ავტორი: ნანა გობეჯიშვილი
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო ასეთი პლანეტა, სახელად, დედამიწა. შემდეგ ამბავი სხვანაირად ვითარდება: ღმერთმა, უკეთესმა ყველაზე, დააწესა, რომ ადამიანები ქალებად და კაცებად უნდა იყოფოდნენ. მერე სრულიად კონკრეტული ფუნქციები, მოვალეობები, უფლებები და თავისუფლებებიც დაყო: ზოგი ქალების არისო, ზოგიც _ კაცებისო.
ქალები ოდნავ უჭკუოები გვჭირდებაო, მაგრამ ლამაზები და სათუთები უნდა იყვნენო. აი, ისეთები, მამაკაცის შეხებაზე წინასწარგანზრახვით რომ თრთიან, რაც დაგეგმილად თვალების ნაბვის მზაობას აძლევთ! ჰოდა, როცა ღმერთის მიერ დაწესებული ქვეყანაზე ქალად ცხოვრობ, ლამაზი ხარ და, მით უმეტეს, სათუთიც, ვიღას ადარდებს თავში რა გიყრია?! მთავარია, სილამაზე და, ერთ-ორ სარფიან გათხოვებას, მარტივად გამოჰკრავ ხელს.
მაშინ, როცა შენში ტესტოსტერონს ქალის ჰორმონი სჭარბობს, შენ სახლში უნდა იყო, მამაკაცების პერანგებს წყობისად, ნაკერების თანმიმდევრულად, აუთოვებდე და ერთმანეთზე ალაგებდე. ქალი რომ ხარ, სამზარეულო შენი საყვარელი ადგილი უნდა იყოს და ფეხებსაც, ტრადიციისამებრ, ყოველდღე იპარსავდე, იმიტომ, რომ თმიანობა ტანზე, თურმე, მხოლოდ მასკულინობის მანიშნებელია, ხოლო უთმობა _ სილამაზის ეკვივალენტური. ჰოდა, აბა, რისი ქალი ხარ, ლამაზი და ფემინური თუ არ იქნები?!
ქალი როცა ხარ, შვილის ყოლა არჩევანის შედეგი არ არის, იმიტომ, რომ ქალი რომ ხარ, შვილები უნდა აჩინო. ზუსტად იმდენი, რამდენსაც ღმერთი მოგცემს, იმიტომ, რომ რა არის უკეთესი, თუ არა ღვთის მიერ ნაკარნახები გზით ცხოვრება?!
კაცები სამყაროს მეორე პოლუსია, რადგან მათი მოვალეობები, შესაძლებლობები, უფლებები და თავისუფლებები რადიკალურად განსხვავდება ქალებისაგან.
კაცი ვიცი ჰიპერმაკულინურიო, ძლიერი და ოდნავ უხეში, რადგან ოდნავ სულელ მდედრებს ოდავ უხეში მამაკაცები შეეფერებათო.
მამაკაცი როცა ხარ, უნდა გყავდეს ლამაზი ცოლი და შვილებიც, რომლებიც იმიტომ გყავს, რომ ისინი, ტრადიციისამებრ, ქორწინების შემდეგ აუცილებელად ჩნდებიან და ისინი არ არიან არჩევანის შედეგნი. ცოლი რომ პერანგებს აუთოვებს, ამასობაში, მამაკაცმა რა უნდა ქნასო, იკითხავთ. გიპასუხებთ ღმერთი, უპირატესი ყოვლისა, უნდა იმუშავოს და ოჯახში ერთადერთი შემომტანი იყოსო.
მაშინ, როცა მთელ ფინანსურ ამბებს შენ განკარგავ, ადამიანმა შეგიძლია, უფრო მეტი რაღაც მოითხოვო, ამიტომ, კაცი თუ ხარ, შეგიძლია, ხანდახან შენი ლამაზი ცოლი საკმარისი არ აღმოჩნდეს და შენ მეორე ლამაზი ქალთან მოგინდეს ყოფნა. მერე რა მოხდა? შენ იცი, კონკრეტული მიმართულებით, მუშაობის სპეციფიკა და წელებზე ფეხს იდგამ, რომ ფული იშოვო, ცოლმა კიდევ _ მხოლოდ ვაზის ფოთოლში გახვეული ტოლმის 2 სხვადასხვა ხერხით შეხვევა და მისი შეკმაზვის ოჯახური საიდუმლო იცის. რომელს უფრო მეტი უფლება აქვს, შენ, თუ _ ცოლს? რა თქმა უნდა, შენ.
თუ დაუგეგმავი შვილების რაოდენობა თქვენთვის მისაღებია, შეგიძლიათ, ჩათვალოთ, რომ იდეალური ოჯახი გაქვთ სტაბილური შემოსავლით, ლამაზი ცოლით და ხანდახან სხვა ლამაზი ქალ(ებ)ითაც, ბევრი ტრადიციით და ა.შ. ხანდახან ვიღაცებს უფრო მეტად უმართლებთ და ბიჭი შვილები ჰყავთ, ვიღაცებს კი საშინლად არ უმართლებთ და ერთი გვარის გამგრძელებელიც არ ჰყავთ წამლად, მაგრამ განვაგრძოთ ამბის თხრობა: შეგიძლიათ, გოგონა მუსიკალურ შვიდწლედზე შეიყვანოთ და მას, შვიდი წლის შემდეგ, ბახის პოლიფონიის ორივე თუ არა, მარჯვენა ხელის პარტია მაინც, უზადოდ ეცოდინება. შედეგად კი, თქვენი შვილი უფრო სარფიანად გაიყიდება, რადგან ფორტეპიანო და საკრავები მაინც უფრო ქალური ამბებია.
ასევე შეგიძლიათ, ბიჭი რაგბიზე, ფეხბურთზე, კალათბურთზე შეიყვანოთ, იმიტომ, რომ სპორტი იმისთვის არსებობს, რომ ბიჭებმა აითვისონ, მერე იყვნენ ძლიერები და ზომიერად უხეშები. შედეგი ისევ სასურველი დადგება _ ბიჭიც უკეთ განახორციელებს ქორწინების ინვესტიციას და მისი ზომიერი უხეშობა და უსაზღვრო ფიზიკური სიძლიერე, მეორე მხრივ, მომავალი ცოლის ზომიერი უჭკუობითა და უსაზღვრო სილამაზით დაბალანსდება.
იკითხავთ, რა ხდება მაშინ, თუ გოგო გადაწყევტს, რომ მას სპორტი უფრო აინტერესებს, ვიდრე ბახის პოლიფონიის მარჯვენა ხელის პარტიის უზადო ცოდნააო? რა ხდება მაშინ, თუკი ბიჭი სუსტია, რაგბიზე ვერ დადის და, მისი სიმაღლიდან გამომდინარე, არც მთლად კალათბურთისთვისაა შექმნილიო? აი, მანდ იწყება ისეთი ამბებიც, რომლებიც ტრაგედიებად მიიჩნევა, იმიტომ, რომ გაწერილი როლების დარღვევა გვიწევს, იმიტომ, რომ ღმერთმა, უპირატესმა ყველასა და ყველაფერზე, სხვანაირად დააწესაო, ვამბობთ.
არ ვიცი, ამ ყველაფერთან ღმერთი რეალურად რა კავშირშია, მაგრამ ფაქტია, რომ გვაქვს ისეთი მოცემულობა, რომელშიც, ძირითადად, კაცებისა და ქალების არსებობა აღიქმება ნორმად და არა _ ადამიანებისა. ადამიანებისა, რომელთათვისაც მაქმნებიანი პერანგის ჩაცმაცა და შვილების ყოლაც, ერთნაირად, საკუთარი გადაწყვეტილების შედეგად, მოდის.
მე გამიმართლა _ ადამიანებსაც ვიცნობ. ისინი თითოეულ დღეს წყვეტენ, ატარონ ვაგინა და იყვნენ ხაზგასმით ფემინურები, თუ ატარონ პენისი და იყვნენ ხაზგასმით მამაკაცურები, იმიტომ, რომ მათ შეუძლიათ არჩევანი გააკეთონ. ისინი ფიქრობენ რომ, გენდერის მიხედვით, ადამიანების დიფერენცირებაზე უსარგებლო, ცოტა რამ თუ გამოუგონია ადამიანს და მერე ეს ღმერთისთვის მიუწერია. მართლებიც არიან, რადგან მე ვიცნობ ადამიანს, სხვებისგან ბიჭად წოდებულს, რომელიც საკუთარი თავის იდენტიფიცირებას, არც ქალში, არც კაცში, არამედ _ მხოლოდ ადამიანში ახდენს. მას ბექა ჰქვია, თუმცა, გენდერით გაწერილ სტერეოტიპებს თუ დავუჯერებთ, მისი სახელი მარიამი, ნინო ან თუნდაც ჟუჟუნა უფროა, რადგან ის ჩემზე სათუთი და ლამაზია. მე კიდევ ცალსახად გოგო ვარ, ვიღაცების აზრით.
ბექას ტყუპისცალი და, ნინოც, ჰყავს. მას ბავშვობაში ბრჭყვიალა ნივთებით თამაშის უფლება აძლევდნენ, ბექას _ არა. არადა, რას არ გაიღებდა ბექა იმ ციმციმა ბეჭდის ერთხელ გაკეთეთების ნება მაინც რომ დაერთოთ, ან იმ ყვავილებიანი კაბის ჩაცმის უფლება რომ მიეცათ. მაშინ ის 5 წლის თუ იქნებოდა და ნაკლებად აცნობიერებდა გენდერული ამბების სპეციფიკას. მით უმეტეს, ვერ ხვდებოდა, რომ მისი მბრწყინავი ნივთებით გატაცება, მხოლოდ ბავშვური აღტაცების საფუძველზე აღმოცენდა და რომ ამაში საგანგაშო არაფერია და რომ მხოლოდ ნინოებს არ მოსწონთ ყვავილებიანი კაბები.
უპირატესმა ღმერთმა ხალხი კაცებად და ქალებად შექმნაო, ამბობენ. მე თუ მკითხავთ, კაცები და ქალები არ არსებობენ, რადგან ჩვენს სამყაროში მხოლოდ ადამიანების ადგილია და ამაში მაინცდამაინც ღმერთის ხელიც არ ურევია. გენდერი ისეთივე უმნიშვნელოა, როგორიც ის, თუ, საზოგადოებაში დამკვიდრებული აზრით, მინიმუმ რამდენი კერძის მომზადება უნდა იცოდეს ნამდვილმა ქალმა და რამდენი აზიდვის გაკეთება უნდა შეეძლოს ნამდვილ მამაკაცს.
რა თქმა უნდა, შეგვიძლია, ვიყოთ ქალები, კაცები, ვითამაშოთ წინასწარ გაწერილი როლები, რომლებიც ხშირად არ შეგვეფერება ხოლმე. ასე თამაში კი, მე თუ მკითხავთ, მოსაწყენია. მოთამაშეები თვითონ უნდა ირჩევდნენ როლებს და ამას ყველა მშვიდად უნდა ხვდებოდეს, რადგან კონკრეტულ მოთამაშეს კონკრეტული პრეფერენციები აქვს, რომლებიც მეტისმეტად პერსონალურია იმისთვის, რომ სხვებმა განსაჯონ.
შევქმნათ ახალი ამბავი, ამბავი რომელიც, თუ გინდათ, სწორედ იყო და არა იყო რა-თი დაიწყება, ოღონდ ჩვენ მიერ დაწესებულ სისულელეებს ღმერთს თუ ნაკლებად დავაბრალებთ, ალბათ, ასე უფრო სამართლიანი იქნება.
იყო და არა იყო რა, იყო სამყარო, რომელშიც ბევრი ადამიანი ჰარმონიულად ცხოვრობდა. სამყარო, სადაც ნინოების დაგეგმილად დაბადება ისევე უხაროდათ, როგორც ბექებისა. სამყარო, სადაც გენდერი სექსუალურ ორიენტაციას არ განსაზღვრავდა, არც იმას _ ნანას სიარულის მანერა ზედმიწევნით ქალური იყო, თუ არა. სამყარო, რომელში თანამოარსებე აბორიგენებმა იცოდნენ, რომ შეიძლებოდა, ნანას ქალისთვის შეუფერებელი სიარული ჰქონოდა, ხანდახან პერანგები დასწვოდა და არც ტოლმის რამდენიმე სხვადასხვა ხერხით შეხვევა სცოდნოდა. კიდევ შეიძლებოდა, ბექა სათუთიც ყოფილიყო და ყვავილებიანი კაბის ჩაცმის სურვილი გასჩენოდა, შეიძლებოდა, ბექას სხვა ბექა შეჰყვარებოდა და ეს ისეთივე მშვენიერი იქნებოდა, როგორიც სხვა, ნებისმიერი, ჰეტერონორმატიული სიყვარული.
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?
იყო ერთი ქვეყანა, რომელშიც ბევრი ადამიანი ცხოვრობდა და რომელშიც ყველაფერი კარგად იყო.
დაწერეთ კომენტარი