Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ იქნება ცუდი საგრანტო რეფორმის გატარება უნივერსიტეტებში?


არასრულად ჩამოვთვლი მიზეზებს, რომელთა გამოც ეს ცვლილება მიუღებელი მიმაჩნია.

წარმოიდგინეთ, ბიზნესის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი, რომელსაც აქვს ორი სამსახური. საერთო ჯამში, მისი შემოსავალი თვეში 800 ლარს არ აღემატება. ამ სტუდენტს აქვს დაბალი GPA, რადგან ლექციებზე დასწრებასა და გამოცდებისთვის სათანადოდ მომზადებას ვერ ახერხებს. აჯობებდა ჰქონოდა შემოსავალი და პრაქტიკული გამოცდილება, და შედეგად დაბალი აკადემიური მოსწრება, თუ პირიქით, მაღალი ქულები, მაგრამ არანაირი პრაქტიკული გამოცდილება და ნულოვანი შემოსავალი? ამ სტუდენტმა პრიორიტეტად დასაქმება აირჩია, რაც სავსებით პრაგმატული გადაწყვეტილებაა.

რას ვეუბნებით ამ სტუდენტს საგრანტო რეფორმის შედეგად? მან თავი უნდა დაანებოს მუშაობას და მიიღოს თეორიული განათლება უნივერსიტეტში, რომლის გაცემული დიპლომიც ნაკლებად პრესტიჟულია დამსაქმებლების თვალში. არის თუ არა ეს კონკრეტული ადამიანების რაციონალური გეგმების განადგურება? ნამდვილად არის. მემგონი ძალიან ნათელია, რატომ უნდა მიეცეს თითოეულ სტუდენტს უფრო მეტი თავისუფლება, რომ პრიორიტეტები თავად განსაზღვროს. სახელმწიფო მის დასაქმებაზე არ ზრუნავს. საგრანტო რეფორმის შედეგად კი ხელსაც შეუშლის, რომ სტუდენტმა გადადგას პრაგმატული ნაბიჯები ღირსეული ცხოვრების შექმნისკენ. განათლების სამინისტრო მას კარიერული განვითარების საკუთარ ხედვას ახვევს თავზე. თან სრულიად არათანმიმდევრულს და ქართულ რეალობასთან აბსოლუტურად აცდენილს.

ვსწავლობ უფასოდ. პირველ სემესტრში ვიყავი სტიპენდიანტი. მეორე სემესტრში ხუთიდან სამი საგანი დავხურე A-ზე, 2 საგანი შემეტენა. საინტერესოა, რას ფიქრობს სახელმწიფო, მაქვს თუ არა სწავლის მოტივაცია დაკარგული? უნდა შექმნას თუ არა სახელმწიფომ ჩემთვის გარკვეული სტიმულები იმისთვის, რომ უკეთესი აკადემიური მოსწრება მქონდეს? ამ შეკითხვაზე პასუხი ვერ ექნება ბატონ მინისტრს, ან რომელიმე მის მრჩეველს. ეს ვიცი მხოლოდ მე. პასუხი კი ძალიან მარტივი და ცალსახაა. ის ორი ,,მარცხი’’ სრულიად ობიექტური მიზეზებით არის გამოწვეული და არანაირი კავშირი არ აქვს სიზარმაცესთან ან მოტივაციის დაკარგვისთან. დაბალი აკადემიური მოსწრება არ ნიშნავს აპრიორულად მოტივაციის დაკარგვას. არც სტუდენტის რეალური ცოდნის მაჩვენებელია. ეს შეიძლება ნიშნავდეს სხვა საჭიროებებსა და გამოწვევებზე მეტად კონცენტრირებას, რის გამოც დროის ამ საქმეებზე განაწილებას იწყებ.

არსებობს ძალიან ბევრი სტუდენტი, რომელიც სწავლობს ისეთ ფაკულტეტზე, რომელიც მათ ერთი კონკრეტული სპეციალობისთვის არ ამზადებთ. ავიღოთ ასეთი ორ მიმართულება, ვთქვათ: ფილოსოფია და თავისუფალი მეცნიერებები. აქვე შეგახსენებთ, რომ ფილოსოფია სახელმწიფოს მიერ პრიორიტეტულ პროფესიადაა გამოცხადებული. მარტივი მისახვედრია ამ ფაკულტეტზე მყოფი სტუდენტების მოტივაცია. მათ სურთ, რაც შეიძლება ფართო განათლების მიღება და ე.წ. ,,ტრანსფერირებადი უნარ-ჩვევების’’ დაგროვება. ფილოსოფია სტუდენტს არ ამზადებს კონკრეტული სამსახურისთვის - თუ არ ჩავთვლით აკადემიურ კარიერას - მაგრამ აძლევს უნარებს, რომლებიც ეხმარება სხვა პროფესიის შესწავლაში. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ფილოსოფიის ბაკალავრებს აქვთ ყველაზე მაღალი ქულა სამართლის სამაგისტრო მისაღებ გამოცდებში. სავსებით ნათელია, რა არის ამ სტუდენტების მთავარი პრიორიტეტი. ვინაიდან ფილოსოფია ან თავისუფალ მეცნიერებებზე სწავლა მათ არ აძლევთ კონკრეტულ კარიერას, სასურველია დააგროვონ სამუშაო გამოცდილება მომიჯნავე სფეროებში მაინც. ეს დაეხმარებათ, რომ თავიანთ ბაკალავრის დიპლომს დაუმატონ მცირეოდენი გამოცდილება, - ვთქვათ, არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის - და სწავლის დამთავრების შემდეგ იყვნენ კონკურენტუნარიანნი დასაქმების ბაზარზე.

როგორ პასუხობს სტუდენტებისთვის პრიორიტეტულ გადაწყვეტილებას - სწავლის პარალელურად დასაქმებას - სახელმწიფო. ბატონი მინისტრი მიიჩნევს, რომ სტუდენტები არასწორად იქცევიან. ფილოსოფიის ბაკალავრებმა ჯერ სწავლას უნდა მიხედონ. დასაქმებას ხომ ყოველთვის მოასწრებენ. დიდი ამბავი, თუ 22-23 წლის ასაკში ფილოსოფიის ბაკალავრს სამუშაო გამოცდილება არ გააჩნია. ბატონო მინისტრო, მართლა ფიქრობთ, რომ თქვენ მიერ პრიორიტეტულად გამოცხადებულ პროფესიას სასწაულების მოხდენა შეუძლია?

გაუგებარია, რატომ მიიჩნევს მინისტრი, რომ ეროვნული გამოცდებისთვის ინტენსიური მომზადება ასე მარტივად უგულველსაყოფი შრომაა. ეს არის პერიოდი, როდესაც აბიტურიენტები ძალიან ბევრ ენერგიას, დროსა და ფინანსურ რესურსებს ხარჯავენ. პარალელურად, სასკოლო განათლება ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. უამრავი კვლევა აჩვენებს, როგორი დაბალია მასწავლებლების კვალიფიკაცის დონე და - მაღალი მოსწავლეების ინდოქტრინაცია. საჯარო სკოლებში არსებული ყველა პრობლემის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ასეთ ცუდ პირობებში, არამგონია ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგის მქონე სტუდენტებს ,,გამოცდების მხოლოდ ერთჯერადად წარმატებით ჩაბარების გამო’’ დამატებითი წნეხი უნდა გავუჩინოთ.

ცხადია, შეიძლება სამართლიანად მივიჩნიოთ იმ სტუდენტებისთვის განათლების დაფინანსების საკითხი, რომლებსაც მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ, მაგრამ სახელმწიფო გრანტი არ გააჩნიათ. რატომ არ ცდილობთ ამ შემთხვევებისთვის კერძო ბიზნესმენებთან ითანამშრომლოთ და გარკვეული ფონდის შექმნაზე იზრუნოთ? არამგონია შეუძლებელი იყოს რამდენიმე ასეული ათასი ლარის თავმოყრა, როგორც სახელმწიფოს ბიუჯეტიდან, ისე კერძო ბიზნესმენების შემოწირულობებიდან. ბოლოსდაბოლოს, რამეში ხომ უნდა ვლინდებოდეს ერთ-ერთი ძირითადი გზავნილი, რომ განათლება მმართველი პოლიტიკური გუნდის მთავარი პრიორიტეტია.

ან იქნებ საზოგადოების დაკვეთა სწავლის გადასახადის შემცირება და გაბერილი ბიუროკრატიის შეზღუდვაა, რითაც უფრო მეტი ფული გადამისამართდება განათლებაში?

ისინი, რომლებსაც მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ, ისედაც იღებენ სტიპენდიას, რაც მეტ-ნაკლებად საკმარისია სწავლის გადასახადის დასაფარად. ამიტომ საგრანტო რეფორმის შემოღებამ მინიმუმ ამ არგუმენტთან უნდა შეძლოს ღირსეული კონკურენციის გაწევა.

და ბოლოს, თუკი სახელმწიფო არ წარმოადგენს კონკრეტულ სტატისტიკას, სადაც ნაჩვენებია, როგორ კარგავენ 100%იანი გრანტის მქონე სდუტენდები სწავლის მოტივაციას, მაშინ სრულიად ლეგიტიმური იქნება, რომ ეს ინიციატივა ბოდვად მივიჩნიოთ.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG