Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

(პოლიტიკური) სისტემა როგორც ძალაუფლება


ავტორი: ვახტანგ მაზმიშვილი

რა არის ძალაუფლება, საიდან იღებს სათავეს, ვის ეკუთვნის და საერთოდაც არის თუ არა ის აუცილებელი რაღაც სისტემის(არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს პოლიტიკური სისტემის თუ სხვა ელემენტთა...) ფუნქციონირებისთვის?.. ორი სიტყვის, ძალისა და უფლების გაერთიანება, ძალიან ბევრ კითხვას ბადებს. შევეცდები თანმიმვდევრულად გავცე პასუხები და მივიდე ჩემს მთავარ სათქმელამდეც - სისტემა არის ძალაუფლება და ძალაუფლება არის სისტემა.

მისი(ძალაუფლების) ყველაზე პოპულარული განმარტება, თუ შეიძლება ასე ითქვას, არის შემდეგი: „ძალაუფლება, ესაა გარკვეული უნარი, აიძულო სხვას და გააკეთებინო ის, რასაც სხვა შემთხვევაში (ის) არ გააკეთებდა.“ ეს განმარტება გერმანელ სოციოლოგს, მაქს ვებერს ეკუთვნის, რომელიც ძალიან მკაფიო, ნათელი და საკმაოდ მყარად დამკვიდრებული ახსნაა ძალაუფლების რაობის, სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებებში. ჩემს შემთხვევაში ვისარგებლებ და დავესესხები XX საუკუნის ამერიკელ პოლიტიკურ მეცნიერს, ელმერ ერიკ შატშნაიდერს რომელიც გვთავაზობს ძალაუფლების, როგორც პროცესში გამოხატული, მისი დამხმარე ინსტრუმენტის განსაზღვრას. „ალტერნატივების განსაზღვრა ძალაუფლების უმაღლესი ინსტრუმენტია“.

ძალაუფლება ესაა უნარი, თუმცაღა თავად აქვს უნარი, რომელიც ზემოთაღნიშნულიდან კარგად ჩანს. ალტერნატივების განსაზღვრა... ალტერნატივასთან დაკავშირებით, ბევრი რომ არ გამიგრძელდეს, ვიტყვი, რომ ესაა დღესდღეობით, თავისუფალი ინდივიდისთვის, თავისუფალ გარემოში არჩევანის გაკეთების საშუალება. არჩევანი კი, თავისთავად გულისხმობს ერთზე მეტის(ასარჩევის) არსებობას. მაშინ როდესაც, სისტემა, რომელიც შექმნილია პოლიტიკური პარტიების, გაერთიანებების, რომელის ფუნქციონირებაში თავად საზოგადოებაც იღებს წვლილს, ხდება ავტონომიური, ნელ-ნელა სწორედ ის ადგენს თამაშის წესებს, ის ხდება პასიური მაკონტროლებელი და ის განსაზღვრავს ალტერნატივებს.

შვარცენბერგის აზრით, „სისტემა შეიძლება განვსაზღვროთ როგორც ურთიერთდამოკიდებულ და ურთიერთქმედებაში მყოფ ელემენტთა ერთობლიობა. ნებისმიერი სისტემა საფუძემდებელ თვისებებს ატარებს.
იმის თქმა, რომ შესწავლილი რეალობა ქმნის სისტემას, ნიშნავს აღვჭურვოთ იგი შემდეგი თვისებებით:
- იგი შედგება ელემენტებისგან, რომელთა შორისაც არსებობს ურთიერთდამოკიდებულების მიმართება
- ელემენტთა ერთობლიობით წარმოქმნილი მთიანობა არ დაიყვანება ამ ელემენტთა ჯამზე
- ელემენტთა შორის ურთიერთდამოკიდებულების მიმართება და ამის შედეგად მიღებული მთლიანობა ემორჩილება წესებს, რომელთა გამოთქმა ლოგიკურად სავსებით შესაძლებელია.
სისტემა გარედან მომდინარე დაწოლასა და თავის შინაგანი ელემენტების რეაქციას პასუხობს გლობალურად, როგორც მთელი“.
სისტემა ავტონომიურია, ვიმეორებ და თამამად შეიძლება იმის თქმაც, რომ ვერცერთ ხელისუფლებას ეყო გამბედაობა და ძალა შებრძოლებოდა მას. გამომდინარე იქიდან, რომ ამ დაპირისპირებამ, შესაძლოა თავად მმართველი ძალის ყოფნა-არყოფნის საკითხი დააყენოს. ანუ, უხეშად თუ ვიტყვით, არავის გაურისკავს!

ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების დროს, სისტემამ წარმოშვა რევოლუციის ტალღა, რომელსაც ოპოზიცია ჩაუდგა სათავეში, მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით. მიუხედავად თავდაპირველი ძვრებისა, რომელიც სისტემურ მასშტაბებამდე ადიოდა, მაინც ვერ მოახერხეს ბოლომდე რისკის გაწევა. მმართველი კლასი პოლიტიკურ ელიტად ჩამოყალიბდა და ყველა ინსტიტუტი თუ საშუალება, მედიიდან დაწყებული, შინაგან საქმეთა სამინისტროთი დამთავრებული, ამ ძალის სათავეში ყოფნას ემსახურებოდა. სისტემის ვალიდურობა, რომ ის ნამდვილად არსებობდა და არსად გამქრალიყო შევარდნაძის ხელისუფლების დამხობის შემდეგაც, 2007 წლის 7 ნოემბერს დამტკიცდა.

როდესაც ყავლგასული „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას იღებდა, კონკურენტად „შარავანდედით“ მოსილი ბიზნესმენი, ბიძინა ივანიშვილი წარუდგა. დაბალრეიტინგიან ოპოზიასთან ერთად, მან შეძლო გამარჯვება. თუმცაღა ვერ გაუძლო სისტემის წნეხს, მალევე პრემიერის პოსტი დატოვა და გარკვეუწილად არაფორმალურ ლიდერად შეიქნა. რა მიიღო საზოგადოებამ? ერთის მხრივ მრავალშეცდომადაშვებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებამ, გამოცდილი მუშაკთა დათხოვნა და მეორეს მხრივ შედარებით ახალბედა, ნაკლებად პროფესიონალი „ქართული ოცნების“ მომხრეთა სახელისუფლო პოსტებზე დაწინაურება. არ უნდა დაგვავიწყდეს, ეს ალტერნატივა, სწორედ სისტემამ განსაზღვრა.

დავუბრუნდები შვარცენბერგის მოსაზრების ამ ნაწილს: „სისტემა გარედან მომდინარე დაწოლასა და თავის შინაგანი ელემენტების რეაქციას პასუხობს გლობალურად, როგორც მთელი“. თუ მისი განვითარების დიაგრამას დავხაზავთ, ის, ყველაზე ძლიერ ფორმას, სადაც ძალაუფლება მაქსიმალურად იქნება კონცენტრირებული, მიიღებს ტოტალიტარიზმის დროს. ყველაზე უკეთ მისი ქმედითუნარიანობა ამ რეჟიმის დროს გამოჩნდება. როცა სისტემა აკონტროლებს ყველასა და ყველაფერს. შესაბამისად სუსტდება რაც უფრო იმატებს თავისუფლების ხარისხი, მაგრამ სისტემა არ ქრება, არამედ იცვლის სახეს. სწორედ ამიტომ, სისტემა არ უნდა გავიგოთ, როგორც აუცილებლად მახინჯი წარმონაქმნი, არამედ პირიქით, მაქსიმალურად უნდა გავიაზროთ მისი მნიშვნელობა და რაც ყველაზე მნიშნელოვანია, მივანიჭოთ სწორი დატვირთვა. თუ სახელმწიფო საკუთარ ლეგიტიმურობას ზრდის და ამყარებს პოლიციის, სამხედრო ძალების ხარჯზე, სისტემაც ავტომატურად პასუხობს, როგორც ინსტიქტი. ისიც იზრდება და გაცილებით რთულია შემდეგ მისი მშვიდობიანი გზებით გამოსწორება. შეცდომები სავალალოა, ასეთ შემთხვევებს კი როგორც წესი მასიური ცვლილებები, რევოლუციები, სამოქალაქო დაპირისპირებები მოჰყვება ხოლმე.

ორი ათეული წელია და მეტი კიდევ რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და თითქოს და ვერ შევძელით განვითარების ნორმალურ რელსებზე დადგომა. რატომ?.. მაშინ როდესაც იცვლებოდნენ პოლიტიკური პარტიები, პირები, ხელისუფლება-ოპოზიცია. ყოველთვის და ყველა ინსტიტუციასა თუ დაწესებულებაში, ხშირად ბრძოლის საშუალება და მიზანი არასწორი იყო. ვინ ქმნის სისტემას? როგორც აღვნიშნე, სახელმწიფო მოხელეები, პოლიტიკური პარტიის აპარატის წევრები, სკოლის პედაგოგები, მე და თქვენც(მკითხველო). თითოეულის წვლილი განსცავებულია, ნაცვლად იმისა, რომ ერთმანეთის გადაბრალების რეჟიმში ვიყოთ, საჭიროა გაერთიანებისა და ცვლილებებისკენ სწრაფვა. საზოგადოება არ უნდა ებრძოლოს ერთმანეთს, არამედ უფრო ძლიერსა და მეტს - სისტემას, მის ძალაუფლებასა და მივანიჭოთ ის, ლეგიტიმურ მესაკუთრეს - ხალხს(საზოგადოებას). ძალიან მაჟორულ ნოტაზე დასასრული რომ არ გამომივიდეს და კითხვაზე როგორ?(ანუ, როგორ უნდა ვებრძოლოთ) პასუხიც რომ გავცე დავწერ, რომ ამისთვის, არ არსებობს რამე მექანიზმი, ან წამალი რომელიც აუცილებლად განგვკურნავს. ეს არის ძალიან ხანგრძლივი პროცესი, მეტამორფოზა, ვინაიდან ჩვენ ვართ მთლიანი სისტემის ელემენტთა ერთობლიობის ნაწილი, ჩვენ, ინდივიდებიც, თავად ვართ სისტემები და ხომ არ სჯობს, რომ ვიდრე სისტემა აგრძელებს ჩვენს ბოლომდე გადაკეთებას, გვართმევს ძალაუფლების უკანასკნელ ნაწილებს, დავიბრუნოთ და ჩვენ თავად შევცვალოთ სისტემა?!..

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG