Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერნეტი და პარტიული პოლიტიკა


ავტორი: ზურა გამთენაძე

ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, იზრდება მოსახლეობის წვდომა ციფრული სამყაროს უმთავრეს ძარღვთან - ინტერნეტთან. ამ პროცესს არც საქართველო ჩამორჩება და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) კვლევის შედეგად, 2011 წლისთვის საქართველოს მოსახლეობის 33%-ს შეეძლო ინტერნეტით სარგებლობა. ამავე ცენტრისა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მონაცემებით კი 2013 წლისთვის მაჩვენებელი 50%-მდე ავიდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობა არ აქვს წვდომა მსოფლიო ქსელთან, ზრდის ტენდენცია აშკარად შეინიშნება, რაც ეფექტურად მოქმედებს, როგორც ერთმანეთთან კომუნიკაციაზე, ასევე საჯარო სერვისებთან ხელმისაწვდომობაზე. თუმცა, საინტერესოა, ამ და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენა პარტიებსა და მოსახლეობას შორის ურთიერთობაზე - როგორ იყენებენ ინტერნეტს საჯარო ან პოლიტიკური პირები, როგორ გავლენას ახდენს ეს მათს პოპულარობაზე და სხვ. ასევე საინტერესოა, თუ რა დაბრკოლებებს აწყდებიან პარტიები საკუთარი მიზნების ინტერნეტის გამოყენებასთან დაკავშირებით.

პარტიების მხრიდან გარკვეულ წინააღმდეგობებზე სანამ ვისაუბრებდეთ, მნიშვნელოვანია ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გეოგრაფიული პრობლემების ცოტაოდენი ახსნა მაინც. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა კვლევაში ჩანს იმ გეოგრაფიული არეალის გაფართოება, სადაც ინტერნეტი ყოველდღიურად ფუნქციონირებს, აშკარად შეიმჩნევა განსხვავება დედაქალაქს, სხვა ქალაქებსა და სოფლებს შორის ინტერნეტის გამოყენებასთან დაკავშირებით. ფაქტობრივად, თბილისის მოსახლეობასთან შედარებით დაახლოებით განახევრებულია სხვა ქალაქებში ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა, ხოლო სოფლებში კი ეს მაჩვენებელი ხუთჯერ უფრო მცირეა. კიდევ უფრო დეტალური ანალიზი გვიჩვენებს, რომ თუნდაც „თვეში ერთხელ ინტერნეტის მომხმარებელთა“ ნახევარზე ოდნავ მეტი თუ იყენებს სხვადასხვა სოციალურ ქსელსა, ხოლო ზოგადად ინფორმაციის მიღებისთვის ინტერნეტს იყენებს დაახლოებით მეათედზე მეტი. როგორც ზემოთქმულიდან ჩანს, საქართველოში ციფრულ სამყაროსთან წვდომა წლიდან წლამდე უფრო და უფრო მეტ ადამიანს აქვს, რამაც წესით უნდა გააადვილოს კომუნიკაცია საჯარო სერვისებთან თუ პოლიტიკურ მოღვაწეებთან, მაგრამ რეალურად სურათი არც ისე ლოგიკურია, როგორც უნდა ჩანდეს, თუმცა, ამასაც აქვს ლოგიკური ახსნა.

ყველა ან თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის ინდივიდუალრი პირები და ა.შ. აქტიურად იყენებენ პირად ინტერნეტ სივრცეს სოციალურ ქსელებში მოსახლეობისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად ან საკუთარი საარჩევნო კამპანიისთვის. სხვადასხვა სოციალურ ქსელზე აქტიურად მიდის მსჯელობები და განხილვები კონკრეტული მოვლენისა თუ პოლიტიკური პიროვნებისა, რომელსაც ასევე სხვა მომხარებლები ხედავენ. სწორედ აქ უნდა ვეძიოთ უმთავრესი კვანძი თუ რატომ არ არის პოპულარული სოციალური მედია პოლიტიკოსებისა და პარტიებისთვის. სწორედ მსჯელობისა და დებატების ფუნქცია შესაძლოა დისკომფორტს უქმნის კონკრეტულ პიროვნებას ან ჯგუფს, რადგან მსჯელობის დროს შესაძლოა არასასურველი ფაქტების ამოქექვა, თანაც ისე, რომ კომენტარის ველში იყოს საწინააღმდეგო არგუმენტაციის შესაბამისი ვიზუალური მასალაც, რაც კიდევ უფრო გაამყარებს მოწინააღმდეგე აზრზე მყოფის პოზიციებს და პირიქით, დაასუსტებს პარტიის ან პოლიტიკოსის პოპულარობას. ეს კი, რასაკვირველია, არაა სასურველი. შესაძლოა, სწორედ ამიტომ ერიდებიან პოლიტიკური ფიგურები და პარტიები ინტერნეტ სივცრის სრული მასშტაბით გამოყენებას. გაცილებით მარტივია ტელევიზიით მონოლოგი, ოპონენტთან დებატები ან მაქსიმუმ კონრკეტულ აუდიტორიასთან კომუნიკაცია, ვიდრე სოციალურ ქსელში ტელევიზიის მსგავსად ათასობით მაყურებლის წინაშე „გამოსვლა“, ოღონდ იმ უპირატესობით(გააჩნია უპირატესობა ვისთვის), რომ მაყურებელს ასევე აქვს უფლება შეეწინააღმდეგოს გამომსვლელს და საკუთარი აზრის დამადასტურებელი ფაქტები ყველას თვალწინ გადაუშალოს. სწორედ ეს უკანასკნელი გარემოება, „ყველას თვალწინ“, სახიფათოა პარტიისთვის ან პოლიტიკოსისთვის, რადგან ეს პირდაპირი დარტყმა იქნება მის რეპუტაციაზე, თუ ვინძლო ვინმემ რაიმე მაკომპრომეტირებელი ფაქტები არ დაპოსტა საჯაროდ.

მეორე შესაძლო უმთავრესი ფაქტორი, თუ რატომ არის ნაკლებად პოპულარული სოციალური მედია და ზოგადად ინტერნეტი პარტიებისა და პოლიტიკოსებისთვის მეორე აბზაცში განხილული საკითხია. შესაძლოა, პოლიტიკურ ორგანიზაციებს ან ფიგურებს არ სურდეთ აშკარა კამათი გამართონ პოტენციურ ამომრჩეველთან და თავსაც არიდებენ ამას, თუმცა, რეალურად, პარტია და პოლიტიკოსი „ვერ იარსებებს“ კომუნიკაციის გარეშე. ტელევიზიის გავრცელებასთან შედარებით ინტერნეტთან ნაკლები წვდომა მთელი მოსახლეობის დონეზე და უფრო მწვავედ კი რეგიონულ დონეზე, საკმაოდ პრობლემური იქნება პარტიებისთვის, განსაკუთრებით კი წინასაარჩევნო პერიოდში. მარტივად რომ ვთქვათ, ჯერჯერობით ტელევიზია და პირისპირ შეხვედრა უფრო მომგებიანია, ვიდრე ინტერნეტით კომუნიკაცია, რაც ამცირებს კიდეც უშუალოდ და ყველას თვალწინ ფართო დებატებს, სადაც არცაა გამორიცხული ბევრი მაკომპრომეტირებელი ინფორმაციის გავრცელება. ამასთანავე, როგორც „კავკასიის შვეიცარული აკადემიის ქსელის“ კვლევა იუწყება, ქართულ პარტიულ პოლიტიკაში აშკარაა პერსონოფიცირების მაღალი დონე, რაც გამოიხატება თუნდაც პარტიის სოციალური ქსელის ანგარიშებთან შედარებით ინდივიდუალური პოლიტიკური ფიგურების ანგარიშების მნიშვნელობის ზრდას და სწორედ მათი გავლით პარტიის გეგმების ჩვენება.

თუ შევამაჯამებთ ზემოთმოყვანილ მნიშვნელოვან ფაქტორებს თუ რატომ გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები, კერძოდ, სოციალური ქსელები და ზოგადად ინტერნეტი პარტიების მხრიდან ასე ნაკლებად, ვიდრე ტელევიზია და სხვა მედია საშუალებები, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ რეგიონული დიფერენცია ინტერნეტთან ხელმისაწვდომობაზე, ერთ-ერთი უმთავრესი ხელისშემშლელი ფაქტორია, თუ რატომ არის კომუნიკაციის ამ საშუალებით დაინტერესება ნაკლები პარტიების ან პოლიტიკოსების მხრიდან. ასევე სოციალური ქსელები ერთ-ერთი ფუნქცია, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს საჯარო კამათში ჩაერთოს ან გამართოს კიდეც დებატები, ხელს არ აძლევს პარტიებს უფრო მყარად, მონოლოგურ ტიპის კომუნიკაციაზე ააგონ რეპუტაცია. თუმცა, 2011 წლიდან დღემდე მოსული აშკარად შეინიშნება ტენდენცია ინტერნეტმომხმარებელთა ზრდისა მთელი ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით რეგიონებში, რაც ასევე სახელმწიფო პროგრამის თუ საბაზრო პრინციპების გამო ხდება და ეს იძლევა იმედს, რომ სამომავლოდ სავსებით შესაძლებელია ვიხილოთ ინტერნეტ საარჩევნო კამპანიები და მსგავსი ტიპი თანამედროვე ტექნოლოგიებზე დამყარებული პოლიტიკა.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG