Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თავისუფლების დღიურების" ათი წელი


დავით კაკაბაძე, მარინა ვაშაყმაძე. "თავისუფლების დღიურების" პრეზენტაცია
დავით კაკაბაძე, მარინა ვაშაყმაძე. "თავისუფლების დღიურების" პრეზენტაცია

31 მარტს თბილისში, მაჩაბლის ქუჩის #13-ში, „მწერალთა სახლმა“ კიდევ ერთხელ უმასპინძლა რადიო თავისუფლების "დღიურების" ამჯერად მეათე - საიუბილეო - წიგნის პრეზენტაციას. ტრადიციულად, გაიმართა დოკუმენტური ფილმის ჩვენებაც. "თავისუფლების დღიურები" ამ ათი წლის განმავლობაში სხვადასხვა პროფესიის, ეროვნების, ასაკის, ეთნიკური და რელიგიური კუთვნილების მქონე 520-მა ადამიანმა დაწერა, 2016 წელს კი "თავისუფლების დღიურების" მეთერთმეტე წლის ათვლა დაიწყო.

წლები გადის - საინტერესო ადამიანების რიცხვი კი, ვინც ყოველ წელს ერთი კვირის განმავლობაში თავის ამბავს გვიყვება, არ ილევა. არადა, მაშინ, ათი წლის წინ, როდესაც რადიო თავისუფლება ამ პროექტს იწყებდა, რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის უფროსს, დავით კაკაბაძეს, მისმა ერთმა კოლეგამ მეგობრულად ურჩია გადაეფიქრებინა ამ პროექტის დაწყება - ის ვარაუდობდა, რომ საინტერესო ავტორებს ერთ-ორ წელიწადში ვეღარ იპოვიდნენ. ამ ამბავს დავით კაკაბაძე ხშირად იხსენებს. გაიხსენა წელსაც. ახლა უკვე წიგნის თაროზე დღიურების ათი ტომი დევს, 520 ადამიანის. ათი წლის თავზე დავით კაკაბაძე ფიქრობს, რომ "თავისუფლების დღიურებმა" გაამართლა, კარგი საქმე გაკეთდა:

„’გაკეთდას’ პირველ პირში არ ვამბობ, რადგან ამ პროექტში მონაწილეობდა ძალიან ბევრი ადამიანი. აქ არა მხოლოდ ავტორებს ვგულისხმობ, არამედ მათ, ვინც მათ მოზიდვაზე ზრუნავს, მათთან მუშაობს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მარინას ვგულისხმობ, ვაშაყმაძეს. საერთოდ, ყველა ქვეყანაში ძნელი იქნებოდა ამ პროექტის კეთება და საქართველოში - განსაკუთრებით, რადგან ყველამ კარგად ვიცით, ქართველები არ გამოვირჩევით არც პუნქტუალობით, ხშირად არც სიტყვის შესრულება გვიყვარს. გვქონია ასეთი შემთხვევებიც და ათი წლის თავზე, ალბათ, შეგვიძლია ამის თქმაც, რომ ავტორს ბოლო მომენტში უთქვამს უარი, სხვა ავტორი გვიძებნია და მას ერთ დღეში დაუწერია მთელი კვირის ამბები“.

თავისუფლების დღიურების პრეზენტაცია
თავისუფლების დღიურების პრეზენტაცია

დავით კაკაბაძისთვის "თავისუფლების დღიურები" საინტერესოა როგორც ბოლო ათი წლის ერთგვარი მატიანე, რომელსაც 520 განსხვავებული ადამიანი მოგვითხრობს - მით უმეტეს, რომ ავტორების მიერ მოთხრობილ იმ კონკრეტულ კვირას წიგნშივე ახლავს იმ დღეების ქრონიკა: რა ხდებოდა - ვინ სად წავიდა და ვინ ესტუმრა საქართველოს, ვინ გაიფიცა და ვინ რა თქვა.

„ამ პროექტის მთელი აზრიც ის არის, რომ განსხვავებული მოსაზრებების, პოზიციების, ორიენტაციის ხალხს ჰქონდეს საშუალება თავისი აზრის გამოხატვისა. ჩვენი მიზანი კი ის არის, ვიცოდეთ სად ვცხოვრობთ, ვის რა აწუხებს. შესაძლოა, არც მოგვწონდეს რომელიმე ადამიანის შეხედულებები, არ ვეთანხმებოდეთ მას, მაგრამ ჩვენ ხომ მარტო ისეთ ხალხს არ ვაწერინებთ დღიურს, ვინც ჩვენ მოგვწონს? ეს სულაც არ არის აუცილებელი პირობა. მთავარია იყოს მრავალფეროვანი. ძალიან ვცდილობთ, რომ დღიურები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებსაც დავაწერინოთ, თუმცა ქართულის ცოდნა ამ პროექტში გადამწყვეტია და ამიტომ ამ მხრივ ცოტა შეზღუდულები ვართ, თორემ გაცილებით მეტი ასეთი ავტორი გვეყოლებოდა“.

2015 წლის "თავისუფლების დღიურების" ერთ-ერთი ავტორია პოეტი და ლინგვისტი დიანა ანფიმიადი. სწორედ მან გახსნა ახალი წლის "თავისუფლების დღიურები" - დღე პირველი, პირველი იანვარი. ამონარიდი დღიურიდან:

“7 საათზე ვიღვიძებ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გვიან დავიძინეთ: გიო გიჟდება ახალი წლის შეხვედრაზე, აფორიაქებული და თოვლის ბაბუის საჩუქრებით აჟიტირებული, ძლივს დავაძინე. მაინც ადრიანად წამოხტა.

დასვენების დღის გამოყენება, ანუ გამოძინება, რომც გინდოდეს, ერთი პატარა, ოთხი წლის მაღვიძარა დილიდან ფორმაშია, თავისი საწოლიდან ჩვენთან გადმოდის, ხან ყურებზე მქაჩავს, ხან − ცხვირზე, ცდილობს თვალებიც გამახელინოს: „გაიღვიძე, შე პატარა, გაიღვიძე შე პატარა!“ ბოლოს და ბოლოს, თვალს ვახელ და ჩემს ცხვირზე მოჭყლეტილ მის პაწია ცხვირს ვგრძნობ; უზარმაზარი შავი თვალები დამყურებენ − ისედაც საცრისტოლა თვალები აქვს და ახლო ხედიდან ხომ საერთოდ!”

თავისუფლების დღიურების პრეზენტაცია
თავისუფლების დღიურების პრეზენტაცია

სანამ დიანა რადიო თავისუფლებისათვის დღიურების წერას შეუდგებოდა, ის ამ რუბრიკის აქტიური მკითხველი იყო. გვეუბნება, რომ ყველაფერში - კინოში, ლიტერატურაში, მხატვრობაში - ყოველთვის ყველაზე მეტად ადამიანები აინტერესებს, დღიური კი ამ მხრივ საუკეთესო საშუალებაა მათ გასაცნობად:

„მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვწერდი, დღიური არასოდეს დამიწერია. ისე კი, საუკეთესო საშუალებაა წერის სასწავლად. სკოლაშიც, ბავშვებს თუ დაავალებ დღიურის დაწერას, მათაც ჩამოუყალიბდებათ გარკვეული უნარ-ჩვევები. ჩემთვის, როგორც ავტორისთვის, ძალიან საინტერესო იყო კიდევ ერთი მომენტი - სულ ვწუწუნებ, რომ დრო უსწრაფესად გადის და საკუთარი ცხოვრების შესახებ უამრავი მომენტის დაფიქსირებას ვერ ვახერხებ - ეს ერთი კვირა იყო ჩემს ცხოვრებაზე გარედან დაკვირვებაც. ამ მხრივ, ეს ხუთი დღე არის ყველაზე კარგად შენახული ისტორია ჩემი ცხოვრების ბოლო რამდენიმე წლიდან, რომელსაც მე ვწერდი რადიო თავისუფლებისთვის იანვრის პირველ კვირაში“.

კიდევ გადაშლი "თავისუფლების დღიურებს" და მსახიობ მერაბ ნინიძის დღიურებს მიადგები. ის თავის ამბავს ჰყვება - შვილიშვილზე, თავის 50 წლის იუბილეზე, სოციალურ ქსელებზე. ამონარიდი დღიურიდან:

„დღიურის წერა რატომ ავიღე ჩემს თავზე, ჯერ არ ვიცი. დიდი ხნის წინ მართლაც ვაკეთებდი რაღაც ჩანაწერებს და სადღაც მოგროვილიც მქონდა. 1996 წლის ერთ დღეს, სავსე მთვარობაზე დავწვი. ესეც სადღაც წავიკითხე, რომ ასეთი ტიპის ბოდვისებურ ჩანაწერებს თუ სავსე მთვარეზე დაწვავ, შენი ჭირიც წაუღია: თავისუფლდები ზედმეტი ტვირთისგან და წარსული უფრო მსუბუქი და ასატანი ხდებაო. მე დავწვი სამი დიდი ჩანთა ბოდვებისა და ეს ძალიან კარგი შეგრძნებაა. დღიურებს უკვე იმდენი ხანია არ ვწერ, რომ არც მახსოვს, ბოლოს როდის დავწერე, მაგრამ რომ დავწვი, მახსოვს. რვეულები, ბლოკნოტები, თაბახის ფურცლები, ზოგჯერ ილუსტრაციებითურთ...

დღეს ბაბუა გავხდი. ამას წინათ 50 წელი შემისრულდა. დღიურს რატომ წერენ, მე არ ვიცი... „სამყარო ნელ-ნელა ემსგავსება უკაცოდ დარჩენილ ოჯახს“ − ტარიელ ჭანტურიას ლექსიდანაა. ჰო, აი დღეს ეს შეგრძნებაა“.

არ იყო ადვილი ნამდვილად - ვფიქრობდი, სად უნდა გამევლო ზღვარი პირადსა და საზოგადოებრივ სათქმელს შორის...
გია ჯვარშეიშვილი

პოლიტიკოსები, საჯარო მოხელეები, მხატვრები, მწერლები, გლეხები, ფერმერები, სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები, მასწავლებლები, ჯარისკაცები, მფრინავები, სასულიერო პირები - ვის არ შეხვდებით "თავისუფლების დღიურებში". მერე ზოგის ნააზრევი მოსწონთ, ზოგისას აკრიტიკებენ. ზოგ ადამიანს, ისეც ხდება, სწორედ ამ დღიურებით გაიცნობს ხოლმე საზოგადოება.

ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ დღიურები უმძიმეს კვირაში დაწერა - 13 ივნისის სტიქიის დღეებში. გვითხრა, რომ ეს არც ისე მარტივი იყო. მანამდე კი ჰქონია ასეთი დღიურების დაწერის გამოცდილება. ის კვირა სწორედ მისი ამბებით შემორჩა "თავისუფლების დღიურებს":

„ყველაზე უფრო მოულოდნელი იყო, როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ ბეჰემოტი იყო გმირთა მოედანზე. აქ უკვე ჩვენი მეგობრები მოვიდნენ - „ნაკრესის“ თანამშრომლები. ჩვენ, ყველანი, ნაკრესელები ვიყავით თავის დროზე: ლევან ბუთხუზი და ბეჟან ლორთქიფანიძე, რომელიც მაშინვე მოვიდა ტრანკვილიზატორებითა და თოფით. სწორედ მან დააძინა, უფრო სწორად, მან ესროლა ბეჰემოტს და შემდეგ ის გაბრუებული იყო. ეს ძალიან რთული გასაკეთებელი იყო, რადგანაც დოზა კარგად უნდა ყოფილიყო შერჩეული, რომ ბეჰემოტი არ დაწოლილიყო, იმიტომ რომ მერე ამხელა მასის აწევა ბეჰემოტისთვის სახიფათო იქნებოდა. შემდეგ თანამშრომლები, იგივე ლევანი, ბეჟო და მწვანეთა მოძრაობის ოთხი წევრი, რომელთა სახელები არც კი ვიცი, მოვარდნენ თავიანთი მანქანებით, გვეხმარებოდნენ ბეჰემოტის შედენაში. ნელ-ნელა მოვიყვანეთ და შევიყვანეთ სპილოს ვოლიერში, რომელიც გამზადებული იყო. ასე ვითარდებოდა პროცესები. მთელი დღის განმავლობაში მსგავსი სიტუაცია იყო“, - წერს ის.

თავისუფლების დღიურების პრეზენტაცია
თავისუფლების დღიურების პრეზენტაცია

რაღაცნაირი ინკლუზიური კრებული გამოვიდაო, - ასე შეაფასა "თავისუფლების დღიურების" მეათე წიგნის ყდა და შიგთავსი გია ჯვარშეიშვილმა, რომელიც ასევე მოხვდა გამოცემის საიუბილეო მეათე წიგნში. აი, როგორ იხსენებს ის დღეს დღიურების წერის პროცესს.

„არ იყო ადვილი ნამდვილად - ვფიქრობდი, სად უნდა გამევლო ზღვარი პირადსა და საზოგადოებრივ სათქმელს შორის“, - ამბობს გია ჯვარშეიშვილი, ხელმძღვანელი ორგანიზაციისა "ვიმეგობროთ".

კიდევ, "თავისუფლების დღიურების" 2015 წლის კრებულში მოხვდა რაჭის მაღალმთიან სოფელში მასწავლებლად წასული ლელა კოტორაშვილის ერთი კვირა, ფემინისტი მხატვრის ლია უკლებას ამბები, ცნობილი მუსიკოსის ლიანა ისაკაძის დღიურები, სხვების და სხვების - ადამიანების, რომლებიც, ერთმანეთის მიყოლებით, თავის ამბებთან ერთად გვიამბობენ იმ კვირის საქართველოს ცხოვრებაზე, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, რეალურ თუ ვირტუალურ სივრცეში მიმდინარე პროცესებზე.

2016 წლიდან ისევ დაიწყო ახალი ათვლა. დავით კაკაბაძემ ისიც გვითხრა, ვფიქრობთ, მეორე წრეზე ხომ არ წავიდეთ და ზოგიერთ ავტორს ხელახლა დავაწერინოთ დღიურები, ოღონდ იმიტომ კი არა, რომ ხალხი შემოგვაკლდა, არამედ იმიტომ, რომ მათ შეეცვალათ სტატუსი - ზოგი მინისტრი გახდა, ზოგიც, პირიქით, მინისტრობიდან სამოქალაქო სფეროში გადაინაცვლა და, ამ მხრივ, მათი ამბების და დამოკიდებულებების ხელახლა წაკითხვა საინტერესო იქნებაო. ეს ჯერჯერობით იდეაა, მანამდე კი რადიო "თავისუფლების დღიურების" ახალი ავტორების სიას ემატებიან და ემატებიან საინტერესო ადამიანები.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG