Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპის მთავრობის ბიუჯეტი 2018 წლისთვის


დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის მიერ 2018 წლისთვის შეთავაზებული ბიუჯეტის თანახმად, დიპლომატიისა და უცხოეთის ქვეყნების დახმარების დაფინანსება თითქმის მესამედით შემცირდება. თუ კონგრესმა გეგმა ამ სახით დაამტკიცა, თითქმის რვა-ნახევარი პროცენტით შემცირდება, სხვათა შორის, რადიო თავისუფლების ბიუჯეტი. სამაგიეროდ, არსებითად გაიზრდება სამხედრო ხარჯები. ბიუჯეტის გეგმის მოცულობა 4,1 ტრილიონი დოლარია. თეთრი სახლის მიერ 23 მაისს გამოქვეყნებული დოკუმენტი, როგორც ითქვა, უნდა დაამტკიცოს კონგრესმა, რომელიც შეთავაზებულ შემცირებებს თავიდანვე სკეპტიკურად უყურებდა. გეგმის თანახმად, რომლის სახელწოდებაა „ახალი საძირკველი ამერიკის სიდიადისთვის“, მიმდინარე წელთან შედარებით, 17 მილიარდი დოლარით - 37,6 მილიარდამდე - მცირდება სახელმწიფო დეპარტამენტისა და უცხოეთის ქვეყნებისთვის საფინანსო დახმარების მთავარი უწყების, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, დაფინასება, ანუ 2018 წელს 32 %-ით, ანუ, დაახლოებით, 19 მილიარდი დოლარით უნდა შემცირდეს შეერთებული შტატების დიპლომატიისა და საგარეო დახმარების დაფინანსება.

ტრამპის მთავრობის ბიუჯეტი 2018 წლისთვის
please wait

No media source currently available

0:00 0:04:12 0:00
გადმოწერა

ფინანსური დახმარების შემცირების სამიზნედ ძირითადად იქცა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის განკუთვნილი ხარჯები, რაშიც არ იგულისხმება ნატო. 2017 წელთან შედარებით, ასევე განახევრდება საერთაშორისო სამშვიდობო მისიებისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი. აშშ-ის კონსტიტუციით, ბიუჯეტისა და სახსრების განაწილების საკითხებში საბოლოო სიტყვა კონგრესს ეკუთვნის. ტრამპის გეგმა, სხვათა შორის, გულისხმობს თავდაცვის უწყებისა და მასთან დაკავშირებული სამსახურების დაფინანსების ათი პროცენტით გაზრდას. გეგმა „უპირატესობას ანიჭებს ამერიკელთა კეთილდღეობას, აძლიერებს აშშ-ის უსაფრთხოებას, უზრუნველყოფს მისი საზღვრების დაცვას და განავითარებს აშშ-ის ეკონომიკურ ინტერესებს“, თქვა სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა, როცა დელეგაცია, პრეზიდენტ ტრამპის მეთაურობთ, 23 მაისს ახლო აღმოსავლეთიდან რომში მიემგზავრებოდა. „ბიუჯეტი ასახავს პრეზიდენტისეულ დღის წესრიგს: ამერიკა, უპირველეს ყოვლისა“, დასძინა ტილერსონმა. ტრამპის გეგმის თანახმად, არსებითად უნდა შემცირდეს გლობალური ჯანდაცვის პროგრამის, სასურსათო დახმარების, საერთაშორისო სამშვიდობო ძალების, საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლის, კლიმატის ცვლილების პროგრამების დაფინანსება. ამავე გეგმით, დაფინანსება 8,4 პროცენტით შეუმცირდება აშშ-ის მმართველთა სამაუწყებლო საბჭოს, აშშ-ის ფედერალურ უწყებას, რომელიც ზედამხედველობს აშშ-ის საერთაშორისო სამოქალაქო მედიის მუშაობას. თეთრი სახლის მიერ 23 მაისს გამოქვეყნებული ბიუჯეტით, დაფინანსება შეუმცირდება რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებას, ამერიკის ხმას, რადიო თავისუფალ აზიასა და სხა მედიაორგანიზაციებს. კონგრესის რესპუბლიკელი წარმომადგენლები ცივად შეხვდნენ პრეზიდენტის წინადადებას საგარეო დახმარებისთვის განკუთვნილი ხარჯების შემცირების შესახებ. „ბიუჯეტი ადგილზე რჩება“, განაცხადა სენატორმა ლინდსი გრემმა, სენატის დიპლომატიურ და საგარეო დახმარებაზე პასუხისმგებელი ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ.

„თუ ბიუჯეტს ამ ფორმით განვახორციელებთ, მოგიწევთ დაშორდეთ მსოფლიოს და საფრთხის წინაშე დააყენოთ მრავალი ადამიანი“, - განაცხადა გრემმა. „მზარდი საფრთხეების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც ვდგავართ, კი არ უნდა შევამციროთ, მხარი უნდა დავუჭიროთ ანტიტერორისტულ, ჰუმანიტარულ და სამართლებრივი დაცვის პროგრამებს“, - აღნიშნა წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ, ედვარდ როისმა. სენატში უმრავლესობის ლიდერმა, მიჩ მაკონელმა, ტრამპის მიერ შეთავაზებული გეგმა შეაქო, როგორც, მისი თქმით, საბოლოო ჯამში, გაწონასწორებული. თუმცა მისმა კოლეგამ, რანგით მეორე რესპუბლიკელმა სენატორმა, ჯონ კორნინმა, დოკუმენტს „მკვდრად შობილი უწოდა“. თვით გაეროში ტრამპის საკუთარმა წარმომადგენელმა, ნიკი ჰეილიმაც კი აღნიშნა, რომ პრეზიდენტის გეგმა კონგრესის მხარდაჭერას ვერ დაიმსახურებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG