Accessibility links

კაშგარი: აბრეშუმის გზის ოაზისი


ავტორი: ნინო მარღანია

კაშგარში პარასკევს, რამადანის პირველ დღეს ჩავფრინდი. რამადანი არაერთ მუსლიმურ ქალაქში გამიტარებია და წინასწარ ვემზადებოდი საჭმელი პუნქტების საათობით საძებნელად, თუმცა ადგილზე სრულიად განსხვავებული გარემო დამხდვა. ქუჩაშიმოფუსფუსე უამრავი ადამიანი, დახლებზე გამოწყობილი საჭმელ-სასმელი, გარშემო უცვლელი მხოლოდ აღმოსავლური ქაოსი დამხვდა. აზანს მთელი დღე ველოდებოდი და მიუხედავად იმისა, რომ სასტუმროდან მეჩეთი 200 მეტრში მდებარეობდა, აზანის ხმა ერთხელაც არ გამიგია.

კაშგარი ჩინური ისლამის ცენტრია. აიდ ქამეჩეთი კი ქალაქის ცენტრი და სინძიანის ყველაზე მნიშვნელოვანი მუსლიმური ნაგებობაა, ამასთანავე ყველაზე დიდი მეჩეთი ჩინეთში, რომელიც 1442 წელს აიგო და 10 000 მომლოცველს იტევს. დღესასწაულებზე, ტრადიციულ ტანსაცმელში გამოწყობილი უიღურები, სამხრეთ სინძიანის ქალაქებიდან იდ ქა მეჩეთში იყრიან თავს.

კაშგარი ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს ესაზღვრება. გეოგრაფიული საზღვრები კი პაკისტანსა და ავღანეთთან აქვს. აქაური აღმოსავლური გარემოს მიუხედავად, ქალაქის ახალ ნაწილში მე-20 საუკუნის ჩინური კომუნისტური ნიშნები, ნაცრისფერი შენობები და 55 მეტრიანი მაოს ქანდაკება მომხვა თვალში.

2 ათასწლეულზე მეტიაკაშგარი აღმოსავლეთსა და ჩინეთს შორის დამაკავშირებელი კარიბჭის ტიტულს ატარებს. ჩინეთის ძველ დედაქალაქ, სიანსა და კონსტანტინოპოლს შორის სავაჭროდ მიმავალი ქარავნები, კაშგარის ოაზისში იღდგენდნენ ძალებს. ქალაქის ცენტრში მდებარე ბაზარში კი აბრეშუმის გზაზე მიმავალი ვაჭრები იკრიბებოდნენ. დღემდე ეს ბაზარიქალაქის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს და ტურისტებს კაშგარის ჩაითა და სუნელებით იზიდავს.

სტრატეგიულად და გეოგრაფიულად მნიშვნელოვან ადგილზე მდებარე კაშგარით, ჩინეთი ჯერ კიდევ ძვ. წ. აღ. მე-2 საუკუნეში დაინტერესდა და მისი მმართველობა აღმოსავლეთ ირანის მომთაბარე ტომებს წაართვა. იმ დროიდან მოყოლებული, მის ხელში ჩასაგდებად რამდენიმე დინასტიაც კი იბრძოდა. მე-8 საუკუნეში კაშგარი თურქეთის ხელში გადავიდა, მე-10 საუკუნეში მასზე ბატონობა უკვე უიღურებმა მოიპოვეს. შემდეგ იყო ტიბეტის ცენტრალური ხელისუფლება, მოგვიანებით კი ყარახანიდების სახელმწიფოს მმართველობის ქვეშ გაერთიანდა, რა დროსაც კაშგარში ისლამი გავრცელდა.

მე-13 საუკუნეში მონღოლების მიერ კაშგარის დაპყრობით, რეგიონი ავტომატურად ჩინეთის საკუთრება გახდა.

მე-18 საუკუნეში, კაშგარი მუსლიმი ამბოხებულების ცენტრად იქცა. რეგიონი მუდმივმა შეტაკებებმა და ომებმა მოიცვა. იდ ქას მეჩეთის ტერიტორია კი ერთგვარ სასაკლაოდ, სადაც არაერთი უიღური მეთაური გამოასალმეს სიცოცხლეს. 1949 წელს კაშგარი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შემადგენლობაში შევიდა. რასაც რეგიონში თავისთავად სიტუაციის “სტაბილიზაცია” მოჰყვა (სინძიანში გადასროლილი გვარდიითა და საპატრულო პოსტებით). კულტურული რევოლუციის დროს, სინძიანსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის მეგობრობის ნიშნად,კაშგარის მოედანზე, მაო ძედუნის ქანდაკება აღიმართა, რომელიც მთელ ჩინეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაოს ქანდაკებაა.

ჩინეთმა უცხოელებისთვის კაშგარის საზღვარი 1980 წელს გახსნა, მაგრამ მოსაზღვრე ქალაქში, ამბოხებულების შეიარაღებული შეტაკებების შემდეგ, საზღვარი 1990 წელს ისევ ჩაკეტა.საზღვრის ტურისტებისთვის ჩაკეტვა 2017 წელს ისევ დღის წესრიგში დგას.

დღეს კაშგარის ქუჩებში, პოლიციის სამკაციანი ჯგუფები პატრულირებენ, საპატრულო პოსტები კი ყოველ 50 მეტრშია განლაგებული, რის გამოც კაშგარი უცხოელებისთვის უსაფრთხო ქალაქს წარმოადგენს და ღამის ბაზარში მარტო გასულიც კი თავს საკმაოდ უსაფრთხოდ ვგრძნობდი.

კაშგარის ძველი ნაწილი აღმოსავლური ვიწრო ქუჩები და მოჩუქურთმებული აივნებიანი სახლებია. ისტორიკოსები თანხმდებიან იმ ფაქტზე, რომ ქალაქის ეს ნაწილი 2 ათას წლიან ისტორიას ითვლის. სახლები ძირითადად ალიზითა და ხის მორებითაა ნაშენები, რომლებსაც ორიგინალური კარები ამშვენებს.

2009 წელს ჩინეთის მთავრობამ ქალაქის ძველი ნაწილის უმეტესობა მიწასთან გაასწორა, ნაწილს კი რეაბილიტაცია ჩაუტარა, რასაც საერთაშორისო საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. იმ ადგილას, სადაც საუკუნეების განმავლობაში არაერთი ისტორიული ფაქტი მოხდა, მთავრობამ აბრეშუმის გზის მუზეუმის მშენებლობა დააპროექტა.ძველ ნაწილში საცხოვრებელი სახლები ძირითადად აღარ არის. იქ შემორჩენილი რამდენიმე ოჯახი კი გასახლებაზე უარს აცხადებს. მათ სიძველეების მაღაზია, თიხის ჭურჭლის სალონები, ტრადიციული ტკბილეულობის და ჩაის სახლები აქვთ გახსნილი.

ყოველ კვირას, კაშგარელები და მიმდებარე რეგიონიდან ჩამოსული მოსახლეობა, ორ ადგილას იკრიბება: ეს არის კაშგარის საკვირაო ბაზარი და მსხვილფეხა შინაური ცხოველების ბაზრობა. ბაზრობა დღეს კაშგარის ერთგვარი სავიზიტო ბარათია. აქ ძირითადად კაცებს შეხვდებით, რომლებიც ყიდვა-გაყიდვით არიან დაკავებულები. ამის საპირისპიროდ, საკვირაო ბაზარი უამრავი ფერით აჭრელებული და მანდილოსნებით გადატვირთულია. მანამ, სანამ მათი ქმრები ცხოველების ბაზრობაზე ბიზნესით არიან დაკავებულები, ცოლები სახლისთვის საჭირო ნივთებს ათვალიერებენ. ეს არის ტიპიური აღმოსავლური ბაზარი, დამასკოს ცნობილი ბაზრის ასლი, სადაც ზუსტად იგივე სურნელი ტრიალებს. ხალხი აქაც თბილია და ტკბილეულს აქაც ისეთი სითბოთი გთავაზობენ, როგორც ერთ დროს ამას დამასკოს ბაზრებში აკეთებდნენ.

მარკო პოლო კაშგარის აღწერისას წერდა: "იკვებებიან ცუდად და უფრო ცუდი მსმელები არიან". არ შემიძლია არ დავეთანხმო, რადგან რეგიონის მთავარი საკვები ცხვრის ხორცია (ცხვრის ხორცის მოყვარულებთან ბოდიში). ქალაქში გობის უდაბნოდან ქარს წამოყოლილი მტვრის, სინამონისა და ცხვრის სუნი ერთმანეთში ირევა. კაშგარის ძველი ნაწილის ცენტრში, უამრავი ღამის ბაზარია, სადაც სინძიანის პროვინციისთვის დამახასიათებელ საკვებს შეხვდებით. ტურისტებს კი აქაური კერძები იზიდავთ, უამრავი ჩინელი ტურისტი აქ სწორედ სინძიანური სამზარეულოს დასაგემოვნებლად ჩამოდის. კაშგარის ღამის ბაზრები ქალაქის ერთ-ერთ სანახაობადაც შეიძლება ჩაითვალოს.

კაშგარში ჩემი მოგზაურობის პერიოდში, არაერთ საინტერესო მოგზაურს შევხვდი. ზოგი მათგანი აბრეშუმის გზას გადიოდა და თავს გადახდენილ ისტორიებს გვიამბობდა. კაშგარი არ არის მხოლოდ მორიგი ქალაქი ჩინეთში, რომელსაც მოინახულებ და წამოხვალ. კაშგარი ეს არის ცოცხალი ისტორია, უიღურების დღემდე შემონახული ყოფა-ცხოვრება და ადათები, ამიტომ კაშგარი ნებისმიერ ადამიანს თავს ამახსოვრებს და აოცებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG