Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტირიფონ-სალთვისის საირიგაციო სისტემით ოსურ სოფლებშიც ისარგებლებენ


ტირიფონ-სალთვისის საირიგაციო სისტემა
ტირიფონ-სალთვისის საირიგაციო სისტემა

ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე ქართულ სოფლებში რწყვის სეზონმა წელს შედარებით უმტკივნეულოდ ჩაიარა. ამის მიზეზი სალთვისი-ტირიფონის საირიგაციო სისტემის აღდგენა გახდა. რამდენიმე წელია შიდა ქართლში ამ სისტემის აღდგენა მიმდინარეობს და წლიდან წლამდე მიწის ფართობების გასარწყავებაც უმჯობესდება. 2008 წლის ომის შემდეგ სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობები დე ფაქტო ხელისუფლებამ გადაკეტა და საქართველოს მთავრობას საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, ფაქტობრივად, ახალი საირიგაციო სისტემის მოწყობა დასჭირდა. კონფლიქტის ზონაში მცხოვრებნი აცხადებენ, რომ გაკეთდა საქმე, რომელიც სოფლების განვითარებისთვის და მოსახლეობის სოციალურ- ეკონონიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანია.

სალთვისი-ტირიფონის საირიგაციო სისტემა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით აღადგინა. პროექტის ღირებულება 14 მილიონ ლარს აჭარბებს. ამის შემდეგ შიდა ქართლში გამყოფი ხაზის მიმდებარე 39 სოფლის 20 ათას ჰექტარამდე მიწის გასარწყავება გაუმჯობესდა, რაც 18 ათას ოჯახს მოუტანს სარგებელს. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი აცხადებს, რომ სისტემა გამართულად მუშაობს და ეს საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობაზე მალე აისახება.

სისტემის ექსპლუატაციის დროს ხარვეზები მაინც გამოვლინდა, როცა ტირიფონის არხიდან სოფელ ფლავისმანთან წყალმა გაჟონა და სახლები დაიტბორა, თუმცა ამ ხარვეზის გამოსწორება მიმდინარეობს. გარდა ამისა, ძლიერი გვალვის გამო მდინარე ლიახვში წყლის დონემ დაიკლო და მოსახლეობა ნაკვეთების მოსარწყავად სპეციალური გრაფიკით სარგებლობდა. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი აცხადებს, რომ ამიერიდან პრობლემები უკვე მოგვარებულია და მომავალი წლიდან სარწყავი სისტემის მუშაობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

ქართული სოფლების გარდა, არხის აღდგენის შედეგად, ათამდე ოსური სოფლის სახნავ-სათესი მიწაც მოირწყვება. ამის შესახებ შეთანხმება ოსურ მხარესთან წინასწარ იყო მიღწეული.

XS
SM
MD
LG