Accessibility links

GEM fest-ი 2017 შეფასდა, როგორც ფინანსურად წაგებიანი ფესტივალი


განმუხური

განმუხურში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM fest-ი წელს ფინანსურად წარუმატებელი აღმოჩნდა, რასაც ადასტურებენ ადგილზე კვების ობიექტების მეპატრონეები და თავად დამფუძნებელი. მცირე ბიზნესმენები უკმაყოფილოდ ტოვებენ განმუხურის ტერიტორიას, სადაც ფესტივალი 14 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით იმართებოდა.

როგორც გაირკვა, მათ ნაწილს ფესტივალის ტერიტორიაზე მიწის იჯარის თანხა წინასწარ ჰქონდა გადახდილი, რამაც ისინი კიდევ უფრო აზარალა. ამბობენ, რომ ფინანსური კრიზისის გამო GEM fest-ის ადმინისტრაციას დარჩენილ თანხას არ გადაუხდიან.

„GEM fest-ის განცხადებები, რომ ამდენი ბილეთია გაყიდული და ამდენ დამსვენებელს ველოდებითო, ეს ყველაფერი სიყალბე აღმოჩნდა, საბოლოო ჯამში. ყველა ობიექტი არის ძალიან რთულ სიტუაციაში. ზოგმა სახლი დაკარგა, ზოგს ბიზნესი ჩაეძირა და, ანუ, ყველაზე კარგად იმუშავა საპირფარეშომ და თამბაქომ“, - ამბობს ერთ-ერთი ბარის თანამშრომელი, გიორგი აბრამიშვილი. მის განწყობას იზიარებენ სხვა დაწასებულებების წარმომადგენლები.

განმუხური
განმუხური

მაგალითად, გიორგი ჭანტურია, რომელიც კვების ობიექტის მენეჯერია, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლებს სხვადასხვა სახის საკვებს და სასმელს დაბალ ფასად ვთავაზობდით, მეტწილად დაწესებულება ცარიელი იყოო.

„ზოგადად, არ იყო პროგრამა, რომლითაც ვიღაც შეიძლებოდა დაინტერესებულიყო. ამან გამოიწვია ის, რომ კვირის შუა დღეებში ერთმანეთთან დავდიოდით..." - ამბობს გიორგი ჭანტურია.

კიდევ ერთი ბარის თანამშრომელი, ლაშა მურვანიძე, წარუმატებლობის მიზეზად ურთიერთმსგავსი ობიექტების სიმრავლესთან ერთად ფესტივალის სტუმრების სიმცირეს ასახელებს.

„ყოველდღე უფრო და უფრო ჭირდა. ალბათ, მთლიანობაში, სულ სამი დღე იყო მუშაობა. წაგებაზე იყო მუშაობა“, - ამბობს ლაშა მურვანიძე.

მცირე ბიზნესის წარმომადგენლების გარდა, ფესტივალის ადმინისტრაციასთან პრეტენზიები აქვს თანამშრომლების ნაწილსაც. GEM fest-ის ბილეთების კონტროლიორთა ნაწილი ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს. მათი თქმით, შრომითი ხელშეკრულების თანახმად, მათთვის ერთი თვის გასამრჯელოდ 500-500 ლარი უნდა გადაეხადათ, მაგრამ მხოლოდ 100-100 ლარი მისცეს, რამაც ახალგაზრდების პროტესტი გამოიწვია.

„ჩვენ საიაში მოვედით, რომ სარჩელი მომზადდეს იურიდიულად გამართულად, რათა უკვე სასამართლოში ვაწარმოოთ ეს კონკრეტული საქმე GEM fest-ის და შპს-ს წინააღმდეგ“, - განაცხადა ფესტივალის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, ცოტნე ვართაგავამ.

განმუხური
განმუხური

რას აპირებს ფესტივალის ადმინისტრაცია, ცნობილი არ არის. საპასუხოდ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. უფრო ადრე მისმა დამფუძნებელმა, გიორგი სიგუამ, განმარტება ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა. მისი სიტყვებით, ელექტრონული მუსიკის წლევანდელი ფესტივალი არ გამოდგა ფინანსურად წარმატებული, რაც იყო საქმეზე მისი მცდარი წარმოდგენის შედეგი.

„კვების და სავაჭრო ობიექტები ვერ გვიხდიან იჯარის ფულს, იმიტომ რომ არ აქვთ მუშაობა, ჩვენც არ გვაქვს შემოსავალი და ვერ ვიხდით ბევრ ვალს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, უცხოელ პარტნიორებთან“, - აცხადებს სიგუა.

მანამდე GEM fest-ი ყურადღების ცენტრში მოექცა უბედური შემთხვევისა და ნარკოდანაშაულების გამო. ფესტივალის გახსნის დღიდან მის დასრულებამდე ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში, ჯამში, სხვადასხვა მიზეზით 33 ადამიანი მოათავსეს. ჰოსპიტლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აქედან 14 მოქალაქე ჯერჯერობით დაუდგენელი ნივთიერებით იყო მოწამლული, ერთი კი გარდაიცვალა. ტერიტორიაზე პოლიციამ რამდენიმე მოქალაქე დააკავა - მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც - ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG