Accessibility links

ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება (ტექდათვალიერება) 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყება და შემდგომი ორი წლის განმავლობაში ეტაპობრივად განხორციელდება. 2004 წლის შემდეგ რამდენჯერმე გადადებული რეფორმა საწყის ეტაპზე დიდი მოცულობის ძრავას მქონე ავტომობილებს შეეხება, შემდეგ კი ტექდათვალიერება ყველა მსუბუქი ავტომობილისთვის იქნება სავალდებულო. შვეიცარიულმა კომპანიამ SGS-მა, რომელიც ამ საკითხზე კონსულტაციას უწევს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, უკვე წარმოადგინა ანგარიში, რომელშიც ტექდათვალიერების ცენტრების მოწყობის სტანდარტებზე საუბარი. ტექდათვალიერება, სავარაუდოდ, 60 ლარამდე ეღირება.

ავტომობილების სავალდებულო პერიოდული ინსპექტირება - იგივე ტექდათვალიერება - საქართველოში 2004 წელს გაუქმდა. მაშინ ითქვა, რომ ეს კორუფციული სისტემა იყო და ავტომობილებს რეალურად არავინ ამოწმებდა, თუმცა დღეს საქართველოს უკვე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაც ავალდებულებს, რომ 2018 წლიდან ავტომობილების ტესტირება სავალდებულო გახდეს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორი მიხეილ ხმალაძე განმარტავს, დღეს მოქმედი რეგლამენტით, პერიოდული ინსპექტირება სავალდებულოა მხოლოდ სატვირთო მანქანებისთვის, რომელთა წონა 3.5 ტონაზე მეტია, ასევე, სამგზავრო ავტომობილებისთვის, რომლებსაც აქვთ 8 ან მეტი დასაჯდომი ადგილი. 2018 წლის 1 იანვრიდან კი სავალდებულო ტესტირება მსუბუქ ავტომობილებსაც შეეხება.

მოსალოდნელი სავალდებულო ტესტირების თაობაზე განსხვავებული აზრი აქვს ხალხს:

  • ტექდათვალიერება მაინც საჭიროა, თუ გვინდა ცოტა წინ წავიდეთ და განვვითარდეთ
  • ხალხს უნდა მიეცეს დრო, რომ თუ მოსაწესრიგებელი ჰყავს მანქანა, მიხედოს და ხელი შეავლოს
  • მარტივი არ იქნება, ალბათ, ეს პროცესი, მაგრამ კონტროლი საჭიროა მაინც

თავდაპირველად ავტომობილები შემოწმდება წელიწადში ორჯერ, შემდეგ კი ევროკავშირის სტანდარტის მიხედვით - 4+2+1, რაც იმას ნიშნავს, რომ 4 წლამდე ასაკის ავტომობილები შემოწმებას არ გაივლიან, 4-დან 6 წლამდე ავტომობილებისათვის ორ წელიწადში ერთხელ იქნება ტესტირება სავალდებულო, ხოლო ყველა სხვა დანარჩენი ავტომობილისთვის - წელიწადში ერთხელ.

მიხეილ ხმალაძე ასევე აღნიშნავს, რომ ის ავტომობილებიც კი, ვისაც დღეს კანონით ევალება ტექდათვალიერების გავლა, დაბალი საჯარიმო ტარიფის გამო თავიანთ ავტომობილებს არ ამოწმებენ. ამიტომაც იგეგმება როგორც ჯარიმის რაოდენობის, ისე შემოწმების ხარისხის გაზრდა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი ვერ გაივლის სავალდებულო ტექნიკურ ინსპექტირებას, მძღოლს ხარვეზების აღმოსაფხვრელად დაახლოებით ერთი თვე მიეცემა. მიხეილ ხმალაძე ამბობს, რომ რეფორმა ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს, რადგან ჯერჯერობით საკმარისი ტესტირების ცენტრებიც არ არსებობს:

„ავტომობილების ტიპების მიხედვით, მათი ძრავების მოცულობის და მდგომარეობის შესაბამისად გადავანაწილებთ ამ ავტომობილებს შემდეგ ორ წელზე ისე, რომ ამ დროში საქართველოს მთლიანი ავტოპარკი მოვიცვათ“.

ავტომობილების ტექდათვალიერება დაახლოებით 60 ლარის ფარგლებში ეღირება. მთავრობა აპირებს დააწესოს ზედა ზღვარი და ცენტრებსაც სწორედ მის ფარგლებში შეეძლებათ მომსახურებაზე ფასის დადება.

რაც შეეხება ტესტირების ცენტრებს, დღეს საქართველოში მხოლოდ 26 ასეთი ცენტრია და 35 ხაზი მოქმედებს, რაც, თუ ავტომობილების რიცხვს გავითვალისწინებთ, მათი მომსახურებისთვის საკმარისი არ არის. მთავრობა ელის, რომ ბიზნესი რეფორმის პროცესში ჩაერთვება და დაინტერესდება ინვესტიციის ჩადებით.

თავმჯდომარე ფონდისა „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ გელა კვაშილავა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ დაახლოებით 80-90 ტესტირების ცენტრი მაინც არის საჭირო, რომ საქართველოს ავტოპარკის მოთხოვნები დააკმაყოფილოს. საუბარია დაახლოებით 1 200 000 რეგისტრირებულ ავტომობილზე. მისი თქმით, საჭიროა როგორც ამ ცენტრების ტექნიკური აღჭურვა, ისე პერსონალის გადამზადება. რაც შეეხება პროცესს, გელა კვაშილავა ფიქრობს, რომ ყველაფერი ეტაპობრივად მოხდება:

„მაგალითად, ჯერ გამოაცხადებენ, რომ ტესტირება უნდა გაიარონ 4.0 ძრავას მქონე ამა და ამ ნომრების მფლობელმა ავტომობილებმა - სავალდებულო ტესტირება ამდენ თვეში. შემდეგ უფრო მცირეძრავიანებს გამოაცხადებენ და ა.შ. გარკვეული დრო ხარვეზების გამოსასწორებლად ყველას ექნება“.

ცნობილია ისიც, რომ ავტომობილების ტექდათვალიერების დროს იმოქმედებს 7 ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რომელიც ყველას მოეთხოვება: რა მდგომარეობაშია მუხრუჭები, საჭის მექანიზმი, სავალი ნაწილი, ხილვადობა, მაშუქები, ანუ ფარები, გამონაბოლქვი და საბურავები. გელა კვაშილავა აცხადებს, რომ გაუმართავი ავტომობილი ძალიან ხშირად არის ავარიებისა და ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზი:

„საერთაშორისო გამოკვლევების მიხედვით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების 20 % სწორედ გაუმართავი ავტომობილების მიზეზით ხდება. ჩვენთან - იმ პირობებში, როდესაც ყველამ ვიცით, რომ ძალიან მაღალი სიჩქარით დადიან მძღოლები, ხშირად არღვევენ მოძრაობის წესებს - მუხრუჭის გაუმართაობა, მაშუქის გაუმართაობა თუ ღვედების უქონლობა პირდაპირი რისკია ადამიანის სიცოცხლისთვის“.

აი, მაგალითად, ყვითელი ავტობუსების 20 % გადის ტექდათვალიერებას, დანარჩენები ყველა გამონაბოლქვის გამოა „დაბრაკული“. სამარშრუტო ტაქსებიც კი გამოასწორებენ ხოლმე მდგომარეობას, ფილტრს შეცვლიან ხოლმე, მაგრამ იმდენს დადიან, რომ მაინც ძალიან მალე იწყებენ ეს მანქანები ბოლვას...
ირაკლი კვანტიძე

მძღოლს, რომელიც ავტომობილს უვლის, ტესტირების არ უნდა ეშინოდეს - ასე ფიქრობს ირაკლი კვანტიძე, ტესტირების ცენტრ „დაჯის“ ხარისხის მენეჯერი, რომელიც ჩვენ ცოტა ხნის წინ ჩავწერეთ. მისი თქმით, დღეს ქალაქში მოძრავი ავტობუსები, სამარშრუტო ტაქსები და მსუბუქი ტაქსების უმრავლესობა კრიტიკას ვერ უძლებს:

„აი, მაგალითად, ყვითელი ავტობუსების 20 % გადის ტექდათვალიერებას, დანარჩენები ყველა გამონაბოლქვის გამოა „დაბრაკული“. სამარშრუტო ტაქსებიც კი გამოასწორებენ ხოლმე მდგომარეობას, ფილტრს შეცვლიან ხოლმე, მაგრამ იმდენს დადიან, რომ მაინც ძალიან მალე იწყებენ ეს მანქანები ბოლვას“.

მოსალოდნელი სავალდებულო ტესტირების თაობაზე განსხვავებული აზრი აქვს ხალხს - რადიო თავისუფლების გამოკითხვაში მონაწილე მძღოლების ნაწილი მიიჩნევს, რომ ტექდათვალიერება საჭიროა, ნაწილი კი ამ სიახლეს შიშით მოელის:

„ბევრი მანქანა მართლა მოძველებულია. ხალხი კიდევ უფულობის გამო ვერ ახერხებს მათ შეკეთებას... მაგრამ ტექდათვალიერება მაინც საჭიროა, თუ გვინდა ცოტა წინ წავიდეთ და განვვითარდეთ“.

„თუ მათი (ხელისუფლების) მიზანი ის არის, რომ ძველ მანქანებს მოუჭირონ ხელი და ამოყარონ, ეს ცუდი იქნება ძალიან. ხალხს უნდა მიეცეს დრო, რომ თუ მოსაწესრიგებელი ჰყავს მანქანა, მიხედოს და ხელი შეავლოს“.

თბილისი
თბილისი

„ხომ არიან ისეთი მანქანები, გამონაბოლქვზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ყველაფერი მოუწესრიგებელი აქვთ, ხან საბურავი ძვრება, ხან რა... მარტივი არ იქნება, ალბათ, ეს პროცესი, მაგრამ კონტროლი საჭიროა მაინც“.

ოქტომბრის ბოლოს ამ საკითხზე ეკონომიკის სამინისტრო საინფორმაციო კამპანიას დაიწყებს, რომლის დროსაც საზოგადოება უფრო დეტალურად შეიტყობს, თუ სად უნდა მივიდნენ პერიოდული ინსპექტირებისათვის.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG