Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უარი სესხის დაფარვაზე


ავტორი: ნინო დათუკიშვილი

საქართველოს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა ნათლად ჩანს დღესდღეობით არსებულ საკრედიტო ურთიერთობებში. იშვიათია ადამიანი, რომელსაც არ აქვს ბანკის, ფიზიკური პირის ან რომელიმე საკრედიტო კომპანიისადმი დავალიანება. მოქალაქეთა უმრავლესობა აღნიშნული პრობლემით მოგვმართავს კონსულტაციისთვის.ხშირად, კრედიტორები (ე.წ. „კოლექტორების“ მეშვეობით) შანტაჟის, მუქარის, იძულების წესით ცდილობენ მსესხებლისგან თანხის ამოღებას. ბევრმა არ იცის, რომ არსებობს ხანდაზმულობის დამცავი მექანიზმი ასეთი შემთხვევებისთვის:

ხანდაზმულობის ვადა

სესხის ხანდაზმულობის ვადა არის 3 წელი, რომლის ათვლაც იწყება იმ მომენტიდან, როცა უნდა შესრულებულიყო ვალდებულება, მაგრამ არ შესრულდა. თუკი კრედიტორი გიკავშირდებათ და ითხოვს თქვენგან დავალიანების დაფარვას, თავდაპირველად შეამოწმეთ, ხანდაზმული ხომ არაა მისი მოთხოვნა. თუკი 3 წელი გასულია, არავითარ შემთხვევაში არ წამოეგოთ იმ ხაფანგზე, როცა მოისმენთ: „გიჩივლებთ სასამართლოში და მაინც გადაგახდევინებთ“, „აღსრულებას გადავცემთ თქვენს საქმეს“, „თუ არ გადაიხდით, დაგიყადაღებთ ქონებას“, „თუ არ გადაიხდით, სახლს გაგიყიდით“, „ხელი მოაწერეთ ახალ გრაფიკს და გადაგივადებთ გადახდის ვადას“. ნუ ჩავარდებით პანიკაში, მათი მოთხოვნა ამ შემთხვევაში უკანონოა. კრედიტორმა თუ გიჩივლათ სასამართლოში, აუცილებლად უნდა წარადგინოთ შესაგებელი 10 დღის ვადაში და გამოცხადდეთ სასამართლო პროცესზე. სამოქალაქო პროცესი შეჯიბრებითობის პრინცეპს ემყარება და თქვენ თავად უნდა იცოდეთ, რომ შესაგებლის წარუდგენლობით და სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობით, „თქვენგან დამოუკიდებლად“ ეთანხმებით კრედიტორის მოთხოვნას და სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, კრედიტორს დაუკმაყოფილებს სასარჩელო მოთხოვნას. სასამართლოს უფლება არ აქვს თავისი ინიციატივით შეგატყობინოთ, რომ კრედიტორის მოთხოვნა ხანდაზმულია (შეჯიბრებითობის პრინციპი) და არც ბანკის წარმომადგენელი აცხადებს, რომ სესხი ხანდაზმულია, შესაბამისად მსესხებლის გამოცხადება სასამართლო პროცესზე აუცილებელია, რათა განაცხადოს, რომ სესხის დაფარვის მოთხოვნის უფლება ხანდაზმულია და არ აპირებს გადახდას.

ხანდაზმული სესხის „გაცოცხლება“

პრობლემური სესხების მართვის (ე.წ. „კოლექტორი“) კომპანიების აპრობირებული მეთოდი. თუკი თქვენი სესხი ხანდაზმულია, გასულია მოთხოვნის 3 წლიანი ვადა და გირეკავთ პიროვნება კერძო აღმასრულებლის სახელით (პირველ რიგში გაარკვიეთ პიროვნების სახელი, გვარი და სალიცენზიო ნომერი. შეიძლება სულაც არ აღმოჩნდეს აღმასრულებელი), ან რომელიმე კომპანიის წარმომადგენელი, რათა დაფაროთ დავალიანება, იჩენს თქვენს მიმართ „დიდსულოვნებას“ და გთავაზობთ სესხის ახალ გრაფიკს, დავალიანების გადავადებით, ნუ მოტყუვდებით. არ დათანხმდეთ ახალ გრაფიკზე, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ხანდაზმული სესხი „გაცოცხლდება“ და მოგიწევთ დავალიანების დაფარვა. შეიძლება კრედიტორმა მოგთხოვოთ მინიმალური შესატანი, თუნდაც 1 ლარი, ამით სურს წამოგაგოთ მახეზე და გააგრძელოს ხანდაზმულობის ვადა, რადგან სესხი ხანდაზმული ხდება ბოლო გადახდიდან 3 წლის შემდეგ. შესაძლოა 3 წლის განმავლობაში კრედიტორისგან მიიღოთ გამაფრთხილებელი წერილი ან შეტყობინება დავალიანების დაფარვის მოთხოვნით, მაგრამ არც ეს ნიშნავს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას ან შეჩერებას.

იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო გადაწყვეტილებით ხდება კრედიტორის (მოსარჩელის) მოთხოვნის დაკმაყოფილება, ამ გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება შესაძლებელი იქნება 10 წლის განმავლობაში.

ზემოაღნიშნულ შემთხვევებში მსესხებელს შეუძლია უარი თქვას სესხის გადახდაზე.ამიტომ, საჭიროა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება,რადგან ბევრმა არ იცის რა არის ხანდაზმულობა და ხანდაზმული მოთხოვნის პირობებშიც შეაქვთ თანხა კრედიტორის ანგარიშზე.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG