ავტორი: ნათია ლილუაშვილი
შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში პარტიული პოლიტიკა ჩანასახოვან მდგომარეობაშია და პოლიტიკურ პარტიებს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვთ გასავლელი, სანამ დემოკრატიულ სტრუქტურასჩამოაყალიბებენ. მანამდე კი დღევანდელ სიტუაციას თუ გადავხედავთ, ჩვენი პარტიული სპექტრი, შესაძლოა, ერთდროულად ზედმეტი პოლარიზაციითა და ამავე დროს ერთფეროვანი, ურთიერთგადამფარავი პოლიტიკით დავახასიათოთ. ამის მიზეზი კი მკაფიო და რეალური გამმიჯნავი ხაზების არარსებობაა. რას ვგულისხმობთ გამმიჯნავ ხაზებში? ესაა პარტიის ხედვები, პრინციპები და იდეები, რომლებსაც ის ეყრდნობა მნიშვნელოვან სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში. მაგალითად, სახელმწიფოსა და რელიგიის როლის, პირველადი და მეორადი ეკონომიკის, კლასობრივი თუ სხვა საზოგადოებრივი დაყოფის ასახვა პარტიის ძირითად დოკუმენტებში.
მკაფიო გამმიჯნავი ხაზების არსებობა დაკავშირებულია მყარ იდეოლოგიურ ჩარჩოსთან, რაც ქართულ პარტიულ სპექტრს ნამდვილად აკლია. ამ სიცარიელის შევსებას კი საგარეო კურსზე აპელირებით ცდილობენ, რასაც ხელს უწყობს მასმედია და არასამთავრობო სექტორიც. სწორედ საგარეო ორიენტაციაა მთავარ გამმიჯნავ რგოლად წარმოჩენილი, რაც საზოგადოების სიმპატია/ანტიპატიის მოპოვების ერთ–ერთ მთავარ საშუალებად გვევლინება. პარტიები ე.წ. ,,პროდასავლურ“ და ,,პრორუსულ“ ჯგუფებად იყოფიან (,,პროქართულობის“ იდეაც დროდადრო ჟღერს ხოლმე). ასეთი დაყოფა უწყობს ხელს პოლარიზაციას. ერთი ჯგუფი მეორეს ,,პოლიტიკურ მარგინალებად“ , ,,სამშობლოს მოღალატეებად“, ,,ქართველობის წამრთმევებად“, ხოლო საკუთარ თავს ერთადერთ სწორ ალტერნატივად მოიხსენიებს.
ალბათ, ისეთ პოლარიზებულ საზოგადოებაში, როგორიც ჩვენ ვართ, ეს გამმიჯნავი ხაზი ყველაზე კარგად მუშაობს და ამომრჩევლის მობილიზებას ახდენს კონკრეტული პარტიების მხარდასაჭერად, მაგრამ პარტიები მაინც უშინდებიან მკაფიო ხაზების გავლებას ისეთ თემებთან დაკავშირებით როგორიცაა: ეკლესია, სახელმწიფო, ეკონომიკა. ჩვენს პარტიულ სპექტრში არ არსებობს ისეთი პარტია, რომელიც მკვეთრად გამოხატულ სეკულარიზმს ემხრობა, უარყოფს სახელმწიფოს ჩარევას ეკონომიკაში ნებისმიერი ფორმით, ან ეწინააღმდეგება სახელმწიფოს გაზრდილ სოციალურ ფუნქციას. ამას რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს:
პირველი და მეტად სავარაუდო ახსნა ალბათ არის ის, რომ პარტიები ერიდებიანსაკუთარი ამომრჩეველთა ჯგუფის მკაფიოდ განსაზღვრას, იმ იმედით, რომ შუალედური პოზიციის დაჭერით მათ სხვადასხვა სოციალურ ჯგუფში შეეძლებათ ლავირება და არჩევნებში მეტი ხმების მობილიზება, მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არც ისე მყარი არგუმენტია და მათი იაფფასიანი პოპულიზმის საზოგადოების უმრავლესობას არ სჯერა. ამას არჩევნების შედეგებიც მოწმობს(პარტიათა უმეტესობა დამოუკიდებლად 3%–ზე ნაკლებს აგროვებს). ჩემი აზრით, ყველაზე დამაჯერებელი არგუმენტი არის შიში, რომელსაც პოლიტიკური პარტიები გრძნობენ ამგვარი გამმიჯნავი ხაზების არსებობის შემთხვევაში. ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა თავს რელიგიურ პიროვნებად მიიჩნევს, სადაც პატრიარქი ყველა სოციალური გამოკითხვის ლიდერია, ხელისუფლების მთავარ მიღწევად ჯანდაცვის რეფორმა სახელდება, ტერიტორიულ მთლიანობას კი უმუშევრობის პრობლემა უსწრებს, ბუნებრივია ამგვარ შიშს აქვს არსებობის საფუძველი. მართლმადიდებლები, სოციალურად დაუცველები, პენსიონრები და უმუშევრები არიან ყველაზე დიდი სოციალური ჯგუფები და მათი იგნორირება კონკრეტული გამმიჯნავი ხაზების დაწესების შემთხვევაში სერიოზულ კითხვის ნიშანს აჩენს პარტიების სიცოცხლისუნარიანობის კუთხით. ალბათ ამიტომ ვართ კიდევ ერთი პარადოქსის მომსწრენი, რომ წინასაარჩევნოდ, დეკლარირებულად მემარჯვენე ტიპის პარტიებიც კი მემარცხენე ლოზუნგებითა და პროგრამებით გვევლინებიან. მაგალითად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის (მემარჯვენე ცენტრისტები) 2016 წლის პროგრამაში საუბარია სოციალურად სამართლიანი ჯანდაცვის სისტემის შექმნაზე, სადაც უნდა გაიზარდოს სახელმწიფო ჯანდაცვის პაკეტი მოსახლეობის ღარიბი ფენებისთვის. პოლიტიკური გაერთიანება ,,სახელმწიფო ხალხისთვის“ კი სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირთა მილიონამდე გაზრდას აანონსებდა.
მაგრამ, თუ ამოვდივართ იმ ხედვიდან, რომ პარტიები საზოგადოებაში არსებული სოციალური დაყოფების ანარეკლია, მაშინ ისინი რაც შეიძლება მეტი სოციალური ჯგუფის მოთხოვნებს უნდა ესადაგებოდნენ. ამ ლოგიკით არ შეიძლება ყურადღების მიღმა დავტოვოთ ახალგაზრდების, მუშების, ფერმერების, მესაკუთრეებისა და სხვა ჯგუფების ინტერესები, რაც არ უნდა მცირე ნაწილს წარმოადგენდნენ ისინი.
და მაინც, რატომ სჭირდებათ პარტიებს ამგვარი გამმიჯნავი ხაზები? და არის კი მათი არსებობა რაიმე დადებითის მომტანი უშუალოდ მათთვის? პირველ რიგში, გამმიჯნავი ხაზების მკაფიოდ განსაზღვრა ეხმარება ამომრჩეველს საკუთარი პარტიული მიკუთვნებულობის დადგენაში. ეს ცალსახად მნიშვნელოვანია და რეალურად ამცირებს გადაუწყვეტელი ამომრჩევლის პროცენტულ მაჩვენებელს.ის ასევე მნიშვნელოვანია ჯანსაღი და მრავალფეროვანი პარტიული სპექტრის ჩამოყალიბებისთვის, რადგან გამორიცხავს ერთფეროვანი და ურთიერთგადამფარავი პარტიების არსებობას. რაც შეეხება თავად პარტიების უპირატესობებს, მკაფიო გამმიჯნავი ხაზების არსებობა, თუნდაც ის გამორიცხავდეს მეინსტრიმულ სოციალურ ჯგუფებს, აყალიბებს პარტიის მუდმივ და თითქმის უცვლელ ამომრჩეველთა წრეს, რაც გარკვეული სტაბილურობის და პარტიის აქტიურ პოლიტიკურ ველზე ხანგრძლივად დარჩენის გარანტიაა. და ბოლოს, გამმიჯნავი ხაზები ეხმარება პარტიას კონკრეტული იდეოლოგიური ხედვების განსაზღვრაში, რის ნაკლებობასაც ქართული პარტიული სპექტრი ნამდვილად განიცდის.
მოკლედ რომ ვთქვათ, გამმიჯნავი ხაზები პარტიებისთვის ცალსახად მნიშვნელოვანია და მის გარეშე პარტია სრულყოფილ, გამართულ სტრუქტურად ვერ გვევლინება. მართალია გამმიჯნავი ხაზები მეტ–ნაკლებად ყველა პარტიას აქვს, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია მისი მკაფიოდ და ზუსტად განსაზღვრა. შესაძლოა ჩვენს რეალობაში ამას თან ახლდეს გარკვეული საფრთხეები, მაგრამ სტაბილური და ხარისხიანი პარტიული პოლიტიკის შესაქმნელად საჭიროა ,,მსხვერპლის გაღება“. ამ საქმეში პირველობის მსურველი კი ჯერჯერობით არავინაა.