Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური კონსულტირება ქართულად


ავტორი: ელიზბარ ხვიჩია

პოლიტიკურ კონსულტანტთა ფუნქცია და დანიშნულება დროდადრო შეუქცევად ხასიათს იღებს. პარტიებმა შიდა ორგანიზაციული ცვლილებები განიცადეს და დანერგეს ინსტიტუტები, რომლის მეშვეობითად უფრო იოლად ახერხებენ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას და მის კონტროლს. კონსულტანტი ის ჯადოსნური სიტყვაა, რომელიც ძირითადად განსაზღვრავს პარტიული პოლიტიკის კონკრეტულ ნაბიჯებსა და მზარდი პიარ-კამპანიის პირობებში ახდენს ყურადღების მზარდ მობილიზაციას. ნუთუ რაიმე განსაკუთრებული უნარს სძენენ ისინი პარტიებს/ინდივიდებს, თუ უბრალოდ ფუჭი რესურსების ხარჯვაა მათი პროცესში ჩართულობა?!

ვფიქრობ, დასავლური მზარდი ტენდენციებიდან გამომდინარე ცალსახად იზრდება პოლიტიკური კონსულტანტის, როგორც „პოლიტიკის გამტარებლის“ როლი საქართველოში. თითქოს მხოლოდ გარეგანი, კოსმეტიკური ცვლილებების განხორციელების ფუნქციას დაემატა იდეაში პოლიტიკოსთათვის განკუთვნილი მოვალეობა - პოლიტიკის ფორმირება. კამათი იმის შესახებ, რომ მათი როლის ზრდა უარყოფითად აისახება პოლიტიკის შემუშავების პროცესზე არ არის საღ აზრს მოკლებული. იმდენად რამდენადაც კამპანიების და პრომოუშენის ინტენსიფიკაციამ რეალურად უკან დასწია პარტიათა პროგრამული ხედვები. მთელი რიგი დისკურსებისა კონცენტრირდა კონკრეტულ ლიდერზე, მის როგორც ვიზუალურ, ღირებულებით ისე პიროვნულ ასპექტზე. პროფესია კონსულტანტი, მსგავსად მენეჯერისა ლამის ზეპანაცეალური უნარების მქონე ადამიანს გაუტოლდა. ევროპულ და ამერიკულ პრაქტიკაში პრინციპში არსებობს ამის ბევრი ხილული მაგალითი.

ხაზგასასმელია ის ფაქტორიც, რომ კონსულტანტების იდეურ სიმყარეზე საუბარიც კი ზედმეტია. ისინი ოპერირებენ როგორც კონკრეტული ამოცანის მაღალ დონეზე შემსრულებლები. თბილისი მერის არჩევნებმა ცხადყო ზოგადად კამპანიის და პარტიული კონსულტანტების აუცილებლობა. კალაძის შტაბი სწორად იკვლევდა ხალხის განწყობებს და რიგი მეთოდებით ცდილობდა გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მოზიდვასაც. ჩაბეტონებული და სუნთქვაგაძნელებული ქალაქიდან მუდმივად იხატებოდა სურათი ფერადი, სიცოცხლისუნარიანი ქალაქისა, რომელიც თითქოს ჩვენს წინვე იდო და ამომრჩევლებს უბრალოდ სწორი არჩევანის გაგვეკეთებაღა დაგვრჩენოდა. გარდა ამისა, კანდიდატები ავლენდნენ მათვის პრაქტიკულად უჩვეულო უნარებს, რომელიც ეჭვი მაქვს პოზიტიურად პროვოცირებული იყო სწორედ კონსულტანტების მიერ. დამოუკიდებელი კანდიდატის რეკლამებში და განცხადებებში ეს ყველაზე მკაფიოდ ჩანდა. რიტორიკა შეცვლილი, მშვიდი და ღიმილიანი ალექსანდრე ელისაშვილი ხალხს ცხადია ძალიან ესიამოვნა. აქედან გამომდინარეც ჩანს კონსულტანტების როლის ზრდა. ელისაშვილის პროგრამა თითქმის ყველა ასპექტს კეძოდ და საფუძვლიანად პასუხობდა, მაგრამ ცხადია საჭირო გახდა მეტი,რათა მისთვის სასურველი შედეგი დამდგარიყო. ჩნდება კითხვა- ვინ შეავსო ეს საჭიროება? - ვფიქრობ პოლიტიკურმა კონსულტანტებმა და მრჩეველებმა.

გვერდს ვერ ავუვლით და აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მედიის როლიც. ქართულ სივრცეში მედია პოლარიზაცია ბოლო პერიოდში თითქოს ოდნავ შერბილდა, თუმცა ტენდენცია მაინც მკაფიოდ გამოკვეთილია. კონსულტანტის ფუნქციებსაც ყოფილი მედიის წარმომადგენლები ანდა ისევ ყოფილი პარტიული მუშაკები ითავსებენ. კერძო მედია საშუალებები პოლიტიკური კონსულტანტების მთავარი დასაყრდენია. ამის ფიქრის საშუალებას მაძლევს, მათი პირადი სოციალური და კონტრაქტორული კავშირები. ხსენებული ინდიკატორებიც სავსებით საკმარისია გახდეს მათი დაქირავების მთავარი პირობა. მედია კამპანიის წარმოებითა და ყურადღების ცენტრის ხელოვნური თუ ბუნებრივი წარმოქმნით ისინი ახერხებენ რეალურ შედეგზე გასვლას. გარდა ამისა, დიდი სანაცნობო წრე და ე.წ. ელიტასთან იოლი შეღწევადობაც აყალიბებს პატრონაჟულ სივრცეს, რომელიც პარტიაშივე მყისიერად აბსორბირდება.

გამოკვეთილად არ შემიძლია ვთქვა, რომ კონსულტანტებმა აპრიორი უარყოფითი გავლენა იქონიეს ქართულ პარტიულ პოლიტიკაზე, მაგრამ თვისებრივი ცვლილებებს ნამდვილად დაუდეს საფუძველი. იგივე პირდაპირი ჩართვებით ( „ლაივ სტრიმებით“), ფეისბუქ ჩვენებებით, ონლაინ კომუნიკაციების დამყარების ინტენსივობით და ა.შ.

ვფიქრობ, გარკვეული დოზით საჭიროა შიდაპარტიული მოდერნიზაცია, მაგრამ როგორც მრავალ საკითხში ამ შემთხვევაშიც გულგრილად „ვახტებით“ იმ საფეხურებს რომლებიც პირველ რიგშია დასანერგიც და განსახორციელებელიც. ასე მაგალითად პარტიული პოლიტიკის შემუშავების გამჭირვალეობა, რეკრუტირების პროცესის ღიაობა, საზოგადოებასთან მუდმივი და პირდაპირი კომუნიკაცია თავის მზარდი უკუკავშირის მექანიზმით. შესაბამისად იქმნება შთაბეჭდილება, რომ როგორც პარტიული ლიდერები ისე პოლიტიკური კონსულტანტები პროცესს მოკლევადიანი პერსპექტივით უყურებენ და ვერ ამკვიდრებენ რა, მდგრად მექანიზმებს.

ქართული პოლიტიკური არენა ნამდვილად არ არის კონსულტანტთა კრეატიული წვის უბადლო საშუალება, მაგრამ ტენდენცია აშკარად მკვიდრდება და პარტიებიც ხშირად მიმართავენ ამ პროფესის ადამიანებს, პირადი წარმატების მიღწევის სურვილით.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG