Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გადატრიალება“ თბილისის საკრებულოში


საპროტესტო აქცია თბილისის საკრებულოსთან
საპროტესტო აქცია თბილისის საკრებულოსთან
თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე თანამდებობიდან გადააყენეს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და 13 მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეები, - ყოველივე ეს კი შესაძლებელი გახდა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს რამდენიმე წევრის გასვლისა და ახალი უმრავლესობის ჩამოყალიბების შედეგად. 26 ივლისისათვის დანიშნულ სხდომაზე საკრებულოს წევრები თავმჯდომარის გადარჩევასა და ახლის არჩევას აპირებენ.

თბილისის საკრებულოში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უმრავლესობა რამდენიმე კვირის წინ დაკარგა, როცა ფრაქციის რიგები კოკი იონათამიშვილმა დატოვა. საკრებულოს ახალმა, ინტერპარტიულმა უმრავლესობამ კი რიგგარეშე სხდომა თავმჯდომარის, ზაალ სამადაშვილის თანხმობის გარეშე მოიწვია. სხდომას ჯაბა სამუშია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გაუძღვა:

„ბატონებო, დღის წესრიგის მიხედვით, პირველი საკითხის, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობიდან ბატონი მამუკა ახვლედიანის გადაყენების შესახებ...“

სხდომის თავმჯდომარემ, ჯაბა სამუშიამ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მამუკა ახვლედიანის შემდეგ რიგრიგობით მუდმივმოქმედი კომისიების თავმჯდომარეების თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხებიც დააყენა. ყველა კენჭისყრა ერთნაირი შედეგით დასრულდა: გადაწყვეტილება მიღებულია! 25 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი!

სხდომის დასრულების შემდეგ ჯაბა სამუშიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საკრებულოს ახალი უმრავლესობა ემზადება რადიკალური საკადრო ცვლილებებისათვის და ამ მიმართულებით თანამშრომლობას ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობაში“ დარჩენილ კოლეგებსაც სთავაზობს.

„’ნაციონალურმა მოძრაობამ’ დაკარგა რა უმრავლესობა, ბუნებრივია, რომ ეს უნდა აისახოს სპიკერატზეც, მაგრამ მთავარი ის არის, რომ დღევანდელი სხდომით ჩვენ დავადასტურეთ, რომ მომხრე ვართ გვყავდეს მრავალპარტიული საკრებულო. ამავდროულად, დღეს არ დავაყენეთ კომისიების თავმჯდომარეების დანიშვნის საკითხი, რადგანაც მიგვაჩნია, რომ ეს პლენარულ სხდომამდე დარჩენილი ერთი კვირა გამოვიყენოთ კონსულტაციებისათვის“, უთხრა რადიო თავისუფლებას ჯაბა სამუშიამ, რომლის თქმითაც, კონსულტაციების მთავარი საგანი საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარის, ზაალ სამადაშვილის გადარჩევა და მის ნაცვლად ახლის არჩევა იქნება, თავმჯდომარეობის ერთ-ერთ კანდიდატად კი დასახელდა ფრაქცია „თბილისელების“ თავმჯდომარე და „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი ირაკლი შიხიაშვილი, რომელმაც, თავის მხრივ, არ უარყო გავრცელებული ინფორმაცია:

ათი ადგილი არის გლდანის საპყრობილეში. ამიტომ მინდა მოვუწოდო თბილისის მერს, ბატონ უგულავას, რომ დღევანდელი სხდომის შემდეგ ეყოს მას ადამიანური თავმოყვარეობა და თვითონ გადადგეს, ვიდრე თბილისის მერიას საკრებულო აიძულებს შესაბამისი პროცედურებით მიაღებინოს ეს გადაწყვეტილება...
კახა კუკავა
„ეს არის თბილისელების მიერ გაკეთებული არჩევანი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ უკანასკნელი ბასტიონი, რადაც გადააქცია თბილისის მერმა საკრებულო და მერია, უნდა დამთავრდეს და სახელისუფლებო ბალანსი თვითმმართველობაში (წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი) უნდა გასწორდეს.“

საკრებულოს თავმჯდომარის შეცვლას მხარს უჭერენ ახალი ინტერპარტიული უმრავლესობის სუბიექტები. „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი, თბილისის საკრებულოს წევრი კახა კუკავა ამბობს, რომ მხარს დაუჭერს ნებისმიერ კანდიდატს, რომელსაც „ქართული ოცნება“ წამოაყენებს, თუმცა ის იმასაც ამბობს, რომ საკრებულოს ახალ ხელმძღვანელობაში „ნაციონალური მოძრაობა“ საერთოდ არ უნდა იყოს წარმოდგენილი:

„მათი ადგილი არის გლდანის საპყრობილეში. ამიტომ მინდა მოვუწოდო თბილისის მერს, ბატონ უგულავას, რომ დღევანდელი სხდომის შემდეგ ეყოს მას ადამიანური თავმოყვარეობა და თვითონ გადადგეს, ვიდრე თბილისის მერიას საკრებულო აიძულებს შესაბამისი პროცედურებით მიაღებინოს ეს გადაწყვეტილება. თბილისის მერმაც, მისმა მოადგილეებმაც და სამსახურის ხელმძღვანელებმა უნდა დატოვონ თავიანთი პოსტები“.

სხდომის პარალელურად, საკრებულოს შენობის წინ საპროტესტო აქციას მართავდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების - „თავისუფალი ზონისა“ და „დროას“ - აქტივისტები, რომლებიც განსაკუთრებით მწვავედ აკრიტიკებდნენ საკრებულოს იმ წევრებს, რომლებიც 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობიდან“ ახალ უმრავლესობაში გადავიდნენ:

„ყველამ ერთად მოვუწოდოთ შიხიაშვილს და ვუთხრათ, რომ წავიდეს და მოგვშორდეს. ეს ადამიანი გადაძვრა „ქართულ ოცნებაში“ ძალაუფლების, ფულის გამო და ის არის მოღალატე“.

ამ დეპუტატებს არ ჰქონდათ არანაირი კანონიერი უფლება იმისა, რომ კანონიერად სხდომა მოწვეულიყო, მაგრამ გამოყენებული იქნა ძალისმიერი მეთოდი. ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილებები იქნება გასაჩივრებული თბილისის საქალაქო სასამართლოში...
მამუკა ახვლედიანი
„ვირთხებო! ვირთხებო!“

„ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალმა ზონამ“, გავაპროტესტეთ ის, რომ საკრებულოში მიმდინარეობდა სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები იონათამიშვილი და შიხიაშვილი, რომლებიც განიხილავდნენ საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხს. ვაპროტესტებთ და არ გვინდა, რომ ეს მედროვე ადამიანი დაინიშნოს საკრებულოს თავმჯდომარედ“, უთხრა ნონა საღარეიშვილმა რადიო თავისუფლებას.

რაც შეეხება თბილისის საკრებულოში წარმოდგენილ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და საკრებულოს ხელმძღვანელობას, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გადაყენებული მამუკა ახვლედიანი აცხადებს, რომ რიგგარეშე სხდომა უკანონოდ იქნა მოწვეული:

„ამ დეპუტატებს არ ჰქონდათ არანაირი კანონიერი უფლება იმისა, რომ კანონიერად სხდომა მოწვეულიყო, მაგრამ გამოყენებული იქნა ძალისმიერი მეთოდი. ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილებები იქნება გასაჩივრებული თბილისის საქალაქო სასამართლოში. რაც შეეხება შემდგომ თანაცხოვრებას საკრებულოში, მზად ვართ ნებისმიერ თემაზე განვაგრძოთ კონსულტაციები, მხოლოდ ხაზგასმით ვაფიქსირებთ იმას, რომ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი შიხიაშვილის კანდიდატურას კატეგორიულად არ დავუჭერთ მხარს!“

თუმცა, თბილისის საკრებულოს რეგლამენტის თანახმად, ახალ უმრავლესობას „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერის გარეშეც შეუძლია საკრებულოს თავმჯდომარის შეცვლა. რეგლამენტში ვკითხულობთ: „საკრებულოს თავმჯდომარე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ წინადადებას მისი გადაყენების შესახებ მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა“. 47 წევრიან საკრებულოში ახალი უმრავლესობა 25 მანდატს აკონტროლებს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG