Accessibility links

რუსთავის მე-20 საარჩევნო ოლქს ჩვიდმეტმა პარტიამ და საარჩევნო ბლოკმა მიაკითხა


რუსთავი

რუსთავის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საარჩევნო სუბიექტებმა ადგილობრივ საოლქო კომისიაში კანდიდატთა დოკუმენტები წარადგინეს. რუსთაველები პირდაპირი წესით ქალაქის მერს აირჩევენ, აირჩევენ საკრებულოსაც. უკვე გაიხსნა საარჩევნო უბნები და წევრებით დაკომპლექტდა საუბნო კომისიები.

21 სექტემბერს, დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო დღეს, რუსთავის მე-20 საარჩევნო ოლქს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მსურველმა ჩვიდმეტმა პარტიამ და საარჩევნო ბლოკმა მიაკითხა. ოლქის მდივანი ხათუნა გოშაძე ამბობს, რომ 13-მა სუბიექტმა - მათ შორის „ქართულმა ოცნებამ“ და მსხვილმა ოპოზიციურმა პარტიებმა - როგორც მერობის, ისე მაჟორიტარი კანდიდატების დოკუმენტები და პარტიული სიები წარადგინა, ოთხმა - მხოლოდ პარტიული სიები ან მაჟორიტარი კანდიდატები.

ხათუნა გოშაძის თქმით, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, პარტიებმა და საარჩევნო ბლოკებმა ორი სამუშაო დღის განმავლობაში, ესე იგი, 25 სექტემბრის 18 საათამდე, უნდა შეასწორონ საარჩევნო დოკუმენტებში აღმოჩენილი დარღვევები. ამის შემდეგ გატარდებიან კანდიდატები რეგისტრაციაში. რამდენიმე სუბიექტს დოკუმენტებში უმნიშვნელო ხარვეზები დაუდგინდა.

რუსთავის მერის პოსტზე კენჭისყრას აღარ აპირებს მოქმედი მერი დავით ჯიქია.

დავით მაღლაკელიძე, ადგილობრივი საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც „ქართული ოცნების“ სიაში მეშვიდე ნომრად არის შეყვანილი, ამბობს, რომ დავით ჯიქიამ თავად თქვა უარი კენჭისყრაში მონაწილეობაზე.

რუსთავში მერს პირდაპირი წესით ირჩევენ, ქალაქის 25-წევრიან საკრებულოში კი 10-ს - მაჟორიტარული წესით, 15-ს - პარტიული სიებით.

19 სექტემბერს ქალაქში ოთხმოცდაოთხივე საარჩევნო უბანი გაიხსნა, იმდენი, რამდენიც 2014 წლის ადგილობრივი არჩევნებისა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს.

საოლქო კომისიის თავმჯდომარის გაგა აფციაურის თქმით, ყველა უბანი დაკომპლექტებულია წევრებით, აირჩიეს ხელმძღვანელებიც.
მისივე თქმით, საუბნო საარჩევნო ადმინისტრაციების ხელმძღვანელთა არჩევა ყველა წესის დაცვით, დემოკრატიულად ჩატარდა.
ნომერ პირველი საარჩევნო უბნის თავმჯდომარის ნატო ჟღენტის თქმით, მისი და საუბნო კომისიის სხვა ხელმძღვანელების არჩევა მართლაც დემოკრატიულად ჩატარდა, პროტესტი კი, რომელიც კომისიის ორმა წევრმა გამოთქვა, უსაფუძვლოა:

„პროტესტი მხოლოდ ნაციონალებმა გამოთქვეს. ორი გოგონა იყო, ერთი „ევროპული საქართველოდან“, არ ენდობოდნენ ჩვენს არჩევნებს. ესო გათამაშებული სცენარი იყოო. მათ თვითონ ჰქონდათ მომზადებული, ამობეჭდილი დებულებასავით და წარმოგვიდგინეს მათი საჩივარი, ოქმს მივაკარით და ჩავაბარეთ საოლქოში“.

ნატო ჟღენტის თქმით, მისი უბანი საარჩევნო გრაფიკის მიხედვით მუშაობს, ტექნიკური ხასიათის პრობლემები არ აქვთ.
საარჩევნო გაერთიანება „განახლებული ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ალექსანდრე ბერიძე, რომელიც, ამავე დროს, „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი პარტიული სიის მეოთხე ნომერია, ამბობს, რომ საუბნო კომისიებში, სადაც 13 წევრია, არჩევნები ფორმალურად ჩატარდა. ალექსანდრე ბერიძის თქმით, მათი ორგანიზაციის წევრებმა ყველა უბანზე განსხვავებული აზრი დააფიქსირეს, თუმცა იმედი არა აქვს, რომ ამას რაიმე შედეგი მოჰყვება.

საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა სიები ჯერ გამოკრული არ არის.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს რუსთავში 104 ათასი ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, აქედან ამომრჩეველი ქალების რაოდენობა ხმის უფლების მქონე მამაკაცებს თითქმის 10 ათასით აჭარბებდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG