Accessibility links

„აღმატებული ძალა“ - ტრამპის პასუხი გამოწვევებზე


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთსა და რუსეთს მიიჩნევს მეტოქეებად, რომლებსაც ვაშინგტონი „აღმატებული ძალით“ უნდა დაუპირისპირდეს. ტრამპმა ეს და სხვა შეფასებები გამოთქვა 30 იანვარს, ქვეყნის მდგომარეობის შესახებ თავისი პირველი მოხსენებით გამოსვლისას.

  • მოხსენება 80-მდე წუთს გაგრძელდა და მისი ძირითადი ნაწილი აშშ-ის საშინაო პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ თემებს დაეთმო.
  • კონგრესმენების წინაშე გამოსვლისას ტრამპს არ მოუთხოვია, მთლიანად, ირანთან შეთანხმებაზე უარის თქმა.
  • ტრამპი კონგრესს მოუწოდებს „სრულად დააფინანსოს“ აშშ-ის სამხედრო ძალები.

მოხსენება, რომლითაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ტრადიციისამებრ, კონგრესის ორივე პალატის გაერთიანებულ სხდომას მიმართა, 80-მდე წუთს გაგრძელდა და მისი ძირითადი ნაწილი აშშ-ის საშინაო პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ თემებს დაეთმო. მათ შორის იყო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების აუცილებლობა და საიმიგრაციო პოლიტიკის რეფორმა, მაგრამ ბუნებრივია, ტრამპმა ისაუბრა ქვეყნის მთავარ საგარეოპოლიტიკურ გამოწვევებზეც.

„არამზადა რეჟიმები, ტერორისტული ჯგუფები და მეტოქეები, როგორიც არიან ჩინეთი და რუსეთი“, ტრამპის თქმით, უპირისპირდებიან აშშ-ის ინტერესებს, ეკონომიკას, ღირებულებებს. ამ გამოწვევების წინაშე პრეზიდენტს სწორ პასუხად მიაჩნია „აღმატებული ძალა“, როგორც თავდაცვის საუკეთესო საშუალება. შესაბამისად, ტრამპი კონგრესს მოუწოდებს ბოლო მოუღოს თავდაცვისთვის განკუთვნილი ფულის „სახიფათო“ შეკვეცას და „სრულად დააფინანსოს“ აშშ-ის სამხედრო ძალები.

პრეზიდენტმა კონგრესს მოუწოდა, აგრეთვე, მხარი დაუჭიროს კანონპროექტს ირანის ბირთვულ პროგრამაზე 2015 წლის შეთანხმებაში ცვლილებების შესატანად. ამ საკითხის წამოჭრა მოსალოდნელი იყო, რადგან ტრამპი დიდი ხანია აკრიტიკებს თავისი წინამორბედის, ბარაკ ობამას, პრეზიდენტობის დროს ხელმოწერილ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს ირანის ბირთვული პროგრამის შეკვეცას თეირანის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ.

კონგრესმენების წინაშე გამოსვლისას, რომელიც პირდაპირ ტელეეთერშიც გადაიცა, ტრამპს არ მოუთხოვია, მთლიანად, ირანთან შეთანხმებაზე უარის თქმა. არადა, მიმომხილველების ნაწილი არც ასეთ მოთხოვნას გამორიცხავდა და შიშობდა, რომ საპასუხოდ ირანი სწრაფად ამოქმედდებოდა ბირთვული იარაღის შესაქმნელად. „კონგრესს ვთხოვ, ყურადღება მიაქციოს ფუნდამენტურ ხარვეზებს ირანის ბირთვულ პროგრამაზე საშინელ შეთანხმებაში“, განაცხადა დონალდ ტრამპმა.

წარსულში უგუნურად მოვიქეცით, როცა გავუშვით ასობით სახიფათო ტერორისტი და მათ მერე ისევ შევხვდით ბრძოლის ველზე - „ისლამური სახელმწიფოს ლიდერის“, ალ-ბაღდადის, ჩათვლით...
დონალდ ტრამპი

ბირთვული პროგრამა კიდევ უფრო მეტ შეშფოთებას იწვევს ჩრდილოეთ კორეის შემთხვევაში. ტრამპის თქმით, აშშ აწარმოებს ფხენიანისა და ბირთვულ იარაღთან დაკავშირებული ამბიციების წინააღმდეგ „მაქსიმალური ზეწოლის“ კამპანიას.

ქვეყნის მდგომარეობის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლიდან ყურადღება მიიქცია გვანტანამოს ციხის საკითხმაც. ტრამპის თქმით, მან ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, არ დაიხუროს საპატიმრო, რომელიც, როგორც ცნობილია, კუბის ტერიტორიაზე მდებარეობს. „წარსულში უგუნურად მოვიქეცით, როცა გავუშვით ასობით სახიფათო ტერორისტი და მათ მერე ისევ შევხვდით ბრძოლის ველზე - „ისლამური სახელმწიფოს ლიდერის“, ალ-ბაღდადის, ჩათვლით“, განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპის აღმასრულებელი განკარგულება ეწინააღმდეგება ბარაკ ობამას გადაწყვეტილებას გვანტანამოს ციხის დახურვის შესახებ, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ობამას გადაწყვეტილებას პრაქტიკული შედეგი არ მოჰყოლია ამერიკელი კანონმდებლების ნაწილის უარყოფითი დამოკიდებულების გამო.

დონალდ ტრამპი კონგრესის ორივე პალატის გაერთიანებულ სხდომაზე
დონალდ ტრამპი კონგრესის ორივე პალატის გაერთიანებულ სხდომაზე

გვანტანამოს საპატიმრო გაიხსნა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მმართველობისას აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ სავარაუდო ექსტრემისტების დასაკავებლად და დასაკითხად. 2003 წელს პატიმრების რიცხვმა სარეკორდო 680-ს მიაღწია. ბუშის მმართველობისას გვანტანამოდან 500-ზე მეტი კაცი გაათავისუფლეს, ხოლო ობამას პრეზიდენტობის წლებში - 197 პატიმარი. ამჟამად ამ ციხეში 41 კაცია დაკავებული.

მთლიანობაში, ქვეყნის მდგომარეობის შესახებ დონალდ ტრამპის გამოსვლას ბევრი პოლიტიკური მიმომხილველი ადარებს მისი წინამორბედი პრეზიდენტების გამოსვლებს, უწინარეს ყოვლისა, ერთიანობისა და ამერიკული ფასეულობებისადმი ერთგულებისაკენ მოწოდებების გამო. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ტრამპს, ჩვეულებრივ, აგრესიული რიტორიკა ახასიათებს, ბევრს არა აქვს იმედი, რომ შემრიგებლური ტონი დიდხანს გასტანს.

და დონალდ ტრამპი არამარტო აგრესიული რიტორიკით გამოირჩევა: თეთრ სახლში პირველი წლის შემდეგ მის მიმართ ამერიკელების მხარდაჭერა სარეკორდოდ დაბალ დონეზეა, ყველა წინა პრეზიდენტთან შედარებით.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG