Accessibility links

10 დეკემბერი, კვირა

დღეს კინოთეატრ "ამირანში" ჩემი ფილმის, "ნამეს" განმეორებითი ჩვენება შედგა.

პრემიერა გუშინ იყო, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვაზე.

საზეიმო ცერემონიის მერე ვერა და ვერ დამშვიდდა მოსული მაყურებელი, არ იქნა და არ შეწყდა გასვლა-შემოსვლა, ანთებული მობილურების ტრიალი, რიგებში ვიღაცის მუხლებზე გადავლა, კარების გაღება და დახურვა თითქმის გაუჩერებლად...

მოკლედ, კარგა ხანს ვერ მოხერხდა ფილმზე კონცენტრირება.

არადა, ჩემი ფილმი ისეთი ხერხებით მაქვს აწყობილი, თუ შესაბამისი განწყობა არ შეგექმნა, ფილმის შინაგანი ატმოსფერო გეკარგება და მისი ყურება დროის უაზროდ დაკარგვად მოგეჩვენება.

დავიძაბე. ვინერვიულე.

ეკრანიც ისეთი მუქი იყო, ხმაც ისე ყრუდ ისმოდა, რომ საბოლოოდ დავკარგე იმედი მაყურებლზე რაიმე სახის ესთეტიკური შთაბეჭდილების მოხდენისა.

დღეს სხვანაირი ჩვენება იყო. უფრო აკადემიური, თუ შეიძლება ასე ითქვას. მაყურებელიც ისეთი მოვიდა, რომელსაც ფილმის ნახვა აინტერესებდა. დარბაზი, როცა შუქი ჩაქრა, გაირინდა. ვიგრძენი, ყველამ სავარძლის საზურგეს თავი მიაყრდნო და იმ შეთხზულ სინამდვილეში შეცურა, რომელიც ეკრანზე იხატებოდა.

ახლა არც ეკრანი მემუქა და არც ხმა მეუხეშა.

ფეხაკრეფით გამოვიპარე დარბაზიდან და გარეთ გავედი მოსაწევად. ადამიანები ჩემს ფიქრებთან პირისპირ დავტოვე.

რა უცნაურია, თითქოს დავამთავრე, ფილმი უკვე დამოუკიდებლად ცოცხლობს, ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არა, მაგრამ ყოველი ახალი ჩვენებისას მეჩვენება, რომ ჯერ მუშაობა არ დამისრულებია, უფრო სწორად, ჩემი გმირების გამოძერწვა ჯერ ისევ გრძელდება, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ამ წუთას კადრში იმავეს აკეთებენ, რაც უკვე დაფიქსირებულია, მაინც თითქოს ეს ადამიანები თავიანთი ცხოვრების ახალ დღეს ცხოვრობენ, და მე, როგორც მათი შემთხზველი, ახალ მოცემულობას ვხედავ, რომელსაც უკვე ვეღარ აღვწერ, უკვე ვეღარ გადმოვცემ, დრო მიდის, არ ჩერდება, ნამე ახალ დღეს ცხოვრობს, მხოლოდ ერთი მონაკვეთის დაკვირვება მოვასწარი, დანარჩენი კი გრძელდება და ეს უკვე ჩემი თვალთახედვის მიღმა მიმდინარეობს...

მე ჩემი ცხოვრება მაქვს, ნამეს და მის ოჯახს თავისი.

მოსალოდნელია, რომ ჩვენ აღარ გადავიკვეთებით...

11 დეკემბერი, ორშაბათი

უთენია ტელევიზიდან დამირეკეს, დილის გადაცემაში მონაწილეობაზე გუშინ მიმიცია პირობა და აღარც მახსოვდა.

ჩემი ეზოდან მქონდა პირდაპირი ჩართვა.

ძნელია დილიდანვე იფილოსოფოსო, მით უმეტეს, რომ ფილმის მერე განტვირთვის მიზნით სავსე ჭიქებს ვაგორებდი გათენებამდე და მთელ ხმაზე ვმღეროდი რაღაც სიმღერას, რომელიც მე მეჩვენებოდა, რომ სიმღერა იყო და რომელმაც ისე წამართვა ხმა, დილით სიტყვის ნაცვლად ხავილი აღმომხდა.

კარგი, ამას როგორღაც შემოევლო და შევძელი ორი წინადადების წარმოთქმა, მაგრამ მერე მთელი დღე ამეკვიატა უკმაყოფილების გრძნობა, რა შუაში ვიყავი დილის გადაცემაში ჩემი დამჟავებული სიფათით და უაზრო ტექსტებით, ხალხს ალბათ დილა გავუფუჭე-მეთქი, ვფიქრობდი. გარდა ამისა, ჩემი ფილმი ისეთი ხასიათისაა, მასზე საუბარი დილის ხალისიანი განწყობის შესაქმნელად ნამდვილად ვერ გამოდგება და, მით უმეტეს, მისი ავტორის აზრებიც ვერ იქნებოდნენ მთლად ხალისის მომნიჭებელი.

ვინანე, რომ დაუფიქრებლად დავხარბდი ტელეეკრანზე გამოჩენას.

მორჩა.

საჯაროობა კარგია სხვა სფეროებისთვის.

როცა გაქვს ცოდნა, კინოენით დაამყარო საზოგადოებასთან კომუნიკაცია, არავითარი სხვა დამატებითი საშუალება აღარ უნდა იყოს საჭირო. ავტორს თუ უწოდებ საკუთარ თავს, ნაწარმოები ილაპარაკებს იმას, რაც ხარ და რასაც წარმოადგენ.

გადავეჩვიო უნდა ინტერვიუებს.

აი, ახლაც დღიურებს ვწერ და იგივე კითხვა და ეჭვი მაწუხებს, ანუ, რა დამრჩა ისეთი უთქმელი, რაც მინდოდა და ვერ მოვახერხე კინოთი მეთქვა, რომ დამატებით სიტყვებს ვიყენებ დარჩენილის ასახსნელად?

როგორც ჩანს, კონტაქტის სურვილიც თანდაყოლილი თვისებაა და ასე ადვილად სრულ სიმარტოვეში გადასვლა თითქმის წარმოუდგენელია.

არადა, სიმარტოვე აუცილებელია, თუნდაც იმიტომ, რომ ყური დაუგდო და ნათლად გაიგონო, რას ლაპარაკობს შენში შენი ნამდვილი მე...

ჩვენ ხომ საკუთარი გულისცემა ყველაზე ცუდად გვესმის!

12 დეკემბერი, სამშაბათი

დღეს დედაჩემის გარდაცვალებიდან 13 წელი შესრულდა.

მისი საყვარელი გამოთქმა იყო, როცა ოთხმოცის გახდა: ეჰ, ნეტა ახლა სამოცი წლის ვიყო, ცხოვრებას თავიდან დავიწყებდიო!

მაშინ მეღიმებოდა,

ახლა აღარ მეღიმება,

სამოცის ვარ და იმიტომ.

მართალს ამბობდა, ამ გადმოსახედიდან რომ ვაანალიზებ.

შეიძლება ითქვას, ჩემს შემთხვევაში იგივე გამოვიდა. ახლიდან დავიწყე კინო.

დგება ცხოვრებაში დრო, როცა განვლილის შეფასებას იწყებ და უცებ აღმოაჩენ, რომ ის, რაც გინდოდა, ვერ გააკეთე, ან გააკეთე, მაგრამ იმდენი და ისეთი, როგორსაც ესწრაფვოდი, ვერ მოახერხე.
საშინელი განცდაა...

საღამოს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში ფილმის კიდევ ერთი პრემიერა ჩატარდა, კინოკლუბში, რომელსაც კინორეჟისორი ვახო ჯაჯანიძე მეთაურობს. ძირითადად ახალგაზრდები ესწრებოდნენ. ჩვენების მერე კითხვა-პასუხი გაიმართა.

გაოცებული დავრჩი, ისეთი საინტერესო მოსაზრებები ითქვა ფილმის ირგვლივ...

ინტერპრეტაცია რაიმე მხატვრული მოცემულობისა ყოველთვის სუბიექტურია და სწორედ ამის გამო არის ყურადსაღები, მით უმეტეს, როცა შენს ნაცოდვილარზეა ლაპარაკი.

ხშირად ანალიზის ინდივიდუალობა იმგვარ შრეებს ამოიკითხავს, რაზეც თავად ავტორს იქნებ არც უფიქრია.

ავტორი იმპულსების ტყვეა, რომლებიც უმეტესად რეალობის გამძაფრებული შემეცნების, შეცნობის, თუ ამოხსნის განწყობიდან იღებს სათავეს და მის არაცნობიერში ილექება, მისი მატერიალიზება მხატვრულ ფორმად მაგიური პროცესია და არ ექვემდებარება მიზეზ-შედეგობრივ ლოგიკას.

ანუ, ავტორი ასაგნებს ემოციებს, ამიტომ მისი ახსნაც ისეთივე ინდივიდუალურია, როგორც მკითხველის, მაყურებელის, მსმენელის.

და აქედან ასეთ შედეგს ვღებულობთ: ავტორმა არ იცის იმაზე მეტი, ვიდრე თავად მის მიერ შექმნილი მხატვრული სინამდვილის აღმქმელმა.
თავად ნაწარმოებიც ერთ-ერთი ინტერპრეტაციაა და არაფერი სხვა.

როცა მეკითხებიან, რას ვგულისხმობ ან რომელიმე ეპიზოდში, ან კადრში, ვიწყებ იმ იმპულსებზე ლაპარაკს, რომლებმაც შობა ესა თუ ის ეპიზოდი ან კადრი და ვგრძნობ, ეს განმარტება ვერ ხსნის იმ შინა-არსს, რაც მხატვრულ სახეს განსაზღვრავს.

მოკლედ, სხვა უკეთ ხედავს შენს ფიქრებს, ვიდრე შენ ახერხებ მათ სრულად გაცნობიერებას. ეს ერთგვარ რელიგიურ ექსტაზს ემსგავსება, შენ ხარ გამტარი იმ ენერგიის ნაკადისა, რომელიც აპრიორი გეძლევა რეალობიდან, ხოლო მიმღები ისეთივე განსჯის ობიექტია, როგორც თვითონ ესთეტიკური პროცესი.

13 დეკემბერი, ოთხშაბათი

წუხელ უსიზმრებოდ მეძინა. როგორც ჩანს, საპრემიერო დღეების ფორიაქმა უკვალოდ არ ჩაიარა, გამომფიტა და დამღალა. მაგრამ ამავე დროს დასრულდა კიდევ ერთი ეტაპი და ახალი შთაბეჭდილებებისთვის გაიღო კარები.

ჩემი სოფლის სახლი, კოსტოხაზე, ფიჭვებში ჩამალული რომ დგას მთის წვერზე, დაღონებული მელოდება.

მოიწყინა უჩემოდ.

გავეჩხირე ურბანისტულ მედიტაციებში.

დროზე უნდა დავაღწიო თავი!

მაგრამ ახალი წამოწყების ტყვეობაში ვარ ისევ.

მთის მკაცრი რეალიზმიდან ზღვის მითოლოგიამ მომიცვა მთლიანად.

ზღვის პირას დავიბადე, მთელი ცხოვრება ზღვა იყო ჩემი თანამგზავრი, ჩვენ სულ ერთად ვიყავით, ზღვა და მე, მაშინაც, როცა არ ვიყავით ერთად. ზღვა იყო თავშესაფარიც და განმარტოების ადგილიც.

ბათუმური ეზოები (ე.წ. იტალიური ეზოები) ზღვასთან დამოკიდებულებაში განსაკუთრებული ფენომენია, უფრო სწორად, იმ ადამიანების, ვინც ასეთ მრავალფეროვან კულტურულ ატმოსფეროში ცხოვრობს.

მარტო სახელების ჩამოთვლა რად ღირს: აიჰანა, ტახირა, სედა, ბაბულია, კარლო, პაპულა, შურა, პუსკუ, გურგენა, ფრიდონი, ტანია, სარა, პარმენი, ცირა, ნათელა, ჟორა, მამუდა, გოგიტა და კიდევ მრავალი...

ზღვა ყველა მათგანის ცხოვრების ნაწილი კი არა, ბედისწერაა, იქნებ გაუცნობიერებლად და გაუზრებლად, მაგრამ, როგორც ბედისწერას სჩვევია, სამუდამოდ, სიცოხლის ბოლომდე.

მოკლედ, ზღვა მაქვს მოზღვავებული.

ზღვა მოზღვავდა.

მოსვენება დავკარგე, სანამ არ გავიგებ, რას ნიშნავს - ზღვის ურბანისტული მითოლოგია.

ამ წუთას მეც არ ვიცი.

და საერთოდ, ზღვის მითოლოგია მესმის, მაგრამ ურბანისტულს ზღვასთან ვერ ვაკავშირებ.

აი, ასე, ხელის ცეცებით მივიწევ ხსოვნის სიბუნდოვანეში და ყველაზე მეტად, რაც ამონათებულია, ის მახსენდება. ვჯახირობ, ამ ფრაგმენტებიდან ერთიანი სურათი მინდა წარმოვსახო, რომელიც თავიდანვე ვიცი, არ იქნება მთლიანობა, არამედ იქნება სიგრძივი და დროითი განზომილების ჩარჩოებში მოქცეული, როგორც მუსიკა, როგორც პოეზია... მაგრამ მაინც, ის იქნება კიდევ ერთი მცდელობა ახსნას აუხსნელი - ზღვა და ადამიანი!

მაქვს უფლება, ქარის წისქვილებს ვეომო!

სათქმელი ბევრია.

აი, ეს ბევრი უნდა ჩაეტიოს მცირეში. ეს მცირეები კი ბევრი უნდა იყოს.

მრავალი მცირე.

ანუ, ბევრი ცოტა....

14 დეკემბერი, ხუთშაბათი

ინტერნეტში ვიბოდიალე. ფილმის ნახვა მინდოდა.

რამე - კარგის. ისეთის, რომელიც ახალი ენერგიით ამავსებდა.

ვერაფერს წავაწყდი.

ანუ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ "კარგი" ყოველთვის ცოტაა.

მომწონს ფილმი, რომელიც ხატავს აზრებს, ფიქრებს, გრძნობებს, განწყობებს...

და არ მომწონს (კატეგორიულად!), როცა აღწერენ, როცა მომითხრობენ ტიპიურ ამბავს ტიპიურ გარემოში (რეალობის ილუზიის შესაქმნელად) და როცა ფილმის შინაარსი დრამატურგიის წესების მიხედვით ზედმიწევნით გამოთვლილად არის ჩალაგებული...

ანუ, როცა მოჩანს ძვლები...

შემოქმედი ქმნის თავისი სულის ანარეკლს.

ანუ, სულის ანარეკლს სახიერ ფორმას ანიჭებს - ნებისმიერი მოცემულობით.

ანარეკლი რეალობის თანდაყოლილი თვისებაა.

უფრო შორსაც შეიძლება წასვლა - რეალობის არსებობა სწორედ ანარეკლში დასტურდება.

ანარეკლის გარეშე რეალობა ცარიელია.

რეალობას აზრს ანარეკლი ანიჭებს.

ანარეკლი კრებითი ცნებაა. და არა მ-ცნება.

აზროვნება, ენა, ხელოვნება - ყველა ეს მოცემულობა ანარეკლია თავისი ბუნებით.

ისინი ქმნიან რეალობის სახიერებას.

კინო ანარეკლის ერთ-ერთი გამოხატულებაა, როგორც ლიტერატურა, ფილოსოფია, მეცნიერება, არქიტექტურა, ციფრული ტექნოლოგიები (თანამედროვე ანარეკლი!).

ერთი პერსონაჟი ამეკვიატა. დროის ანარეკლი.

უნივერსიტეტში სწავლობდა, ფილოლოგიურზე, გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში.

წარჩინებით დაამთავრა.

ასპირანტურაში ჩააბარა.

დისერტაცია დაიცვა.

ლექციებს კითხულობდა მერე ორ უნივერსიტეტში...

როცა სსრკ დაიშალა, ეროვნულ მოძრაობაში ჩაება.

მიტინგები, შეკრებები, საპროტესტო აქციები.

ბოლოს არჩევნები...

სამოქალაქო ომი.

აღარ ჩარეულა. განზე გადგა.

სახლში ჩაიკეტა.

წერას მოჰკიდა ხელი.

ანუ, წერამ აიტანა.

მერე ლიტერატურის ინსტიტუტში გააგრძელა სამსახური.

ჯამაგირი - ხუთი კუპონი...

სახელმწიფო აღარ არსებობდა.

ქვეყანა გაიძარცვა.

მას არ შეეძლო ძარცვა.

რეპეტიტოტრობას მიჰყო ხელი. მოსწავლეები აიყვანა და კერძო გაკვეთილების ჩატარებით ირჩენდა თავს.

ჯერ კიდევ იყო დარჩენილი ოჯახები, ვისაც შვილებისთვის ქართული ლიტერატურის შესწავლა სურდათ.

დადიოდა კარდაკარ და პოეზიის და მხატვრული ტექსტების მაგიას უქადაგებდა იმ თაობას, რომელსაც უკვე აღარ იტაცებდა არსობრივი წვდომა, რადგან ზედაპირზე ტივტივი მთავარ მამოძრავებელ ძალად იყო ქცეული...

სულხან-საბა ორბელიანის სახე დაუკავშირდა უნებურად ჩემს ფილოლოგ გმირს, რომელსაც სახელად სევდო დავარქვი (პირობითად!) - სიტყვისგან სევდა...

საბას სამშობლო ყავს ავად.

სევდოს - მშობელი მამა.

საბას კათოლიკობის გამო ემტერებიან.

სევდოს ცოლი უტრაკებს, აღარ შემიძლია მამაშენის მოვლაო.

საბა საფრანგეთის მეფესთან და რომის პაპთან გარბის დახმარების სათხოვნელად.

სევდო თვის ძმასთან და დასთან ეძებს შველას.

საბა დაპირებებით ბრუნდება უკან.

სევდოც მხოლოდ დაპირებებს უნდა დასჯერდეს.

არავის ენაღვლება - არც სამშობლო, ანუ, რაც იგივეა, მშობელი.

ყველას თავისი გაჭირვებია.

საბა იტანს შეურაცხყოფას.

სევდო უძლებს ცოლის ჩხუბს.

საბა ძალას იკრებს და მიდის რუსეთში - ისევ თხოვნისთვის, რომ იქნებ როგორმე უშველოს სამშობლოს.

სევდოც იკრებს ძალას და მიდის სახლიდან. ავადმყოფ მამას ზურგზე შემოისვამს და ღამის ქალაქს შეუერთდება...

მიაბიჯებს სევდო ჩაბნელებულ ქუჩებში, ზურგზე მამა ჰყავს მოკიდებული და თვითონაც არ იცის, საით მიდის!...

წინ მხოლოდ შავი ზღვაა!...

15 დეკემბერი, პარასკევი

საჭეს ვატრიალებ.

ლურჯი მანქანა.

ბნელი გზა.

თბილისი ზევიდან.

ეს ის ქალაქია, რომელიც მიყვარს იმდენად, რამდენადაც საკუთარი წარსული.

ანუ ის დრო, რომელიც გამოვიარე.

ანუ სამოცი წელი.

ანუ სამზადისი...

როცა რჩება გონება, სხეული კი იშრიტება.

განსწავლა.

დახელოვნება.

მერე დაოსტატება...

მერე კეთების, თუ შექმნის ჟინი...

აღწერა - ხედავს და განსჯის.

განსჯა - ხედავს და აღწერს.

კინოენა ეძებს მესამე მდგომარეობას.

აღწერის განსჯა! ან, განსჯის აღწერა!

ხედავ: ხეს, ქვას, წყალს, ცას, მთას.

შენი განწყობა თავისუფალია ყოველდღიურობის მინარევებისგან, რომელიც შენი არაბუნებრივი სისავსეა.

რასაც ხედავ, თავისუფლებას განიჭებს.

ამიტომ შენი ხედვის არეალში მოქცეული რეალური სამყაროც იმავე განწყობისაა, რომელსაც ატარებ შენს თავში.

ბუნება (გარემო, ვითარება, მდგომარეობა) გეძლევა აპრიორი - როგორც იტყვიან, ის არ შეიცავს არც აზრს და არც განწყობას.

ის - მოცემულობაა.

მისი გამო-სახვა, ანდა გაზომვა შეუძლებელია ადამიანური ღირებულებების შესაბამისად - საგანი არ ბადებს მორალს.

მხოლოდ საგნის განსჯა - ამ შემთხვევაში - აღწერის განსჯა, ანუ განსჯის აღწერა - ანიჭებს ასეთ მოცემულობას შინა-არსს, რომელიც სუბიექტურია ყველა ვარიანტში და ობიექტურის ანარეკლია, დიახ, ანარეკლი ინდივიდუალურ პრიზმაში...

ვხედავ. ანუ ვხატავ.

ვხატავ. ანუ აღვწერ...

მივედ-მოვედე...

საკმარისია!

16 დეკემბერი, შაბათი

ადრე გამეღვიძა.

სოციალურ ქსელებში გავხეტიალდი.

ყველა ჭკუას "ისწავლება", ანუ გვასწავლის.

ამდენ ჭკვიანს რა გვეშველება?!

...ისევ იგივე პრობლემა - რა ვთქვა, როგორ ვთქვა?

და აჰა, მივუახლოვდი:

ჩემზე მინდა მოვყვე ამბავი - ჩემი ამბავი კი არა - ამბავი ჩემზე.

ანუ, "მე-ზე"!

მე ორი ეპოქის ჯამი ვარ. იმპერიის და პოსტ-იმპერიის. ეს არის ჩემი ისტორია.

თუ ბიოგრაფია?!

როგორ მოვყვე?!

პასუხი უცვლელია - რეალისტურად.

ე.წ. ხერხი - რეალიზმი.

მშრალი რეალიზმი, როდესაც განცდა გაქვს, რომ ხარ მონაწილე თანა-იმისა, რასაც ეკრანზე თვალს ადევნებ.

აზრს ნანახიდან გამოიტან. მთავარია, ის იყოს ნამდვილი, რასაც ხედავ.

ანარეკლი - როგორც ხერხი.

მიქელანჯელო ფრამარტინო. Michelangelo Frammartino.

აპიჩანტპონ ვირასეტაკული. Apichatpong Weerasethakul.

ბენ რასელი. Ben Russell.

ბენ რივერსი. Ben Rivers.

კარლოს რეიგადასი. Carlos Reygadas.

ცაი მინ-ლიანი. Tsai Ming-liang.

ცია ჯანკე. Jia Zhangke.

ბრუნო დიუმონი. Bruno Dumont.

ნური ბილღე ჯეილანი. Nuri Bilge Ceylan.

ლავ დიასი. Lav Diaz.

შანტალ აკერმანი. Chantal Akerman.

პედრუ კოშტა. Pedro Costa.

ლისანდრო ალონსო. Lisandro Alonso.

ხოსე ლუის გერინი. José Luis Guerín.

და, როგორც იტყვიან ასეთ შემთხვევაში, სხვები...

ეს რეჟისორები მახსენდება რატომღაც...

სამზარეულოდან წყლის ჩხრიალი მომესმა, ვიღაც ჭურჭელს რეცხავდა. ვერ გავიხსენე, ვინ დარჩა ჩემთან წუხელ.

როგორც მახსოვს, მარტო მეძინა.

ქუთუთოები გაჭირვებით დავაშორე ერთმანეთს, ისე იყვნენ შეწებებული, და წამწამებიდან მობილურის ეკრანს გავხედე. 9:49.

ბალიშს თავი გაჭირვებით ავახიე. გახურებული ფეხისგულები ცივ იატაკს რომ მიეკარა, სხეული უცებ გამიგრილდა.

საწოლზე წამოვჯექი.

ოთახში არავინ იყო.

ღია ფანჯრიდან ქუჩის შორეული ხმაური ისმოდა.

როგორც იქნა, წელიც ავითრიე და ფეხშიშველი სამზარეულოსკენ წავლასლასდი. სხეულზე ზეწარი მემოსა.

სამზარეულოს კარებთან გავჩერდი.

არ ვიცოდი, რა რეაქცია უნდა მქონოდა იმაზე, რასაც ვხედავდი. უფრო სწორად, ვისაც ვხედავდი.

მამაჩემი!

იდგა ეს მოხუცი კაცი დახლთან, წელზე წინსაფარი შემოეხვია, ონკანი ბოლომდე გაეხსნა, საიდანაც ცხელი წყალი მოჩხრიალებდა, და ოთახში ამის გამო თხელი ბურუსი იდგა, და წუხანდელი ნადიმის ნარჩენებს გულმოდგინედ რეცხავდა ღრუბლით და ქაფით. ისე ოსტატურად მოძრაობდნენ მისი ხელები, რომ თეფშების ოდნავ გაწკარუნებასაც ვერ გაიგონებდი. განძრევა ვერ გავბედე. გავქვავდი და თვალს ვერ ვაშორებდი.

თვითონ არც შეუნიშნავს ჩემი გამოჩენა.

მამაჩემი შვიდი წლის წინ გარდაიცვალა...

ვისთან გსურს საუბარი?

მეგობართან და თანამოაზრესთან.

ასეა კინოც.

ვინ გინდა ნახოს შენი ფილმი? რა კატეგორიის ადამიანებმა?

ეს უნდა განისაზღვროს თავიდანვე.

როგორ მაყურებელზეა გათვლილი შენი შეთხზული სიზმარი?

როცა გაარკვევ, ვის ელაპარაკები, სასაუბრო ენასაც ადვილად იპოვი.

უფრო სწორად, ის თავისთავად შეიძენს იმ სახეს, რომელიც საჭიროა.

მაგრამ არის განწყობა, როცა შენ შენს ენაზე გსურს მეტყველება და არ გაინტერესებს, გაიგებს და მიხვდება ამ ენას ვინმე, თუ არა. ასეთ დროს საკუთარ თავთან საუბრობ.

ორი მომენტი - როცა ესაუბრები სხვას და როცა ესაუბრები მხოლოდ შენს თავს.

აქედან - არსებობს კინო გათვლილი რაოდენობაზე და არსებობს კინო გათვლილი აღსარებაზე.

აღსარება ყოველთვის არ არის ყველასთვის გასაგები. მხოლოდ მოძღვარმა იცის, რას გულისხმობს და რის თქმა სურს აღმსარებელს.

მაყურებელი - აი, ჩემი, როგორც კინორეჟისორის მოძღვარი.

სხვა კრიტერიუმი არ არსებობს...

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG