Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეატრალურ უნივერსიტეტში რექტორის ხელახალ არჩევნებს ითხოვენ


თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ რექტორის არჩევნები უნივერსიტეტში კანონდარღვევით ჩატარდა. სწორედ ამიტომ ისინი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. ამ მოთხოვნით, 15 ოქტომბერს რუსთაველის გამზირი პროტესტის ნიშნად 5 წუთით გადაიკეტა. აკადემიის საბჭოს წარმომადგენლები თეატრალური უნივერსიტეტის მართვასა და რექტორის არჩევნებში კულტურის სამინისტროს უხეშ ჩარევაზე ლაპარაკობენ, კულტურის სამინისტრო კი აღნიშნულ ბრალდებას, მთავრობაში მიმდინარე ცვლილებების ფონზე, ვერ პასუხობს.

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს, ისევე როგორც ორ დანარჩენ სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებელს, სამხატვრო აკადემიასა და კონსერვატორიას, იურიდიული სტატუსი მიმდინარე წლის მარტში შეეცვალა. სასწავლებლები, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ნაცვლად, არასამეწარმეო იურიდიულ პირებად ჩამოყალიბდა. ცვლილების ოფიციალურ მიზანს უნივერსიტეტებისათვის სახელმწიფოსგან მეტი დამოუკიდებლობის მიცემა წარმოადგენდა, თუმცა, როგორც თეატრალურ უნივერსიტეტში აცხადებენ, სტატუსის შეცვლას სასწავლებელში კულტურის სამინისტროს მიერ ჯერ რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ნოშრევან ჩხაიძის დანიშვნა მოჰყვა, რამდენიმე თვეში კი, მათივე თქმით, ნოშრევან ჩხაიძე, ისევ და ისევ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, კანონდარღვევით იქნა რექტორად არჩეული.
წესდებაში შავით თეთრზე წერია, რომ წესდების პროექტი უნდა შეიმუშაოს წარმომადგენლობითმა საბჭომ და უნდა მონაწილეობდეს აკადემიური საბჭო ...
გიორგი შალუტაშვილი

როგორც თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრების მიერ 15 ოქტომბერს, უნივერსიტეტში სასწავლო წლის დაწყების დღეს, მედიის სახელზე გავრცელებულ მიმართვაში ვკითხულობთ, უნივერსიტეტის წესდება, რომლის შემუშავებაშიც წარმომადგენლობით საბჭოს არანაირი მონაწილეობა არ მიუღია, კულტურის მინისტრმა აგვისტოში ბრძანების საფუძველზე დაამტკიცა.

წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე გიორგი შალუტაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, წარმომადგენლობითმა საბჭომ რექტორის არჩევნებამდე წესდება ვერ მოიპოვა:

”წესდებაში შავით თეთრზე წერია, რომ წესდების პროექტი უნდა შეიმუშაოს წარმომადგენლობითმა საბჭომ და უნდა მონაწილეობდეს აკადემიური საბჭო. რექტორის არჩევნების საათამდე - დღის 2 საათზე ჩატარდა არჩევნები - წესდება არ აჩვენეს აკადემიური საბჭოს წევრებს. ჩვენგან დამალული იყო უნივერსიტეტის ფუნქციონირების მთავარი იურიდიული დოკუმენტი.”

იქიდან გამომდინარე, რომ წარმომადგენლობით საბჭოს უნივერსიტეტის წესდების შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღია, გიორგი შალუტაშვილი მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები, რომელიც მიმდინარე წლის 23 აგვისტოს ჩატარდა, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, საბჭომ უნდა შეასრულოს მასზე კანონით დაკისრებული მოვალეობა, ხოლო აკადემიურმა საბჭომ უნდა დანიშნოს რექტორის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი, რომელსაც დაევალება კანონის სრული დაცვით ჩაატაროს რექტორის არჩევნები.

თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებმა გზა გადაკეტეს
please wait

No media source currently available

0:00 0:03:19 0:00
გადმოწერა

ეკა კიკნაძე, ხელოვნებათმცოდნე და თეატრალური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი, კულტურის სამინისტროს მხრიდან უნივერსიტეტის მართვაში უხეშ ჩარევაზე საუბრობს და ამბობს, რომ 2011 წელს მეორე ვადით არჩეული რექტორი, გოგი მარგველაშვილი, პოსტიდან სწორედ კულტურის სამინისტროს ბრძანებით გათავისუფლდა. აკადემიურმა საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა, როგორც ეკა კიკნაძე აცხადებს, უნივერსიტეტმა პროცესი ყველა ინსტანციაში წააგო:

”თუკი მაინც გარედან ხდება დანიშვნა და არ ხდება გათვალისწინება და პატივისცემა უნივერსიტეტის შიგნით მიღებული გადაწყვეტილებისა, მაშინ მართვის გაუგებარ ფორმას ვიღებთ. ჩვენმა სასამართლომ აჩვენა, რომ პროტესტის არანაირ ფორმას რეალური შედეგი არ მოაქვს. საბოლოოდ, მაინც სამინისტროს პოზიცია იმარჯვებს.”
მე დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნები კანონის სრული დაცვით ჩატარდა. რა თქმა უნდა, მთავარია კანონის უზენაესობა ...
ნოშრევან ჩხაიძე

თეატრალური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა კიდევ ერთი პრეტენზია, რექტორის არჩევნების მისამართით გამოთქმული, არჩევნების დანიშვნის თარიღს ეხება. როგორც გიორგი ცქიტიშვილი, ჰუმანიტარულ-სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, არჩევნები მაშინ დაინიშნა, როდესაც პროფესორ-მასწავლებლების უმეტესობა შვებულებაში იმყოფებოდა. შესაბამისად, ვერ მოხერხდა არჩევნებზე სხვა კანდიდატების წარდგენა. თუმცა აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ არჩევნებამდე ორი დღით ადრე საკუთარი კანდიდატურა რექტორის პოსტზე თეატრალური უნივერსიტეტის დოქტორანტმა მაია შენგელიამაც წარადგინა, მაგრამ იმის გამო, რომ მისი პროგრამა არ იყო სროლყოფილი, ეკა კიკნაძის თქმით, აკადემიურმა საბჭომ, საბოლოოდ, არჩევანი მაინც ნოშრევან ჩხაიძეზე შეაჩერა.

თავად ნოშრევან ჩხაიძე უსაფუძვლოდ მიიჩნევს წარმომადგენლობითი საბჭოს ბრალდებებს, თითქოს რექტორის არჩევნები თეატრალურ უნივერსიტეტში კანონდარღვევით წარიმართა, და აცხადებს, რომ, ეჭვის არსებობის შემთხვევაში, წარმომადგენლობითმა საბჭომ სასამართლოს უნდა მიმართოს:

”მე დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნები კანონის სრული დაცვით ჩატარდა. რა თქმა უნდა, მთავარია კანონის უზენაესობა და დარწმუნებული ვარ, თუ რაიმე დარღვევა არსებობს, გამოჩნდება და ეს დარღვევა შესაბამის ინსტანციას შეუძლია დაადგინოს.”

როგორც წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე გიორგი შალუტაშვილი ამბობს, მათ სასამართლოს 24 სექტემბერს მიმართეს. იმავე დღეს წარმომადგენლობითმა საბჭომ მიმართა კულტურის მინისტრსაც. თუმცა, როგორც ის გვეუბნება, ამ ეტაპზე თეატრალური უნვერსიტეტი კონკრეტულ პასუხს რექტორის არჩევნებთან დაკავშირებით უკვე ახალი მინისტრისგან ელის.
XS
SM
MD
LG