ავტორი: მათე მუმლაძე
პარტიები დემოკრატიული სისტემის განუყოფელი ნაწილია. მეტიც, სხვადასხვა პარტიები განსხვავებული იდეოლოგიური პლატფორმით, მრავალფეროვნებას ქმნიან. განვითარებულ საზოგადოებებში ყველა აღიარებს პლურალიზმის აუცილებლობას, რაც ასევე დემოკრატიის განვითარების აუცილებელი პირობაა ქვეყანაში. ისინი ხშირად მმართველ ინსტიტუტებადაც კი იწოდებიან ხოლმე- მონაწილეობენ არჩევნებში და საშუალებას აძლევენ ხალხს განახორციელონ თავინთი პოლიტიკური უფლება და ჩართონ ქვეყნის მართვაში. მოსახლეობის განსხვავაებული ფენების ჩართვამ პოლიტიკაში, მსხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც, თანდათანობით გამოიწვია მასობრივი პარტიების გაჩენა, რომლებიც ცდილობდნენ სხვადასხვა მასის, იქნებოდნენ ესენი გლეხები თუ მუშები, ინტერესების გამოხატვას და მათ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვას. აღნიშნულიც დემოკრატიული განვითარების პროცესის ნაწილი გახლდათ.
როდესაც ვსაუბრობთ პარტიების დანიშნულებაზე, უნდა ვიგულისხმოთ არამარტო ის, თუ რას ახორციელებენ პარტიები, არამედ ისიც თუ რა მოლოდინები და შეფასებები აქვთ მათი საქმიანობის მიმართ. ყველა ეს საკითხი მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან. პირველ შემთხვევაში ისინი მოქმედებენ საზოგადოებაში, მეორე შემთხვევაში კი გადაწყვეტილების მიღებაზე ახდენენ გავლენას.
ქართული პოლიტიკური პარტიები საზოგადოებასთან ერთად განიცდიან ცვლილებებს და ჯერ კიდეც არ დასრულებულა მათი საბოლოო ჩამოყალიბება. საბჭოთა კავშირის შემდეგ ტრნასფორმაცია შეუქცევადი პროცესი აღმოჩნდა სოციო-ეკონომიკური განვითარების ფონზე. ტოტალიტარული ფესვების მქონე ჩვენი ქვეყანა არ აღმოჩნდა გამონაკლისი და პოსტ-ტოტალიტარული გადმონაშთების მიუხედავად, საზოგადოება ცდილობს ემანსიპირდეს ძველი აზროვნებიდან, დაამკვიდროს ახალი ღირებულებები და გზა მისცეს განვითარებას. თაობები იცვლება და მათი სოციალიზაციაც განსხვავებულ გარემოში ხორციელდება. ყოველივე ეს ვრცელდება პოლიტიკურ სისტემაზეც და რა თქმა უნდა ეხება პოლიტიკურ პარტიებსაც.
იმისათვის, რომ პარტიამ იფუნქციონიროს და აკეთებდეს დაახლოებით განაცხადს თუ რა ძირითად ღირებულებებს ეყრდნობა, რა განსაზღვრავს მათ დამოკიდებულებებს სხვადასხვა საკითხის მიმართ- ჭირდებათ იდეოლოგიური პლატფორმა, რაც რა თქმა უნდა მომდინარეობს კონკრეტული იდეოლოგიიდან. საქართველოს მაგალითზე ვხვდებით როგორც მემარცხენე, ასევე მემარჯვენე პარტიებს, რომელთაც ახასიათებთ იდეოლოგიური აღრევა, რაც გულისხმობს იმას რომ ხშირად საქმე გვაქვს პარტიის მიერ ისეთი მიმართულების დაჭერასთან, რაც იდეოლოგიურ პლატფომას ეწინააღმდეგება და უფრო მეტად მორგებულია ხოლმე კონკრეტულ სიტუაციას. ეს სხვადასხვა მიზეზით შეიძლება აიხსნას, მაგალითად ხშირად პარტია ერგება მოსახლეობის მოთხოვნებს და იდეოლოგიურ პლატფორმას არ ითვალისწინებს. ახალ-ახალი პრობლემის წამოჭრისას მათ შესაძლოა ურთიერთგამომრიცხავი განაცხადებიც გააკეთონ. პარტიების იდეოლოგიურ ღირებულებათა ნაწილი ხშირად ფორმალურ დონეზეა წარმოდგენილი. აღნიშნული პრობლემა წინასაარჩევნო პროცესშიც შეინიშნება ხოლმე, ნაწილი პარტიების წინასაარჩევნო პროგრამა არ პასუხობს იდეოლოგიურ პლატფორმას და პრიორიტეტები არასწორად არის ხოლმე დალაგებული. ასევე, შეინიშნება ისიც, რომ პროგრამები ძალიან ჰგავს ერთმანეთს და მკვეთრი განსხვავების პოვნა ჭირს. აქ ისევ ერთ ძირითად მიზეზამდე მივდივართ- პოლიტიკური პარტიები ერგებიან მოსახლეობის ძირითად მოთხოვნებს და იმაზე არიან ორიენტირებულნი, რაც ყველაზე მგრძნობიარე თემაა ხალხისთვის. ამ ყველაფერს ემატება მოსახლეობის სამოქალაქო განათლების დაბალი დონე, რაც იმის წინაპირობას ქმნის, რომ ამომრჩეველს ნაკლებად უჩნდება კითხვა პარტიების იდეოლოგიური პლატფორმის და მათ ქცევას შორის შეუაბამსობასთან.