Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არა ისეთი მარტივი გრძნობა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს


ავტორი: სოფიო რუხაძე

"მეგობრობა ასეთი მარტივი გრძნობა როდია, ის ხშირად ხანიერია და მისი მოპოვებაც ჭირს, მაგრამ თუ ერთხელ შეეკარ ვინმეს მეგობრობით, აბა სცადე და დაიძვრინე თავი". ეს პატარა, მაგრამ საკმაოდ მრავლისმთქმელი ფრაზა ჩემს ერთ-ერთ საყვარელ მწერალს, ალბერ კამიუს, ეკუთვნის, რომელიც ძალიან ბევრს წერდა მეგობრობაზეც, სიკვდილზეც, სიყვარულზეც, ბრბოს ფსიქოლოგიაზეც და კიდევ უამრავ ისეთ თემაზე, რომელზე ფიქრიც ადრე თუ გვიან ყველას გვიწევს. სწორედ მისი და ალბათ კიდევ უამრავი სხვა მწერლის წყალობით ძალიან ხშირად ვფიქრობდი ასეთ თემებზე, მაგრამ როდესაც დღეს საოცრად თბილ ამინდში ქუჩაში გამოვედი, აღმოვაჩინე ის, რომ არასდროს მიფიქრია ისეთ გრძნობაზე, როგორიცაა მეგობრობა. ამიტომ მთელი გზა ფანჯრიდან ცქერასა და ამ თემაზე ფიქრში გავატარე.

და მაინც რა არის მეგობრობა?... ყოველდღე მისი ნახვა? დღეში მინიმუმ სამი საათი მასთან მიმოწერის ქონა? უკლებლივ ყველგან მასთან ერთად სიარული? ვიფიქრე და მივხვდი, რომ არცერთი მათგანი არ არის ის, რასაც ადამიანები მეგობრობას უწოდებენ. მეგობრობა იმაზე უფრო ჩახლართულია ვიდრე ეს ადამიანებს ერთი შეხედვით ჰგონიათ. იცნობ ადამიანს, მისით იხიბლები, მასთან გაქვს კონტაქტი და ვერც კი ხვდები ისე ხდები მისი მეგობარი და თან ისეთი ახლო, რომ წლობით გრძელდება თქვენი ურთიერთობა. მაგრამ ერთი საინტერესო ფაქტი ისაა, რომ მასთან არც ხშირი მიმოწერა გაქვს, არც ყოველდღე ნახულობ და არც უკლებლივ ყველგან დადიხარ მასთან ერთად, მაგრამ საბოლოოდ როცა ერთმანეთს ხვდებით შეგიძლიათ სამი საათი გაუჩერებლად ილაპარაკოთ ან იკამათოთ სხვადასხვა თემებზე ისე თითქოს გუში საღამოს გენახოთ ერთმანეთი. მაინც როგორი საინტერესონი ვართ ადამიანები, ადრე ხალხი ალბათ ოცნებობდა იმაზე, რომ ყოველ წუთს საყვარელი მეგობრის ხმა გაეგო ან რაღაც მომენტში მას დალაპარაკებოდა, მაგრამ ჩვენ, ოცდამეერთე საუკუნის შვილები ვამჯობინებთ იმას, რომ ორ თვეში ერთხელ ვნახოთ ისინი... და მაინც რატომ ხდება ასე ?

წინა წელს ერთ არაჩვეულებრივ ფილმს ვუყურე ,,ცოცხალნი მხოლოდ საყვარლები დარჩნენ“, სადაც რეჟისორს ძალიან დიდი ფანტაზია აქვს გამოყენებული და გვაჩვენებს იმას თითქოს ადამი და ევა დღემდე ცოცხალნი იყვნენ ვამპირების სახით, მაგრამ ისინი სულ მუდამ ერთმანეთის გვერდით ყოფნით კი არ ტკბებიან, არამედ ერთმანეთს მრავალი წლით შორდებიან ხოლო შემდეგ ისევ ერთმანეთს უბრუნდებიან იმისთვის, რომ ერთმანეთის ყურება და სიყვარული არ მოჰბეზრდეთ. ისინი ერთმანეთს თავს ანატრებენ იმისთვის, რომ მათი სიყვარული მონატრებამ უფრო გაზარდოს და მათი შეხვედრა საოცრად ტკბილი იყოს. მართალია ამ ფილმში სიყვარულზეა ლაპარაკი, მაგრამ თუ დავაკვირდებით მეგობრობაშიც ასეა. შეიძლება ჩვენ ამას ვერც კი ვხვდებით ისე ვაკეთებთ, მაგრამ ჩვენი, ადამიანების გარკვეული ნაწილი სწორედ ასე იქცევა. მართალია მეგობრებს ასი წლით არ ვშორდებით, მაგრამ როცა მათთან თვეობით არ გვაქვს კონტაქტი და შემდეგ ვხვდებით, ეს შეხვედრა გაცილებით ტკბილი და საამურია, თითქოს ჩვენი მათდამი სიყვარული უფრო და უფრო იზრდება. ალბათ მეც სწორედ ასეთი ადამიანების კატეგორიას მივეკუთვნები და ხანდახან ამის გამო ხალხი ვერც კი მიგებს, ალბათ ეს მეგობრების ის კატეგორიაა, რომლებთანაც კონტაქტი მალე გამიწყდება, მაგრამ ვინც ნამდვილია ის უსიტყვოდ მიგებს და ხვდება ყველაფერს.

ვიყოთ თვეობით სხვადასხვა ადგილას, ერთმანეთი მაინც არ გვავიწყდებოდეს და ერთმანეთის მიმართ სიყვარული გვეზრდებოდეს, ალბათ ესაა ის გრძნობა, რომელსაც მეგობრობის სახელით ვიცნობთ, მაგრამ ზუსტად არავინ იცის რადგან ეს გრძნობაც ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენი ძლიერ ჩახლართულია. ერთ დღეს შეიძლება ერთი რამ მიგვაჩნდეს სწორი ამ საკითხთან დაკავშირებით, მეორე დღეს სხვა, მაგრამ მე დღეს სწორედ ამას ვთვლი ჭეშმარიტებად, რადგან, როგორც კამიუ იტყოდა „უპირველეს ჭეშმარიტებას ხომ იმას ვუწოდებთ, რომელსაც ყველაზე ბოლოს აღმოვაჩენთ ხოლმე“, ჰოდა დღეს სწორედ ესაა ჩემი უპირველესი ჭეშმარიტება.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG