Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ვინ უჭერს მხარს თელავისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებას


თელავი
თელავი

თელავში თემისა და ქალაქის საკრებულოებმა თელავისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმება დასაშვებად ცნეს. გადაწყვეტილებამ ადგილობრივთა ნაწილის პროტესტი გამოიწვია. მოსახლეობას არგუმენტები აქვს, თუ რატომ არ უნდა გაუუქმდეს თელავს 2014 წელს მინიჭებული თვითმმართველი ქალაქის სტატუსი.

ქალაქ თელავისა და თვითმმართველი თემის საკრებულოებმა ქალაქის თვითმმართველ თემთან გაერთიანების იდეას მხარი დაუჭირეს. სხდომები თელავში ერთსა და იმავე დღეს ჩატარდა. ორივე სხდომა ხმაურიანი იყო.

მოსახლეობის ნაწილსა და ქალაქ თელავის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძეს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა. მოქალაქეები თელავის, როგორც თვითმმართველი ქალაქის, არსებული ფორმით დარჩენას ითხოვდნენ, საკრებულოს თავმჯდომარემ კი მათ უთხრა, რომ ხმაურის გამო ხელი ეშლებოდა და, თუ არ გაჩერდებობდნენ, დარბაზს დაატოვებინებდა.

გიორგი მოსიაშვილი თელავში ცხოვრობს და ისიც წინააღმდეგია, თელავს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი გაუუქმდეს. მოსიაშვილი იმ შედეგებზე ლაპარაკობს, რომელიც თელავში თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭების შემდეგ დადგა.

მათ კი, ვინც ქალაქ თელავის თვითმმართველ თემთან გაერთიანების იდეას მხარი დაუჭირა, საკუთარი არგუმენტები აქვთ და მოსახლეობის პოზიციას არ იზიარებენ. მათ შორის არის ქალაქ თელავის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე. ის ირწმუნება, რომ ამ გაერთიანებით მხოლოდ სასიკეთო ცვლილებები იგეგმება.

ქალაქ თელავისა და თვითმმართველი თემის საკრებულოების გადაწყვეტილებას შეფასებას აძლევენ რეგიონში მომუშავე მესამე სექტორის წარმომადგენლები. თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ხელმძღვანელი მაია ფურცხვანიძე ამბობს, რომ, თუ თელავს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი გაუუქმდა, ამით ხელისუფლებას მოსახლეობის მიმართ ანგარიშვალდებულება შეუმცირდება.

საქმე ეხება რეგიონალური განვითარების სამინისტროს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, ზუგდიდს, ოზურგეთს, გორს, თელავს, ახალციხეს, მცხეთასა და ამბროლაურს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ჩამოერთმევათ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ არ ექნებათ საკუთარი ბიუჯეტი და არ ეყოლებათ ადგილობრივი ხელისუფლება.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG