Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

TI: ანაკლიის პორტის მომავალს შეკითხვები უკავშირდება


მამუკა ხაზარაძე
მამუკა ხაზარაძე

ჩნდება შეკითხვები: ხომ არ არის TBC ბანკთან დაკავშირებული პროცესები პოლიტიკურად მოტივირებული; ხომ არ არის პროკურატურა ხელისუფლების ხელში არსებული სადამსჯელო იარაღი?

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ მიმართული პროცესები „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უჩენს ეჭვებს ბიზნეს ან/და პოლიტიკური ინტერესებთან დაკავშირებით.

ამ ფონზე საერთაშორისო ორგანიზაციის განსაკუთრებულ ყურადღებას ოპყრობს „თიბისი ჰოლდინგის“ მიერ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მიმდინარე მშენებლობა. TBC ბანკთან დაკავშირებული მოვლენები სწორედ ანაკლიის პორტს დაუკავშირა თავად მამუკა ხაზარაძემაც.

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ უცხოელი ელჩების განცხადებებსაც იხსენებს.

22 იანვარს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა განაცხადა, რომ:

  • ყურადღებით აკვირდება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესს, რადგან მას შეიძლება გავლენა ჰქონდეს ანაკლიის პროექტზე.
  • ელჩის განცხადებით, მის დაინტერესებას ისიც იწვევს, რომ ამერიკელები „თიბისი ბანკში“ გარკვეულ წილს ფლობენ.

TI მიანიშნებს, რომ 11 თებერვალს ამ საკითხზე კომენტარი საფრანგეთის ელჩმა, პასკალ მენიემაც გააკეთა:

  • “თიბისი ბანკის” ირგვლივ განვითარებული მოვლენები უცნაურია…“
  • შესაძლოა, რაიმე არასწორი მომხდარიყო 10 წელზე მეტი ხნის წინ, თუმცა ჩვენთვის გაუგებარია, რატომ მოხდა ამ საკითხით დაინტერესება ახლა, ამდენი ხნის შემდეგ და არა – მანამდე“.

ანაკლიის პორტის ეკონომიკურ თუ სამხედრო-პოლიტიკურ მნიშვნელობას ხაზს უსვამენ როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე ნატოსა და ევროკავშირში. ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში ამ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე 223 მილიონი ევრო დაიხარჯება

  • „ანაკლია ოკუპირებული აფხაზეთიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრშია, რაც პროექტს დამატებით მნიშვნელობას სძენს ადმინისტრაციული საზღვრის პირას მცხოვრებ ადამიანებთან ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის“;
  • „ოკუპირებული აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიის განვითარების გზით საქართველოსადმი მიზიდულობის ზრდის კუთხით“.

საქართველოს ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, წინსვლას აფერხებს ის ფაქტი, რომ „დღევანდელი მდგომარეობით ქვეყანა საპორტო პოტენციალს სუსტად იყენებს, რადგან არ გვაქვს ღრმაწყლოვანი პორტი. შავ ზღვაში მცურავი მაღალტონაჟიანი სატვირთო გემების უმეტესობა ქართულ პორტებში ვერ შემოდის“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ანაკლიის პორტის პროექტს სწორედ საქართველოს საზღვაო-სატრანსპორტო პოტენციალის მნიშვნელოვან ზრდას უკავშირებს.

  • პროექტის განხორციელების უფლება 2016 წელს, ტენდერის შედეგებზე დაყრდნობით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ მოიპოვა;
  • „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ შედიან: „თიბისი ჰოლდინგი“ (საქართველო), Conti International-ი (აშშ), SSA Marine[-სი (აშშ), British Wondernet Expres-ი (ცენტრალური აზია) და G-Star Ltd.-ი (ბულგარეთი);
  • პორტის მშენებლობის ფარგლებში, „თიბისი ჰოლდინგი“ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი, ძირითადი პარტნიორი და პროექტების დეველოპერია.

ანაკლიის პორტი საქართველოს პირველი ღრმაწყლოვანი პორტი იქნება. პორტის პირველი ფაზის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება და შესაბამისად, 2021 წლიდან მიიღებს გემებს. მთლიანობაში, პორტი 9 ფაზად განვითარდება. ინვესტიციის საერთო რაოდენობა კი 2.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

TI იხსენებს ბიძინა ივანიშვილის მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებას როგორც ექს-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის, ასევე მამუკა ხაზარაძის მიმართ.

  • „როდესაც ამ ფონზე ხდება პროკურატურის გააქტიურება 10 წლის წინანდელ საქმეზე და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ შემავალი ლიდერი კომპანიის მენეჯმენტზე გამოძიების დაწყება, ეს უკვე საფრთხეს უქმნის კონსორციუმს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის კუთხით“.
  • „ზარალდება ქართული საბანკო სექტორისადმი ნდობა. ამ დროს ხელისუფლება ვერ აყალიბებს არგუმენტირებულად, თუ რატომ გახდა ეს საქმე ახლა აქტუალური და რატომ არ გამოიძიეს აქამდე“.

ეს არის მოცემულობა, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, სხვა ბევრის მსგავსად, შეკითხვებს უჩენს -

ხომ არ არის TBC ბანკთან დაკავშირებული პროცესები „პოლიტიკურად მოტივირებული, ხოლო პროკურატურა კი - ხელისუფლების ხელში არსებული სადამსჯელო იარაღი?“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG