Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ვერ ყალიბდება გამმიჯნავი ხაზები ქართულ პარტიულ პოლიტიკაში?


ავტორი: მევლუდ ჭუმბურიძე

პოლიტიკური პარტიების მიერ წინასწარ განსაზღვრული პრიორიტეტები,პლურალისტური საზოგადოება და მოქალაქეების დაყოფა სხვადასხვა ნიშნით ქმნის გამმიჯნავ ხაზებს.ეს წინაპირობები საქართველოში არსებობს. ქართული პარტიების განსხვავებულობის ინდიკატორი არის საგარეო პოლიტიკური ვექტორი. „ნორჩი ლენინელები“, „ფსევდო-პატრიოტები“, ამ ტერმინებით მიმართავენ ერთმანეთს დაპოზიციებს იცავენ.გამმიჯნავ ხაზს ნაკლებ სტრატეგიული საკითხებიც ქმნის. ოჯახის განმარტება კონსტიტუციით,საარჩევნო სისტემის ტიპი, მსგავსი თემები პარტიებს ორ დაპირისპირებულ ბანაკად ყოფს და შესაბამისად ნაწილდება ელექტორატიც.

გამმიჯნავ ხაზებს ახასიათებს სოციალური დაყოფა, კოლექტიური იდენტობა და ორგანიზაციული გამოხატულება. ჩვენთან ყველაზე მკაფიოდ ჩანს სოციუმის ფრაგმენტაცია სხვადასხვა ნიშნით. საზოგადოებაში არსებული დაყოფა არის იმის ამხსნელი ფაქტორი,თუ რატომ არსებობენ პარტიები. კოლექტიური იდენტობა ნაკლებად გვახასიათებს.ქართულ საზოგადოებას კონსენსუსის მაღალი დონე აქვს ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებებთან მიმართებაში,როგორიცაა დემოკრატია და დამოუკიდებლობა,მაგრამ სამოქალაქო მონაწილეობა კვლავ შეზღუდულია. პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ სკეპტიციზმი და ფართო სოციალური გაერთიანებების არარსებობა განაპირობებს იმას,რომ ქართული საზოგადოება პასიურია.თუ არ ჩავთვლით განსაკუთრებულ ეპიზოდებს,მაგალითად ვარდების რევოლუციას. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს კოლექტიური იდენტობა ხანმოკლე აღმოჩნდა. დღეს ნიჰილიზმი პოლიტიკის მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა. ჩვენთან ორგანიზაციული გამოხატულებაც რთულად მიიღწევა. სოციალური ნდობის დეფიციტი არ იძლევა ფართო და ქმედითი საზოგადოებრივი გაერთიანებების, მათ შორის ძლიერი პოლიტიკური პარტიების შექმნის საშუალებას.საკმაოდ დაბალია ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის დონეც. საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 17,5% (აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე მცხოვრებთა ჩაუთვლელად) ეთნიკურ უმცირესობას მიეკუთვნება.მათი უდიდესი ნაწილი ქართულ ენას ვერ ფლობს და სამოქალაქო-პოლიტიკური მონაწილეობის დონე ქართველ მოსახლეობასთან შედარებით დაბალია.გამმიჯნავი ხაზები ხელს უწყობს მოქალაქეების ჩართვას პოლიტიკურ პროცესში,რადგან ისინი მეტად აიგივებენ თავს კონკრეტულ ჯგუფებთან. მათ აქვთ გაზიარებული პრობლემები,მიზნები, ფასეულობები და საერთო ჯამში ვიღებთ კოლექტიურ იდენტობას. გამმიჯნავი ხაზების შესუსტება სწორედ კოლექტიური იდენტობის შესუსტების პირდაპირპროპორციულია.

გამმიჯნავი ხაზები ღრმად არის ფესვგადგმული საზოგადოებაში და დიდი ხნის განმავლობაში გადაეცემა თაობებს.საქართველოში თაობიდან თაობაზე,ხელისუფლებიდან ხელისუფლებაზე გადადის ორი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა, სიღარიბე და კორუფცია. საარჩევნო პროგრამებში ეჭვგარეშედ არის დაპირებები კორუფციასთან და სიღარიბესთან ბრძოლის შესახებ. 2008 წლის საარჩევნო კამპანიისას ერთ-ერთი პარტიის მთავარი ლოზუნგი იყო „საქართველო სიღარიბის გარეშე“. მიუხედავად გასული წლების ეკონომიკური ზრდის სოლიდური მაჩვენებლისა,სიღარიბის მაჩვენებლები გაუმჯობესების ტენდენციას არ ამჟღავნებს.ქვეყანაში ფაქტობრივად საშუალო კლასი არ არსებობს.საქართველოში მაღალი სტანდარტებით მაცხოვრებელი ადამიანი ხშირად ცხოვრების ასეთ დონეს რაიმე სახის კორუფციული საქმიანობით აღწევს.გავრცელებულია აზრი,რომ მცირე თუ მსხვილ ბიზნესს სჭირდება ხელისუფლების „სახურავი“, ანუ არაფორმალური დაცვა სახელმწიფო მოხელეებისგან.რევოლუციამდე სახელმწიფო სექტორში ხელფასები სიმბოლური,საცხოვრებელ მინიმუმზე დაბალი იყო.ამიტომ თუ სახელმწიფო მოხელე საშუალო კლასის დონეზე ცხოვრობდა,მას უკვე კორუმპირებულად მიიჩნევდნენ.ვარდების რევოლუციის შემდეგ საჯარო მოხელეების ზედა ფენის ხელფასები მკვეთრად გაიზარდა, მაგრამ ამან ვერ გააქარწყლა მოსაზრება,რომ საქართველოში პატიოსანი გზით გამდიდრება თითქმის შეუძლებელია.პარადოქსია,მაგრამ ფაქტია,რომ ქვეყანაში,სადაც ეკონომიკური უთანასწორობა საკმაოდ ღრმაა, „მდიდრებსა“ და „ღარიბებზე“ თითქმის არ საუბრობენ.ეს ცნებები ჩანაცვლებულია „კორუმპირებულებით“ და „სოციალურად დაუცველებით“. მოქალაქის კეთილდღეობა სახელმწიფოზეა დამოკიდებული, ხოლო გამდიდრება კორუფციულ საქმიანობას გულისხმობს. აქედან ისიც ჩანს,რომ პოლიტიკური პარტია არჩევნებში ვერ მიაღწევს წარმატებას,თუ ის არ მოიპოვებს ხალხის იმ დიდი ნაწილის ხმებს, ვინც სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობს. პოლიტიკურმა პარტიებმა,რომლებმაც ყველაზე მეტ წარმატებას მიაღწიეს ვარდების რევოლუციის წინა წლებში,კორუფციასთან ბრძოლა თავისი პლატფორმის ცენტრალურ თემად გაიხადეს.ზოგიერთმა ანალიტიკოსმა 2003 წლის ნოემბრის მოვლენებს „ანტიკორუფციული რევოლუციაც“ კი უწოდა. გამმიჯნავ ხაზებად კორუფცია და სიღარიბე დღევანდელ ქართულ პოლიტიკაშიც რჩება. როგორც ჩანს ქართველ ამომრჩეველს დიდად არც არაფერი აქვს გასამიჯნი და ხშირად მათი საზრუნავი სიღარიბესა და ელემენტარულ ყოფით პრობლემებს ვერ სცდება. მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს ფუფუნება პოსტმატერიალისტურ ღირებულებებზე იფიქროს. მათი აქტივობა არჩევნებზე და გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ უფრო ახლოს დგას მათ პრობლემებთან, ვინ შესთავაზებს მეტადსანდო და რეალისტურ დაპირებებს. ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებიც. როგორიცაა ევროინტეგრაცია, მეორეხარისხოვანი ხდება მოსახლეობის იმ ნაწილისთვის,რომელსაც სოციალური დახმარების იმედად უწევს არსებობა.მათ ის პოლიტიკური ძალა მიაჩნიათ უპირატესად,რომელიც პენსიის გაზრდას ან კომუნალური გადასახადების შემცირებას ჰპირდება. ასეთ პირობებში რთულია გამმიჯნავი ხაზების ჩამოყალიბება, შესაბამისად პოლიტიკური პარტიები ლეგიტიმაციის მოსაპოვებლად ერიდებიან დამატებით სოციალურ დაყოფას, არ რისკავენ და ფასეულობებს არგებენ საზოგადოებაში უკვე კარგად დამკვიდრებულ ნორმებს. ამას ცხადია თავისი მიზეზი აქვს- მეტი ამომრჩევლის მოზიდვის სტრატეგია.

გამმიჯნავი ხაზების ჩამოყალიბების პრობლემას ქმნის პარტიების დამოკიდებულება იდეოლოგიის საკითხის მიმართ.ქართულ პოლიტიკურ პარტიებს ახასიათებთ ბუნდოვანება და არათანმიმდევრულობა იდეოლოგიურ პოზიციებში.პარტიების იდენტობა მათი ლიდერების მიერ არის განსაზღვრული.გამოდის,რომ ქართული საზოგადოება აყალიბებს თავისთვის მისაღებ დღის წესრიგს,რასაც პარტიები ასახავენ მათ პროგრამებში. ამიტომ ხდება,რომ ქართულ პოლიტიკაში ხშირია ურთიერთბრალდებები პოლიტიკურ ოპორტუნიზმში. ხშირად ხდება,რომ მემარჯვენე ცენტრისტული პარტია მემარცხენე პარტიებისთვის დამახასიათებელ პრინციპებს იცავს. არსებობს პარტიების კატეგორია,რომლებიც ცდილობენ საკუთარი თავი იდეოლოგიებზე მაღლა დააყენონ.ტრადიციულად საქართველოში ასეთები იყვნენ მმართველი პარტიები და ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც ამ კატეგორიას მიეკუთვნება.წარმატების მიღწევის ყველაზე დიდი შანსი საბოლოოდ აქვს პარტიას ქარიზმატული ლიდერით,რომელიც ხალხის კონსოლიდაციას შეძლებს მათი პრობლემების,ან სტრატეგიული მნიშვნელობის გამმიჯნავი ხაზების გარშემო.

თანამედროვე საქართველოში ყალიბდება მრავალპარტიული,პლურალისტური პოლიტიკური სივრცე,თუმცა პრობლემად კვლავ რჩება გამმიჯნავი ხაზების ბუნდოვანება. ის ფაქტი,რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ვიზალიბერალიზაციის და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ,რომ ქართული საზოგადოების საზრუნავი აღარ იქნება სიღარიბის დაძლევა, ხალხში გაჩნდება პოსტმატერიალისტური ფასეულობების დაცვის სურვილი და პოლიტიკური პარტიებიც მეტად გარისკავენ აირჩიონ კონკრეტული გამმიჯნავი ხაზი.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG