევრჯერ მომისმენია სიტყვები ‘რა გენაღვლება შენ კი ხარ დალაგებულ ქვეყანაში’ და კიდევ ამისთანა ბევრი...

ჩვენ რომ აქ ვიყოთ, ისინი ბევრს იკლებენ (ყველააზე არ ვრცელდება რა თქმაუნდა) ჩვენ რომ აქ ვიყოთ ისინი უძლებენ მონატრებას და ჩვენც მათთან ერთად, ჩვენ რომ აქ ვართ სამეცადინო რომც არ გვქონდს მაინც გვაწუხებს ‘სინდისი’ და ვდგებით მაშინ, როცა გარეთ ჯერ კიდევ ‘უკუნითია’, იმიტომ რომ მაშინვე როგორც კი თვალს ვახელთ გვახსენდება ათასობით დაშორებული კილომეტრიც სახლიდან, იმისთვის, რომ გვერგო აქ ყოფნის ‘ფუფუნება’. ჩვენ რომ აქ ვიყოთ, ვითვლით თითოეულ ‘კრონს’, თუ რამდნი უნდა დავხარჯოთ ‘ჭამაზე’ ‘კომუნალურ გადასახადებზე’ და ასე შემდეგ.. ჩვენ რომ აქ ვიყოთ, შორს სახლიდან, ოჯახისგან, მეგობრებისგან და გაცილებით ნაკლები პასუხისმგებლობებისგან არც იმდენად მარტივია, როგორიც იმ ადამიანების წარმოსახვაში ვინც ამბობს ‘ თქვენ რა ეგნაღვლებათ კი ხართ დალაგებულ ქვეყანაშიო’...

რაღაც ისე გამოდის, რომ არც ‘აქაურობას ვეკუთვნით’ სადაც ვართ რადგან ეს არაა ჩვენი ‘სამშობლო’ და არც ‘იქაურობას’ საიდანაც ვართ, რადგან ის ვუარყავით და სხვაგან წასვლა ვამჯობინეთ, ჩვენ ალბათ უფრო მომავალს ვეკუთვნით, რომელსაც ადამიანები იმედის თვალითა და ოცნებებით უყურებენ, რომლის გამოც ვართ იქ, სადაც ვართ!

ხვალ დილით გავიღვიძებ 7-ზე, წავალ უნივერსიტეტში დავწერ გამოცდას, რომელზეც ბოლო ერთი თვეა ვნერვიულობ, მერე გადავხედავ ყველა საბუთს, რამე ხომ არ მრჩება უყურადღებოდ, მერე დავალაგებთ სახლს მე და ჩემი ‘რუმმეითები’ რომელიმე კი სადილს მოამზადებს (სადილზე გამახსენდა, გუშინ ვიყავით პროდიქტების საყიდლად, ბრინჯი გვჭირდებოდა მაგრამ ვიცოდით, რომ ცოტა იყო დარჩენილი სახლში, თან რამდენიმე დღეში მივდივართ, ამიტომ გადავწყვითეთ იაფიანი ბრინჯი გვეყიდა და გამოვედით 14 კრონად, რაც ერთი ალრია დაახლოებით და ბევრი ვიცინეთ მერე ამაზე) მერე მოვემზადებით სახლის პატრონთან შესახვედრად ქირა, რომ გადავუხადოთ, მერე კიდევ ერთხელ გადავავლებთ თვალს ჩვენს ბიუჯეტს და თუ ‘გვილხინს’ ხომ კარგი და შევჭამთ სადმე ნამცხვარს თუ არადა ჩავირბენთ უცებ მაღაზიაში და ამოვიტანთ ‘მილკას’ შოკოლადს..

მერე ყველა თავის კუთხეში მოკალათდება შოკოლადითა და ცხელი ჩაით ან ყავით, ზოგი იმეცადინებს, ზოგი ფილმს უყურებს, ზოგი წიგნს წაიკითხავს ზოგი კი ‘სკაიპით’ დაელაპარაკება მშობლებს და მეგობრებს.. მერე დავიძინებთ. მეორე დილით, 7 საათზე ჩემი მაღვიძარა, რეკავს, მინდა გავთიშო მოვისროლო და ძილი გავაგრძელო, აქ ხომ არავინაა და სულაც შემიძლია არ წავიდე ლექციაზე, რა იქნება არ წავიდე ამ სიცივეში ჰა? მაგრამ რათქმაუნდა სადღაც ღრმად ჩაბუდებული ‘სინდისი’ წამომაგდებს უცებ, გამომიყვანს სამზარეულოში, რომ ავადუღო ყავა დიდი ჭიქით და თვალების ფშვნეტისა და დილის სიცივის უსიამოვნო გრძნობისგან აკანკალებული ფანჯარას მიახლოვებული ვხედავ გარეთ თოვს და დილის 7 საათზეც კი, გამოცდის წინ ყველაზე ბედნიერი ვარ, თამამად შემიძლია ვთქვა როგორც მინიმუმ ჩემს ქუჩაზე მაინც! რატომ? იმიტომ, რომ გათოვდა გესმის? რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან მალე აფორიაქებული მე აეროპორტისკენ გავემართები, ჩემი ჩასვლით გახარებული ‘ჩემიანები’ კი ერთმანეთს ‘ფეხებში მოებლანდებიან’ იმ ქალაქის აეროპორტში დასახვედრად, სადაც მართალია ‘ჩარლზის ხიდი არაა მაგრამ ნარიყალა ხომ არის არა?!

პრაღა, დეკემბერი...

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG