Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოდა, როგორც მისტერია


ავტორი: ვამეხ ქალდანი

მოდა ეს ისეთი რამაა, რასაც გვერდს ვერასგზით ავუვლით. ქუჩაში, სკოლაში, უნივერსიტეტში, საავადმყოფოშიც კი.. ტელევიზიები აკრიტიკებენ ადამიანთა ჩაცმულობას, გვთავაზობენ სხვადასხვა სახის ტენდენციებს, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში ჩვენ ბევრად მეტად მოვახდენთ ადამიანებზე შთაბეჭდილებას. აბსურდია იმის მტკიცება, რომ ეს მარადჟამს ასე იყო ან ასეა ახლა.

დღეს სიტყვა „მოდა“ მხოლოდ ტანსაცმელთან და პოდიუმთან როდი ასოცირდება. ნებისმიერ სფეროში შეხვდებით ადამიანს, რომელიც ზემოდან გადმოგხედავთ, გაგიღიმებთ და გეტყვით: „ეს ახლა აღარაა მოდაში. შეეცადე რაიმე შეცვალო.“ შესაძლოა ეს იყოს ქმედება, მიმიკა ანდაც სიტყვა. ეს უკანასკნელი დღეს ფაქტობრივად განაგებას ყოველ პროცესს. ლიტერატურის სწრაფმა ტემპმა განაპირობა, რომ ძველად არსებული მრავალი ტრადიცია დაირღვა და ამაში ერთი შეხედვით ცუდი არაფერია, რადგან მოვიდა ახალი დროება, რომელმაც მოიტანა გამოხატვის სხვაგვარი საშუალება. მაგალითად, გადამეტებულ აღწერებს და სიტყვით კეკლუცობას დღეს ნაკლად ჩაგითვლიან და გეტყვიან: „გაამარტივე ტექსტი. ეს ზედმეტად რთულია.“

აზრის უზენაესი შეცნობის იდეა დაიკარგა და ყველაფერი საზრისის გამოცნობამდე კი არა, აღძრული ემოციის დონემდე დავიდა. თუკი, რაიმე აზრი პოპულარულია, ის დასაბეჭდადაც ივარგებს, რადგან დიდ ემოციას, ვნებათა ღელვას გამოიწვევს. მაშინ გამოდის მთელი კლასიკა ცეცხლში ყოფილა შესაგდები, რადგან ბევრი რამ შესაძლოა სრულებით აღარ ჩანდეს საინტერესო. დღევანდელობაში შეინიშნება აზრისა და ეპოქის უგულებელყოფა. მხოლოდ იმას ექცევა ყურადღება, რა ემოცია აღძრა ამა თუ იმ ქმედებამ ადამიანში. ამიტომაა, რომ მოსწავლე უარყოფითად განეწყო ქართული ლიტერატურის(ზოგადად წიგნის) მიმართ. მასთან ვერ მიიტანეს მართებულად სათქმელი. ყველას კი არ შეუძლია სიტყვის გემო სრულად გაიგოს. ზოგს ამაში დახმარება სჭირდება, ბიძგი, რათა სწორ გზას დაადგეს და მიხვდეს რა არის საჭირო ჭეშმარიტი ლიტერატურის შესაცნობლად. მოსწავლე, რომელიც კითხულობს რომელიმე მწერალს, თუნდაც „სამანიშვილის დედინაცვალს“ და მას აღძრული ემოციით განსჯას სთხოვენ, გასაკვირია, რომ ეს მასში გარკვეულ ანტიპათიასაც გამოიწვევს? არანაირი ყურადღება სამწერლო ენას, პერსონაჟთა სახეცვლილებას. მხოლოდ შინაარსი და ემოცია. დიდი განცდები, ვნებები მხოლოდ შინაარს როდი მოაქვს. წიგნი შესაძლოა სარკეს ჰგავდეს, რომელშიც ეპოქის ანარეკლი სრულად ჩანს, მაგრამ ამას დანახვა და ამოკითხვა უნდა.

ახლა „მოდაშია“ უსამართლო, უსაფუძვლო კრიტიკა. მწერალი, რომელიც კონსტანტინე გამსახურდიას „მთვარის მოტაცებას“ გააკრიტიკებს, სულ მცირე აზროვნების მაღალ საფეხურზე მაინც უნდა იდგეს. სხვა რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ამ ქმედებას მრავალი უარყოფითი მხარე აქვს. უმთავრესი-ავტორი ცოცხალი აღარაა და მისგან პასუხს ვერ მოისმენენ. ამიტომ შესაძლოა ნებისმიერი სისაძაგლის წერა, თუნდაც იმის თქმა, რომ გამსახურდიას რომანები „მდარე“ ხარისხისაა(ამ უკანასკნელის წაკითხვისას სულ მაგონდება კაცი, რომელსაც არაფერი ესმოდა და შესანიშნავ ჰანგზე მოცეკვავე ახალგაზრდებს დასცინოდა რა უაზროდ იგრიხებიანო). მწერლებისგან ეს ქმედება იმითაც შეიძლება აიხსნებოდეს, რომ ვერადავერ დააღწიეს წარსულის აჩრდილს თავი. დღეს უკმაყოფილოები არიან მკითხველის მათდამი დამოკიდებულებით და სხვის სახელს აყენებენ ჩრდილს. არადა, განა, კონსტანტინე გამსახურდია არ იცოდა ეგ? იმავე „მთვარის მოტაცებაში“ წერია შემდეგი ფრაზა:

„თუ გსურს ღირსეულს მიაყენო ჩრდილი, უღირსის ქებას უნდა მიჰყო ხელი.“

არც ამას უჩივის დღევანდელობა. ყოველ ახალ გამოჩენილს დიდი ზეიმით ხვდებიან, მიუხედავად იმისა, მოსწონთ თუ არა. მიდგომა ასეთია: „იქნებ გაამართლოს. მერე დამიფასდება.“ რა თქმა უნდა... თუმცა ჯერ ასეთი რომ არავინ გამოჩნდა?

მკითხველს ემდურიან არ კითხულობენ ლიტერატურასო. არადა, პირიქით ხდება. უბრალოდ ქართველი ელის იმ რომანს, რომელშიც მისი სატკივარი ყველაზე მეტად იქნება წამოწეული. გასართობ, თავშესაქცევ რომანებში დიდებული კულტურის მქონე ბრიტანეთს, საფრანგეთს, თუნდაც ამერიკას ვერ გავეჯიბრებით, მაგრამ მათთან შედარებით ერთი დიდი უპირატესობა გვაქვს. ისტორიიდან გამომდინარე იმდენად მძაფრი რამის დაწერა შეგვიძლია, რომ მკითხველი თავისით მობრუნდეს. თუმცა რა ხდება? ჩვენ ვცდილობთ დავივიწყოთ წარსული ტრადიციები და სრულებით ახალი შევქმნათ. თანაც დასავლეთიდან გადმოვიღოთ ყოველივე ეს და მერე ხელი იქითკენ გავიშვიროთ(მაგალითისთვის: „ჯულიან ბარნსს თუ კითხულობენ მე ვითომ რითი ვარ ნაკლებიო?“). აქ კი უკვე სერიოზულ შეცდომას უშვებს ავტორი. მოდის შემომტანი, თვითონ კარნახობს სამყაროს კანონებს. ეს უზენაესი წესი, ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან მოდის და არ არსებობს მაგალითი, როდესაც ამას არ გაუმართლებია. მწერალი პილატე პონტოელის პოზიციას ირგებს. ხელები დამიბანიაო და აგრძელებს წერას. ასე კი შედეგი არაა სასურველი. ჩემი აზრია და მგონია, რომ დღეს ლიტერატურა ყველაზე ნაკლებად სტკივა პოეტს, პროზაიკოსს, დრამატურგს... მათი მთავარი მიზანი პოპულარული ნაწერის შექმნაა და არა ისეთის, რომელიც ღრმად დაგაფიქრებს.

ქართული ლიტერატურა ნელ-ნელა ძალებს იკრებს, მაგრამ ჯერაც მრავალი პრობლემა შეინიშნება. დამოუკიდებლობის მოპოვებამ და საზღვრების გახსნამ სხვა ტენდენციები მოიტანა. ევროპული მოდით მონუსხული ქართველი მწერალიც ხარბად დაეწაფა უშრეტ წყაროს, მაგრამ ამის შემდგომ სრულქმნა გაუჭირდა. ლიტერატურა ჯერ კიდევ ელის ახალ „ვარსკვლავს“ იმ დიდებულ ცაზე, რომლის ნაწილიც გალაკტიონი, პაოლო იაშვილი ანდაც დავით კლდიაშვილია. მწერლის ძიებაშია მკითხველი, რომელიც მის სატკივარზე დაწერს და უთანაგრძნობს, ანდაც მიწასთან გაასწორებს და სარკეში ჩაახედებს. ვინ იცის, ახლა კაცს იქნებ ყველაზე მეტად სწორედ ეგ სურდეს?

ამქვეყნად ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს და იმედი არის, რომ კვლავ გამოჩნდება ისეთი დიდებული შემოქმედი, რომელიც ჩასწვდება მკითხველის გულში არსებულ სევდას და ერთიანად ამოგლეჯს, როგორც გლეხი მიწიდან სარეველას. მტკივნეული იქნება, მაგრამ აუცილებლად დაუბრუნდება ადამიანი ლიტერატურას. მოდაც გაგრძელდება და ეროვნული ელემენტის დამატებით ნაწერი კიდევ მეტად სრულყოფილი გახდება. მწერალიც გამოჩნდება და იტყვის: „Adsum“ („მე აქ ვარ“).

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG