ავტორი: ნიკა გურინი
ადამიანები ხშირად ცდილობენ მკვეთრად გამიჯნონ შესაძლებელი და შეუძლებელი . მათ ავიწყდებათ, რომ ამ ორ ცნებას შორის ზღვარი აბსტრაქტულია. სამყარომ თავისი არსებობის ფუნდამენტად შეუცნობელი ისეთი ღირებულებები შემოგვთავაზა, რომ კაცთა მოდგმას მისი სრული ახსნა არ შეუძლია, რადგან ადამიანი იმ მრავალთაგან ერთ-ერთი ამოუცნობი ფენომენია. ღიმილის მომგვრელია სოციუმში გავრცელებული ტერმინები: „შეზღუდული შესაძლებლობები“, „სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვი“. ადამიანთა აზროვნების ყველაზე დიდი მკრეხელობაა მტკიცება იმის, რომ ასეთი კრიტერიუმებით შეფასებული ბავშვები მათთვის განკუთვნილ სპეციალურ სკოლებში უნდა აღიზარდონ. დაუნდობელია სამყარო რომლის სადავეებიც ამნგვარად მოაზროვნე ადამიანებს უპყრიათ. საზოგადოების აზროვნების გადაფასება ფსიქიკის ღრმა შრეებში მიმდინარე პროცესია და თუ იგი ჰუმანურმა გონებამ და ჯანსაღმა ზნეობამ არ მართა, შესაძლოა, კიდევ ერთხელ, აღმოვჩნდეთ პოლუსიდან პოლუსზე. თითოეული ადამიანის ვალია, გააცნობიეროს, რომ ვინმეს ფიზიკური თუ გონებრივი ნაკლი არ ნიშნავს მათ არაპროდუქტიულობას, გარიყვას. სამყარო ერთნაირად გახსნილი და უხვი ფერებით სავსე უნდა იყოს ყველასთვის. ყველა ბავშვი უფროსთა მზრუნველობით გამთბარ იმ კედლებში უნდა იზრდებოდეს რომელსაც ბედნიერების სახლი ანუ სკოლა ჰქვია.
ეპოქის სპეციფიკამ პრობლემების წინაშე მარტო დაგვტოვა. სამყაროს პომპეზური დეკორაციების შიგნით გული მუდამ დამპალი ექნება, თუ შეგნების ძიებას შევწყვეტთ და თვალს არ გავუსწორებთ ჭეშმარიტებას . სიმართლე კი ასეთია: მსოფლიო მეცნიერების განვითარების გზაზე მრავალი ისეთი მოკაშკაშე ვარსკვლავია, რომელიც ბავშვობაში არაფრით გამოირჩეოდა. უფრო მეტიც, ჩვენს ეპოქაში რომ ეცხოვრათ მათ, სსმ საჭიროების მოსწავლედ ჩათვლიდნენ. ამის ნათელსაყოფად აინშტაინის ბიოგრაფიაც კმარა. იგი დისფლექსიით იყო ავად, აღენიშნებოდა აუტიზმი. უჭირდა კითხვა, ჰუმანიტარული საგნების დაძლევა. სამწუხაროა, მაგრამ არც მისმა ეპოქამ დაინდო მომავალი დიდი მეცნიერი. მასწავლებელთა მკაცრი შეფასების ობიექტად იქცა იგი. არავის აინტერესებდა მისი აშკარად გამოხატული მათემატიკური ინტელექტი. გავიდა წლები, აინშტაინის განუმეორებელმა ნიჭმა და დაუღალავმა შრომამ ნაყოფი გამოიღო. მისმა „ფარდობითობის თეორიამ“ შეძრა სამყარო.
რას მიიღებდა მსოფლიო მეცნიერება აინშტაინისაგან, თუ იგი მასწავლებელთა, თანატოლთა მიერ ზომბირებული, არ ირწმუნებდა საკუთარ შესაძლებლობებს და თავს უნაყოფო, უნიჭო ადამიანად მიიჩნევდა?
დამეთანხმებით, შესაძლებლობების განსაზღვა ძალიან ძნელია, მაგრამ უდავოა, რომ ყოველ ბავშვში არსებობს ერთი რომელიმე ინტელექტი, რომელსაც აღმოჩენა და განვითარება სჭირდება. ადამიანთა აზროვნებაში კორექცია აუცილებელია, ფოკუსი უნდა გასწორდეს. მოზარდის ღირებულებათა ხელახალი შეფასება პერიოდულად საჭიროა. აპრიორულადაა ცნობილი, რომ „არშინი“ აქამდე ცრუ იყო და ბავშვის შესაძლებლობებს ისე არ ზომავდა, როგორც მოეთხოვებოდა. რა იქნება დღეს ან მომავალში ეს ჩვენზეა დამოკიდებული.
საზოგადოება გახნილი მექანიზმია და მისი საყრდენი ეთიკა და ჰუმანიზმია. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში უნარშეზღუდული გოგონა, მაკა ნათელაური წერდა: „მე კი არა ვარ უნარშეზღუდული, საზოგადოებაა ასეთი. თუ საზოგადოება გახსნილი იქნება ჩემნაირებისთვის, მაშინ ჩემს შესაძლებლობებს საზღვარი არ ექნება“. დიახ, მაკას წართმეული აქვს ხელებისა და ფეხების მოძრაობის უნარი, მაგრამ მას მამამ დაუმზადა თავზე გასაკეთებელი სარტყელი, რომელსაც წამახვილებული წვეტი აქვს. სწორედ მისი საშუალებით წერს მაკა ნოველებს, მოთხრობებს, ესეებს. ზაფხულის ცხელ დღეებში საქველმოქმედო აქცია გვთავაზობდა შეგვეძინა მისი კრებული „სინათლე“. თითქმის მთელმა ჩემმა თაობამ ერთი ამოსუნთქვით წავიკითხეთ ეს წიგნი. როდესაც მაკას შესაძლებლობებზე ვსაუბრობთ სახეზე დიდი გამარჯვების სხივი დაგვნათის. როგორ შეიძლება თანაგრძნობით, დანანებით, ყალბი თანადგომით შევხედოთ გოგონას, რომელიც ყველა სრულყოფილებაზე მაღლა დგას? როგორ შეიძლება საზოგადოება ასეთი ბავშვების მიმართ ითხოვდეს იზოლირებას?
სად გაქრა ქართველის სინონიმად ქცეული ტოლერანტობა?
საზოგადოებას არა აქვს უფლება მოაწყოს 21-ე საუკუნის „სპარტა“. სამყარო მშვენიერია, სწორედ ამ შეგრძნებით უნდა ვიზრდებოდეთ ყველა ერთად.