Accessibility links

დივერსია თუ უბედური შემთხვევა? თბილისში კიდევ ერთი ბაზრობა დაიწვა


პოლიციელები ნახანძრალზე "დეზერტირების ბაზრის" ტერიტორიაზე. 2017 წლის ივლისი

19 აგვისტოს, გამთენიისას, თბილისის კიდევ ერთ ბაზრობაზე, კერძოდ, ისნის მეორადი ავტონაწილების ბაზრობაზე გაჩენილმა ხანძარმა 38 სავაჭრო ჯიხური გაანადგურა. ზარალი ჯერ დათვლილი არ არის, თუმცა ცნობილია, რომ ხანძარი 1200 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა და მის ჩაქრობას 21 სამაშველო ბრიგადა და 100-ზე მეტი მეხანძრე მაშველი ცდილობდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზარალებულები კი პასუხისმგებლობას ბაზრობის მფლობელ კომპანიას, „ტრანსსერვისს“, აკისრებენ და დახმარებას მერიისგანაც ელიან.

ხანძარი თბილისის ისნის მეორადი ავტონაწილების ბაზრობაზე 19 აგვისტოს, დაახლოებით, 4 საათზე გაჩნდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, დავით გელაშვილმა, განმარტა, ვითარებას ართულებდა ის გარემოება, რომ ხანძრის კერა ბაზრობის შუა ნაწილში იყო და ცეცხლი ორივე მხარეს სწრაფად გავრცელდა:

“არის რამდენიმე რიგი, დამწვარია სავალი ნაწილიდან პირველი, მეორე და მესამე რიგი და მათ შუაში განთავსებული დაშლილი და მეორადი სატრანსპორტო საშუალებები. მიზეზს, ზარალს მოგვიანებით მოგახსენებთ. იმუშავებენ კომპეტენტური ორგანოები და ხანძრის მიზეზი უნდა იქნეს შესწავლილი გამოძიების მიერ და დადგინდება“.

ეს არის მათი საკუთრება, თვითონ არიან პასუხისმგებელნი თავიანთ საკუთრებასა და ქონებაზე, კანონით თვითონვე აქვთ პასუხისმგებლობა იქონიონ ხანძრის ქრობის პირველადი საშუალებები. გარდა ამისა, ადმინისტრაციას რაც ევალება, ყველა ეს ვალდებულება შესრულებული აქვს და უსაფრთხოების ზომები დაცულია და არის დაცვის სამსახურიც...

ხანძრის მიზეზის ოფიციალურად დადგენამდე ისნის მეორადი ავტონაწილების ბაზრობის სავაჭრო ობიექტების მფლობელები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ბაზრობის დაცვის სამსახურის, ძირითადად კი ადმინისტრაციის მისამართით. მათ აქვთ არაოფიციალური ინფორმაციაც იმასთან დაკავშირებით, თუ სად გაჩნდა ხანძრის პირველი კერა. დაზარალებული ემზარ ლეთოდიანი ამბობს:

“როგორც გავიგე, სახაჭაპურე არის, იქიდან წარმოიქმნა ეს ყველაფერი და რა არის, მაგას ექსპერტიზა დაადგენს“.

ემზარ ლეთოდიანს, ისევე როგორც ისნის ბაზრობის სავაჭრო ობიექტების სხვა მფლობელებს, თავისი ქონება დაზღვეული არ ჰქონია. მისი თქმით, რადგან ბაზრობაზე ეგრეთ წოდებული მეორადი ავტომობილების ნაწილები იყიდება, საქონლის დაზღვევით არც ერთი სადაზღვევო კომპანია არ არის დაინტერესებული. “ტრანსსერვისის“ იურისტი ავთანდილ კახნიაშვილი კი, თავის მხრივ, ამბობს, რომ დაზარალებულები თავად არიან პასუხისმგებელნი იმ ფართებზე, რომელსაც განკარგავდნენ:

“სახელმწიფოში ჯერჯერობით სავალდებულო დაზღვევა არ არის, მაგრამ ეს ეხება საწარმოს უძრავ ქონებას. რაც შეეხება თვითონ დაზარალებულთა ქონებას, ის არის მათი ინდივიდუალური საკუთრება, ანუ საწარმოს მათთვის მიქირავებული აქვს ფართები, როგორც ხდება სხვა ბაზრობებზე. ეს არის მათი საკუთრება, თვითონ არიან პასუხისმგებელნი თავიანთ საკუთრებასა და ქონებაზე, კანონით თვითონვე აქვთ პასუხისმგებლობა იქონიონ ხანძრის ქრობის პირველადი საშუალებები. გარდა ამისა, ადმინისტრაციას რაც ევალება, ყველა ეს ვალდებულება შესრულებული აქვს და უსაფრთხოების ზომები დაცულია და არის დაცვის სამსახურიც“.

ისნის დაშლილი და მეორადი ავტონაწილების ბაზრობის მფლობელი კომპანია „ტრანსსერვისის“ იურისტის ეს განმარტება სავაჭრო ობიექტების მფლობელთა უკმაყოფილებისა და მხარეთა შორის სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი გახდა.

დაზარალებულები მიიჩნევენ, რომ პასუხისმგებლობა მომხდარზე - მათ შორის, ზარალის ანაზღაურება - კომპანია „ტრანსსერვისს“ ეკისრება. თავიანთი მოთხოვნები და პრეტენზიები მათ დირექციას საგანგებოდ გამართულ შეხვედრაზე წაუყენეს, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი „ტრანსსერვისის“ გენერალურმა დირექტორმა, ბექა მახარაძემ, მედიასთან განმარტა, რომ შპს „ტრანსსერვისის“ ბალანსზე არსებული ქონება - მათ შორის ადმინისტრაციული შენობები და საწყობები - დაზღვეულია, ინდმეწარმეები კი გაფრთხილებულები იყვნენ კუთვნილი ქონების დაზღვევის საჭიროების შესახებ. რაც შეეხება კომპანიის პასუხისმგებლობას, იგი არ გამორიცხავს, რომ ისევე როგორც 2015 წლის ხანძრის შემდეგ, ახლაც ფინანსური საშუალებების ოდენობის შესაბამისად დაეხმარონ დაზარალებულებს დამწვარი ჯიხურების სანაცვლოდ ახლის აშენებაში.

ჩვენ შუამავალ რგოლს წარმოვადგენთ ახლა ბაზრის დირექციასა და მოვაჭრეებს შორის, გავერკვევით სიტუაციაში და იმისდა მიხედვით, რა პრობლემებია გადასაჭრელი და რა მოთხოვნები ექნებათ თვითონ მოვაჭრეებს, დაზარალებულებს, იმისდა მიხედვით ვიმოქმედებთ...

„გამოძიებამ დადოს დასკვნა და პასუხისმგებლობა ვისაც დაეკისრება, კანონის წინაშე ყველა ერთნი ვართ და პასუხს ვაგებთ კანონის წინაშე. ჩვენ არ გავურბივართ ამ ხალხთან ურთიერთობას და წინა წლებშიც დავეხმარეთ, სხვათა შორის. 38 ჯიხური არის დამწვარი და, დაახლოებით, 40 ადამიანი იქნება მაქსიმუმ. ახლა ნახევარი ჯიხურები კიდე გაშავებულია, წყალმა დააზიანა, ალბათ, და ამის დათვლა მიდის, ახლა ყველაფერი ეს წუთებში და საათებში ვერ მოხდება, ამიტომ დრო უნდა ამას ყველაფერს“.

ბექა მახარაძეს ჯერჯერობით, გამოძიების დასრულებამდე, არ აქვს პასუხი კითხვაზე, რა იყო მეორადი ავტონაწილების ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის მიზეზი - დივერსია თუ უბედური შემთხვევა. თავის მხრივ, ადმინისტრაციასა და დაზარალებულთა შორის კონფლიქტში, როგორც თბილისის ისნის გამგებელი ვახტანგ ქიზიყურაშვილი ამბობს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ერთვება გამგეობა:

“ჩვენ შუამავალ რგოლს წარმოვადგენთ ახლა ბაზრის დირექციასა და მოვაჭრეებს შორის, გავერკვევით სიტუაციაში და იმისდა მიხედვით, რა პრობლემებია გადასაჭრელი და რა მოთხოვნები ექნებათ თვითონ მოვაჭრეებს, დაზარალებულებს, იმისდა მიხედვით ვიმოქმედებთ“.

ისნის მეორადი ავტონაწილების ბაზრობა, როგორც უკვე ითქვა, მეორედ დაიწვა. 2015 წელს ხანძარს 20-მდე სავაჭრო ჯიხური შეეწირა. გამოძიება მაშინდელ საქმეზე ჯერაც არ დასრულებულა. 2017 წლის 19 აგვისტოს გამთენიისას მომხდარ ხანძარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 187-ე - სხვისი ქონების დაზიანების - მუხლით დაიწყო.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG