ავტორი: თეო ცუცქირიძე
წვიმდა. სუსხიანი ოქტომბრის 13 რიცხვი იყო. დილის 08:28. საათების ისრებმა შეწყვიტეს მიმოქცევა და ისიც სწორედ მაშინ გამომეცალა ხელიდან. მოულოდნელად დატეხილი უბედურება ჩამტვრეული ფილაქნიდან ამოსხმულ წყალს ჰგავს. უსიამოვნო, გამაღიზიანებელი, მოულოდნელი. სწორედ ასეთია ეს ფერების გამფანტველი მომენტი. ამ შემთხვევაში ქვეცობიერის მიერ ნაკარნახევი ყვირილით, ტირილით, ისტერიკული სიარულით თუ იხელმძღვანელებ. არასოდეს მჯეროდა შავი კატის გადარბენის, სულელური რომანტიკული დამთხვევების, თუმცა ამ შემთხვევაში 13 რიცხვს თავისი ფუნქცია დააკისრეს ჩვენი ბედ-იღბალის რეჟისორებმა. ცხოვრება მშვენიერია, ცხოვრება საინტერესოა, ცხოვრების ყოველ ეტაპზე უნდა ეძიო ბედნიერება… შთაგვაგონებდნენ ბავშვობიდან, შემდეგ კი ისეთი გაუფრთხილებელი სევდა დაგვატყდებოდა თავს, რომ ადამიანის ეგოისტური ბუნება ბლოკავდა ცხოვრების მშვენიერების აღქმის უნარს. ნაბიჯების სიგრძეც იკლებს, წვიმის წვეთების სილამაზე გამაღიზიანებელი ხდება და საათის ისრებიც გაჩერებულია. ძველი წიგნების გადაფურცვლა უბრალო მოვალეობად გადაიქცა და არა სიამოვნების მიღებად. რეჟისორული ლამაზი ხრიკებიც კი შეუმჩნეველია და ცხოვრების ჭრელი ფერებიც ნელ-ნელა უფერულდება.
ჩვენი განწყობის ფაეტონის სადავეები სწორედ შავსა და თეთრ ფერებს უჭირავთ. შავებში ჩაცმული დამწუხრებული ადამიანები, თეთრ ფერებში გამოწყობილი სარკეები და ჭრელი ყვავილებით მორთული ოთახი. დამწუხრებულ-შეწუხებულები მას გააკრიტიკებენ, შეაქებენ, გაიხსენებენ, მოიწონებენ, დაიწუნებენ, მოენატრებათ, მოუნდებათ ის. თუმცა იმ კონკრეტული ადამიანის სულის უბრალოებასა თუ უმანკოებას ბოლომდე ვერავინ ჩასწვდება. უცნაურია, როდესაც გიწევს ცხოვრების შეცვლა. გიწევს მასზე წარსულში ლაპარაკი, გიწევს ფოტოების ცრემლებით დათვალიერება, გიწევს მისთვის რაღაცების მოყოლა ისე, რომ ის ვერც კი გაიგებს. მასთან ერთად გატარებული დღეები კიდევ უფრო იძენს ფასს. სწორედ ეს მოგონებები უფრო ფერადი ხდება, ცხოვრების ჭრელი ფერები კი ნელ-ნელა უფერულდება.
არავის ძალუძს შეცვალოს იმ კონკრეტული ადამიანის პიროვნული ღირსებები, გარეგნობა, ინტელექტი, პრაგმატიზმი, სიმკაცრე, იუმორის ზომიერი შეგრძნება, ენერგიული ხმა, ძლიერი ხელები და თეთრი თმა. როდესაც ფიქრების ქარიშხალი წამიღებს, ისევ და ისევ მასთან მივდივარ და მგონია რომ ის გვერდს მიმშვენებს. მგონია რომ ისევ სიამაყით მივაბიჯებ თბილისის ქუჩებში, რადგან ჩემ გვერდით სწორედ ისაა! ადამიანის ერთ-ერთი მტერი ხომ იმედია. სწორედ იმედის ბრალია, რომ მას ელოდები. ცდილობ გამოხვიდე შოკური მდგომარეობიდან, გააცნობიერო თუ რა ხდება შენს თავს, გაანალიზო რომ ის აღარ არის. გაანალიზო რომ მას რჩევას ვეღარ ჰკითხავ. თუმცა არის მომენტები, როდესაც გგონია, რომ კარი გაიღება , ის შემოვა, გგონია რომ არაფერი შეცვლილა, თუმცა მერე ფიქრებიდან რეალობაში დანარცხებისას აცნობიერებ თეთრად მორთული სარკეების რეალურ დანიშნულებას, ცხოვრების ჭრელი ფერები კი ნელ-ნელა უფერულდება.
13-ის დილას მისი ოთახიც კი ნაცრისფერი იყო. ფერები, როგორც ვთქვი მხოლოდ მასთან დაკავშირებულ მოგონებებს აქვთ, მის მიერ დატოვებულ ძველი წინებში ასახული ისტორიები და რომანები კი კიდევ უფრო საინტერესო ხდება. სხვა დანარჩენი; ქუჩები, შუქნიშნები, მაღაზიები, ხეები, მანქანები ერთმანეთში ირევა და ნაცრისფრად იქცევა. ადამიანი ხომ ეგოისტია, ადამიანი უბედურების დროსაც ცდილობს მონახოს ლამაზი ფერი, თუმცა გარშემო მხოლოდ შავი და თეთრია. ცხოვრების ჭრელი ფერები კი ნელ-ნელა უფერულდება.
ვინ დააწესა, რომ ხე მწვანე უნდა იყოს? ვინ დააწესა რომ შავი სევდის ფერია? ვინ დააწესა რომ ის ადამიანი უნდა წავიდეს შენგან? უცნაური აღსაქმელია ეს ყველაფერი. ადამიანი უეცრად დატეხილი უბედურების მერე ცვლის ცხოვრების რიტმს, ტემპს, მისი დროც და ნაბიჯის სიგრძეც კი კლებულობს და ის თავად წყვეტს შავი რისი ფერია; თანაგრძნობის, სევდის, საყვარელი ადამიანის თუ იმედის.