Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თავისუფალი დემოკრატები“ ცესკოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ


„თავისუფალი დემოკრატები“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სასამართლოს დახმარებით დაუპირისპირდებიან და შეეცდებიან დაიბრუნონ წევრის დანიშვნის უფლება საარჩევნო კომისიაში. საქმე ის არის, რომ, ცესკოს თავმჯდომარის 22 ნოემბრის განკარგულების თანახმად, ამ უფლებით სარგებლობის საშუალება ექნებათ „მრეწველებს“, რომელთა სახელითაც ახალ პარლამენტში „ქართული ოცნების“ მოკავშირე ფრაქცია ჩამოყალიბდა ერთი მაჟორიტარი დეპუტატის გარშემო. ცესკოში დარწმუნებული არიან, რომ გადადგმული ნაბიჯი კანონთან სრულ შესაბამისობაშია, თუმცა პოლიტიკოსების გარდა, კანონდარღვევაზე ლაპარაკობენ არასამთავრობო სექტორშიც და მიმდინარე მოვლენების მიღმა დემოკრატიული განვითარებისთვის ფრიად არასახარბიელო პროცესებს ხედავენ.

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, 13-წევრიან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლების დანიშვნის საშუალება აქვს მხოლოდ 7 კვალიფიციურ სუბიექტს, ამ ნუსხაში კი რიგითობა საბიუჯეტო დაფინანსების ოდენობის მიხედვით განისაზღვრება. როგორც ცესკოს სპიკერი ანა მიქელაძე განუმარტავს რადიო თავისუფლებას, თითოეული პარტიის მიერ მისაღები საბიუჯეტო თანხის ოდენობა გამოითვლება სპეციალური ფორმულის მიხედვით, რომელიც მოცემულია კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ და სწორედ ამ არითმეტიკის მიხედვით განსხვავდება პარტიათა პოზიციები ბოლო დღეების სადავო თემის ჭრილში:

„დაფინანსების ოდენობის მიხედვით, პარტიას „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ აქვს უფრო მეტი დაფინანსების ოდენობა, ვიდრე პარტიას „თავისუფალი დემოკრატები“ - სწორედ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად... ამიტომაც უნარჩუნდება წევრის ყოლის უფლება პარტიას „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, ხოლო აღნიშნულ უფლებას კარგავს პარტია „თავისუფალი დემოკრატები“.

სახეზე გვაქვს გაგრძელება იმ თანმიმდევრული პოლიტიკისა, რომელსაც ახორციელებს „ქართული ოცნება“, რომ ჰქონდეს აბსოლუტური კონტროლი ყველა ინსტიტუციაზე და ამ შემთხვევაში - საარჩევნო ადმინისტრაციაზე....
შალვა შავგულიძე

ანა მიქელაძე დარწმუნებულია, რომ ცესკო კანონთან სრულ შესაბამისობაში მოქმედებს და კანონთან წინააღმდეგობაში არც ცესკოს თავმჯდომარის 22 ნოემბრის განკარგულება მოდის. საუბარია განკარგულებაზე, რომელიც პარტიების დაფინანსების ოდენობის განსაზღვრას შეეხება და რომლის მიხედვითაც, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად (11-დან) 20-მდე გაიზარდა საბიუჯეტო დაფინანსების მიმღები კვალიფიციური სუბიექტების რიცხვი. კანონმდებლობის თანახმად, დაფინანსება იმ პარტიებს გამოეყოფათ, რომლებმაც უკანასკნელ საპარლამენტო ანდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გადალახეს 3 %-იანი ბარიერი - დამოუკიდებლად მონაწილეობით ანდა საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში. ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის შემთხვევაში დაფინანსების ოდენობას ასევე განსაზღვრავს ფრაქციის შექმნა პარლამენტში. სწორედ ეს ბოლო ფაქტორი აღმოჩნდა გადამწყვეტი „მრეწველებისთვის“.

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი, შალვა შავგულიძე, უკანონოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ პარტიას „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ჩაეთვალა „მრეწველთა“ სახელით მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატის, სიმონ ნოზაძისა, და „ქართული ოცნების“ ხუთი დეპუტატის მიერ შექმნილი ფრაქცია („ქართული ოცნება-მრეწველები“) და შემდეგ უკვე ცესკომ ამ ფრაქციის შექმნისთვის გოგი თოფაძის პარტიას კიდევ 300 ათასი ლარი დაუმატა დაფინანსების საბოლოო ოდენობის გამოთვლისას. როგორც შალვა შავგულიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, მზადდება სარჩელი და, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დახმარებით, ისინი მალე სასამართლოს მიმართავენ, რადგანაც აშკარაა, რომ ცესკომ „მრეწველები“ პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენა. შალვა შავგულიძე დარწმუნებულია, რომ ცესკოს მიერ გადადგმული ნაბიჯი შესაბამისობაშია არა კანონთან, არამედ „ქართული ოცნების“ სამომავლო გეგმებთან, რაც არჩევნების გაყალბების სურვილით არის ნაკარნახევი:

„სახეზე გვაქვს გაგრძელება იმ თანმიმდევრული პოლიტიკისა, რომელსაც ახორციელებს „ქართული ოცნება“, რომ ჰქონდეს აბსოლუტური კონტროლი ყველა ინსტიტუციაზე და ამ შემთხვევაში - საარჩევნო ადმინისტრაციაზე. ამისათვის მის მიზანს წარმოადგენს, რომ მისგან არაკონტროლირებადი კომისიის წევრები - „თავისუფალი დემოკრატების“ სახით - გამოყვანილ იქნენ საარჩევნო კომისიებიდან და შეყვანილ იქნენ კონტროლირებადი კომისიის წევრები, ფორმალურად „მრეწველთა პარტიის“ წევრებად წოდებული. აი, ამ მიზნის მისაღწევად მოფიქრებულ იქნა შემდეგი სქემა, რომელიც უკვე განხორციელების პროცესშია“.

„ვფიქრობთ, რომ ცესკომ არასწორად განმარტა კანონი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ თავმჯდომარე, მიხეილ ბენიძე. მისთვის გაუგებარია ცესკოს ლოგიკა, რომლის მიხედვითაც „მრეწველებს“ საშუალება მიეცათ გამოიყენონ მათთვის სასარგებლო კომპონენტები როგორც ბოლო საპარლამენტო, ასევე ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიდან:

მიხეილ ბენიძე
მიხეილ ბენიძე

„ცესკოს ლოგიკით, გამოდის, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგად იღებს პარტია დაფინანსებას, რადგანაც ამ არჩევნებში მას 3 %-იანი ბარიერი არ გადაულახავს... თუმცა, მიუხედავად ამისა, ამ არჩევნების შედეგად, ფრაქციის შექმნის საფუძველზე იღებენ კიდევ დამატებით 300 ათას ლარს... ანუ გამოდის, რომ ნახევარი ფორმულა გამოითვლება თვითმმართველობის არჩევნების საფუძველზე - საბაზისო ნაწილი, ხოლო მეორე ნახევარი ფორმულა გამოითვლება - საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე... ასეთ რამეს კანონი არ უშვებს და თუკი ასეთი პრაქტიკა არსებობს, ეს კანონსაწინააღმდეგოა“.

სხვა ბევრი კოლეგის მსგავსად, მიხეილ ბენიძეც უსამართლოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ, ყოველივე ზემოთ თქმულის შედეგად, „მრეწველებს“, რომლებმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე (ბლოკის ფარგლებში) ამომრჩეველთა ხმების მხოლოდ 0.78 % მიიღეს, ეყოლებათ წევრი საარჩევნო კომისიაში, ხოლო „თავისუფალი დემოკრატები“, რომლებმაც - ამომრჩეველთა ხმების 4.63 % მიიღეს, ამ უფლებით ვერ ისარგებლებენ.

პარალელურად, მიხეილ ბენიძე ცალკე შეკითხვებს სვამს ასევე „მრეწველების“ სახელით მე-9 მოწვევის პარლამენტში შექმნილ ფრაქციაზე: შეიძლება თუ არა ჩაითვალოს ეს ფრაქცია „მრეწველების“ მიერ შექმნილ ფრაქციად, როცა ის საარჩევნო ბლოკ „თოფაძე მრეწველები - ჩვენი სამშობლოს“ სახელით გამარჯვებულმა მაჟორიტარმა დეპუტატმა შექმნა. „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელისთვის უმნიშვნელო არ არის ის ფაქტი, რომ კანდიდატად დარეგისტრირების დროს დეპუტატი სიმონ ნოზაძე არ იყო პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ წევრი. მიხეილ ბენიძე ფიქრობს, რომ პრობლემები კანონმდებლობაში დევს - ისინი ბუნდოვანია და მკაფიოდ არ განსაზღვრავს აკრძალვებს. მაგრამ, მისი აზრით, არსებული კანონმდებლობის მოთხოვნებსაც რომ დავეყრდნოთ, ცესკოს გადაწყვეტილება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG