Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დიდოუ ნანამ“ რა ჰქმნა..?!


ავტორი: მეგი ბენია

22 წლის ვარ და საერთოდ, ჩემს თაობაში იშვიათად შეგხვდებათ ადამიანი, რომელსაც ეამაყება რომ ის მეგრელია, არ მალავას თავის წარმომავლობას, მითუმეტეს თუ აფხაზეთიდანაა (ამ შემთხვევაში, სირცხვილის მიზეზი ტერმინი „დევნილია“, თითქოს ეს ადამიანია დამნაშავე იმაში, რომ მისი მშობლები და უფროსი თაობა დედაბუდიანად მოაცილეს მშობლიურ კერას) და ისეთს ვისაც გაცნობიერებული აქვს „მე ვარ მეგრელი, მაშასადამე მე ვარ ქართველი“. ხშირდ გაიგებ ასეთ ფრაზებს: „კი მე მეგრული გვარი მაქვს, მაგრამ ჩემი მშობლები არიან სამგრელოდან/აფხაზეთიდან, მე არა“.მესმის ის საკითხი, რომ ადამიანს შეუძლია ის იდენტობა ჰქონდეს, რომელიც მას სურს და საერთოდ იდენტიფიცირებას ახდენდეს იმ გარემოსთან, სადაც გაიზარდა, უბრალოდ პრობლემა სხვა რამე მგონია.

ქართულ საზოგადოებას აქვს გარკვეულწილად დისკრიმინაციული დამოკიდებულება სხვადასხვა უმცირესობების მიმართ, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და მათ შორის,რა თქმა უნდა,მეგრელების მიმართ.

კარგად მახსოვს, როდესაც მეცხრე თუ მეათე კლასში ვიყავი, რუსეთიდან დაბრუნებული როგორი აღტაცებული ვიყავი, რომ როგორც იქნა დავუბრუნდი სამშობლოს, აქ აღარავინ შემავიწროვებს და პეტერბურგში ჩვევად ქცეული ყოველდღიური ბრძოლა ქართველობისთვის ადგილობრივი ნაციზმის წინააღმდეგ, წარსულ ჩაბარდებოდა.

სამწუხაროდ, ასე არ აღმოჩნდა და თბილისში განსხვავებული სურათი დამხვდა. უცებ აღმოვჩნდი უცხო ჩემსავე სამშობლოში. მუდმივი ქილიკი, დაცინვა, აბუჩად აგდება მეგრელების, ყველაფერი მეგრულის. ამან ჩემზე დიდი გავლენა იქონია, პირველ რიგში იმ თვალსაზრისით რომ ყველაფერი მეგრული და შემდგომ ქართული შემძულდა, რაღაც დონით ჩემი წარმომავლობისაც მრცხვენოდა და მეგრულად საუბარს ვთაკილობდი.

ცხადი იყო, რომ ასე ვერ გაგრძელდებოდა და უნდა მომხდარიყო რაიმე ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც გადაატრიალებდა ჩემს აზროვნებას და ეს ასეც მოხდა.

საერთოდ, ძალიან მიყვარს ისტორია და დოკუმენტური ფილმების ყურება ისტორიულ თემატიკაზე დღემდე ჩემი ჰობია. არასოდეს ვუშვებ შანს რაიმე საინტერესოს ვუყურო და ეს ჩემი გატაცება ღრმა ბავშვობიდან იღებს სათავეს.

ამიტომ, როდესაც დაანონსდა გიორგი კალანდიას გადაცემათა ციკლი „ჩვენებურები“, მოუთმენლად ველოდებოდი თითოეულ სერიას. იმ დროს ვიცოდი, რომ არსებობდნენ ფერეიდნელი ქართველები სადღაც შორეულ ირანში, ქართველთა ჯგუფი თურქეთში. ასევე ცოტა რამ ვიცოდი ლაზებზე, ჩემი იდმროინდელი წარმოდგენით ეს იყო რაღაც პატარა ჯგუფი, რომელიც აქა-იქ თუ გაგვეგო ზოგიერთ წიგნში, ისიც მხოლოდ სიტყვა „ლაზები“, განმარტების გარეშე.

ამ გადაცემათა ციკლის ერთ-ერთი სერია მთლიანად ეძღვნებოდა ლაზებს, ხოლო მეორე ლაზ მომღერალ ქაზიმ ქოიუნჯუს. ეს იყო გადატრიალება ჩემს ცხვორებაში. არ მახსოვს ამის შემდეგ რაიმეს ასეთი ზეგავლენა მოეხდინოს ჩემზე, ჩემი აზროვნების სტილზე. პატარა გოგო, გაოგნებული ვუსმენდი როგორ მღეროდა ჩემს მშობლიურ „დიდოუ ნანას“ აწ უკვე სხვა ქვეყნის შვილი, „ლაზეთის ბულბულად“ წოდებული ახალგაზრდა. მართალია, ეს სიმღერა ნანა ბელქანიას ეკუთვნის და ის არ არის ხალხური, მაგრამის ყველამ იცის და ამიტომ სახალხო სახელი დაიმკვიდრა. ეს იყო ალბათ პირველი სიმღერა, რომელიც ცხოვრებაში პირველად გავიგე, როდესაც ბებიაჩემი პეტერბურგში ცხოვრებისას, ქვეყნისგან მოშორბეით 90-აინების დროინდელ „მაგნიტოფოზე“ ძველ „კასეტებს“ გვირთავდა მეგრული და ქართული სიმღერებით.

ენით აღუწერელია ის ემოცია, რაც მაშინ ვიგრძენი. გითხრათ ბევრი რამ მესმოდა , ტყუილი იქნება, რადგან მაშინ პატარა ვიყავი და არც რაიმე მქონდა წაკითხული, არც გაგონილი. ეს იყო ბუნებრივი ემოცია, რომელმაც მომიცვა თავიდან ბოლომდე. როდესაც გაუცნობიერებლად გრძნობ, რომ შენ ეხები რაღაც ძალიან ძველს, მრავალი საუკუნის წინ არსებულს, შენს წარსულს, რომელიც სინამდვილეში აწყმოა, გრძნობ მაგრამ ჯერ ვერ ხვდები....

საოცარი იყო უშულოდ ლაზური საუბრის გაგონება. გიორგი კალანდიას ბევრ რესპოდენტთან ჰქონდა ჩაწერილი ინტერვიუ, მაგრამ მე რატომღაც დამამხსოვრდა ერთი მამაკაცი წითური გარეგნობით, ცისფერი თვალებით, მას ისეთი აღნაგობა ჰქონდა, როგორიც ჩვენს წარმოდგენაში არსებულ კოლხებს (როგორც შემდეგ გავიგე ეს იყო მეჰმედალი ბარიშ ბეშლი, ჯგუფ „ზღვაში ბერეფეს“ (ზღვის შვილები) ერთ-ერთი თანადამფუძნებელი და წევრი, რომელშიც ისინი მოღვაწეობდნენ ქაზიმთან ერთად შორეულ 90-იანებში. უფრო მოგვიანებით კი, უნივერსიტეტში სწავლისას, როდესაც უკვე ყველაფერი მესმოდა, ვიცოდი რა, სად და როგორ მომეძებნა და თურქულიც იმ დონეზე ვისწავლე, რომ რაღაც წამეკითხა, გავიგე რომ ქაზიმის სიკვდილის შემდეგ მან ითავა ლაზური ენის გადარჩენისა და პოპულარიზაციის საქმე). ის საუბრობდა ლაზურად, ჩასაფრებული ვიჭერდი ყველა მის ფრაზას, რომლებსაც ხმოვანი ქართული თარგმანი ფარავდა და მთლად გარკვევით არ ისმოდა. ეს იყო საოცრება, მე მესმოდა ენა რომელიც არასოდეს გამიგია აქამდე, არასოდეს მქონია შეხება მასთან. ამას ვერ აღწერ, ენით ვერ გადმოსცემ, ეს უნდა შეიგრძნო....

და ამის შემდეგ არაფერი იყო ძველებურად. ჩემი აწყმო და მომავალი რამოდენიმე წუთში შეცვალა ჩემი ქვეყნის მივიწყებულმა ისტორიამ, რომელიც ასე შორეული მეჩვენებოდა და ის თურმე იმაზე ახლო ყოფილა, ვიდრემე მეგონა. ამის შემდეგ ზუსტად ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. მივხვდი, რომ რაც ჩემს ქვეყანში დამხვდა ეს იყო ღრმად გამჯდარი სტერეოტიპები, რომლებიც ყველგანაა და რომლებთან ბრძოლაც აუცილებელია. ჩემთვის ნათელი იყო, რომ გაბრაზება, ნეგატივი, სიძულვილი და შესაბამისად უმოქმედობა ეს იყო გაქცევა, კომფორტის ზონაში ჩაკეტვა, რომელიც არანაირ შედეგს არ მოიტანდა; ერთადერთი გამოსავალი მოქმედებაა, როდესაც თითოეული შენი აქტივობა იქნება პატარა წვლილი ამ ბრძოლაში, რომელსაც მწამს აუცილებლად მოვიგებთ და საბოლოოდ შევქმნით თანამედროვე ღირსეულ საზოგადოებას, სტერეოტიპების გარეშე.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG