Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საქართველოში ტერორიზმის შესახებ


”2011 წელს საქართველოს ხელისუფლება კვლავაც აგრძელებდა ანტიტერორისტულ ღონისძიებებს როგორც შიდა, ისე გარე ტერორისტული საფრთხეების წინააღმდეგ”, - ამის თაობაზე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ქვეყნების მიხედვით ტერორიზმის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს. ანგარიშის ავტორები იქვე იმასაც აღნიშნავენ, რომ 2011 წელს საქართველოს ხელისუფლებამ აღკვეთა განხორციელება არაერთი ტერორისტული აქტისა, რომელთა წარმომავლობის ადგილად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიები სახელდება. ანგარიშში ისიც ხაზგასმულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ტერორისტული აქტების დაგეგმვაში რუსეთის კვალი აღმოაჩინა.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 31 ივლისს გამოქვეყნებული ანგარიშის მცირე ქვეთავში, სახელწოდებით „2011 წლის ტერორისტული ინციდენტები“, ავტორები წერენ, რომ საქართველოში იყო რამდენიმე მცდელობა ტერორისტული აქტის განხორციელებისა, რომლებიც, მათი თქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დროულად აღკვეთა. შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი ასეთი ინციდენტი 2011 წლის 2 ივნისს მოხდა, როდესაც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს საქართველოს ტერიტორიაზე - ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში - მცხოვრები ორი ადამიანი, რომელთაც თან ჰქონდათ დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება, დამაზიანებელი საგნებით. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო ირწმუნებოდა, დაკავებული პირების ჩვენებით გაირკვა, რომ ტერორისტული აქტის განხორციელება მათ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფმა რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა დაუკვეთეს.
ჩვენი მხრიდან მუშაობა ტერორისტული აქტების წინააღმდეგ ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი შეცვლის იმ პოლიტიკას, რომელიც მათი მხრიდან საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიებზე რაღაც აფეთქებების მოწყობას გულისხმობს...
შოთა ხიზანიშვილი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში მათ 20-მდე ტერორისტული აქტი აღკვეთეს და უმეტეს შემთხვევაში დამკვეთად რუსეთის ხელისუფლება სახელდებოდა. სწორედ ამიტომ ის მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის ამ მიმართულებით მთავარ საფრთხეს ჩრდილოელი მეზობელი წარმოადგენს:

”ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად ყველა ქვეყანას აწუხებს. ჩვენთვის ამ კუთხით ძირითადი შემაშფოთებელი ფაქტორი ჩვენი ჩრდილოელი მეზობელია. ჩვენი მხრიდან მუშაობა ტერორისტული აქტების წინააღმდეგ ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი შეცვლის იმ პოლიტიკას, რომელიც მათი მხრიდან საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიებზე რაღაც აფეთქებების მოწყობას გულისხმობს.”

გარდა რუსეთის ფედერაციიდან წამოსული საფრთხისა, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ბესიკ ალადაშვილი ტერორიზმის საფრთხეებს სხვა მხრიდანაც ხედავს. ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში პრობლემას ორ ნაწილად ყოფს: პირველი ეს არის საერთაშორისო ვითარების გამწვავებით ინსპირირებული ტერაქტების საფრთხე და ის 2012 წლის თებერვალში საქართველოში ისრაელის საელჩოსთან ვერშემდგარ ტერორისტულ აქტს იხსენებს, რომლის პარალელურად დელიში, ისრაელის საელჩოსთან მომხდარ აფეთქებას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

”მე მხედველობაში მაქვს ის რომელიმე ქვეყანა, რომელიც ფიქრობს, რომ მისი მტერი შეერთებული შტატები ან ისრაელია და ამიტომ აუცილებელია ამ ქვეყნების მოქალაქეების წინააღმდეგ ტერაქტების განხორციელება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. მაგალითად, თუკი საქართველო გამოყენებული იქნება ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დროს, მაშინ საფრთხე ირანის მხრიდან ათმაგდება”, - მიაჩნია ბესიკ ალადაშვილს.
ტერორიზმის რისკი დღეს გაცილებით ნაკლებად ინტენსიურია, ვიდრე, მაგალითად, დივერსიების რისკი...
ნიკა ლალიაშვილი

მიუხედავად ბესიკ ალადაშვილის მიერ ნახსენები საფრთხეებისა, ნიკა ლალიაშვილი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ის ტერორიზმის საფრთხეებს საქართველოში ვერ ხედავს. სწორედ ამიტომ მას არ მიაჩნია საჭიროდ იმ კომისიის შექმნა, რომლის შესახებაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის ავტორები მიუთითებენ. ეს არის მუდმივმოქმედი ეროვნული უწყაბათაშორისი ანტიტერორისტული კომისია, რომელიც, ანგარიშის ავტორების თქმით, პასუხისმგებელი უნდა იყოს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით გათვალისწინებულ ანტიტერორისტულ აქტივობებზე. თუმცა, ნიკა ლალიაშვილის თქმით, შესაძლოა, კომისიის შექმნის საკითხი მომავალში აქტუალური გახდეს. ის ამის მიზეზად საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს ასახელებს:
ნიკა ლალიაშვილი
ნიკა ლალიაშვილი

”ამ ტერიტორიებზე შეღწევის საშუალება არ გვაქვს. სამართალდამცავმა სტრუქტურებმა არ იციან იქ რა ხდება. ტერიტორიებს აკონტროლებენ საოკუპაციო ძალები. შესაბამისად, იქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ტერორიზმის რისკი დღეს გაცილებით ნაკლებად ინტენსიურია, ვიდრე, მაგალითად, დივერსიების რისკი”, - მიაჩნია ნიკა ლალიაშვილს.

აქვე ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ე.წ. ”პანკისის კრიზისის” პერიოდში, 2001-2003 წლებში, საქართველოში შექმნილი იყო ანტიტერორისტული სახელმწიფო კომისია, რომლის კოორდინირებასაც უშიშროების საბჭო ახორციელებდა. თუმცა, როგორც ნიკა ლალიაშვილი გვეუბნება, მას შემდეგ, რაც ”პანკისის კრიზისი” დაიძლია და ის ტერორისტული კომპონენტისგან გაიწმინდა, კომისიამ ფუნქციონირება შეწყვიტა.
XS
SM
MD
LG