Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

„წითელი ჯვრის“ პროექტები იმერეთსა და სამეგრელოში


დევნილთა საცხოვრებელი ზუგდიდში
დევნილთა საცხოვრებელი ზუგდიდში
„წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის ბიურო ზუგდიდში გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მუშაობს. ორგანიზაციის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად კვლავ რჩება შეიარაღებული კონფლიქტის სიტუაციაში განცალკევებულ ოჯახებს შორის „წთელი ჯვრის“ ბარათების მეშვეობით კავშირის აღდგენა - ოჯახების გაერთიანება და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; დიალოგის წარმოება ხელისუფლებასთან იმ მიზნით, რომ დაეხმაროს ვალდებულების შესრულებაში, კერძოდ, იმაში, რომ კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული ახლობლების ადგილსამყოფელი მოიძიოს. „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის ზუგდიდის ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილემ ინგა შონიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ორგანიზაცია უკვე წლებია ეხმარება იმ ოჯახებს, რომელთაც მე-20 საუკუნის 90-იანი წლების კონფლიქტისას და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ნათესავები და ოჯახის წევრები დაკარგეს. ინგა შონია ამბობს, რომ, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებისთვის ფსიქო-სოციალური დახმარების გაწევის მიზნით, „წითელი ჯვრის’’ საერთაშორისო კომიტეტი განაგრძობს თანამშრომლობას საქართველოში მოქმედ 4 არასამთავრობო ორგანიზაციასთან.

ზუგდიდში მოქმედი ასოციაცია „ქსენონი“ უკვე მესამე წელია „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის ფინანსური მხარდაჭერით უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებს ფსიქოლოგიურ თანადგომას უწევს. „ქსენონის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ფსიქოლოგმა ნინო ჯანაშიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამ ხნის განმავლობაში ასოციაციამ 120-ზე მეტ ოჯახს გაუწია ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია.

გარდა ფსიქო-სოციალური დახმარებისა, „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტი ადგილობრივ მოსახლეობას საჭიროების შემთხვევაში ჰუმანიტარული ტვირთითაც ეხმარება. ზუგდიდის ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილის ინგა შონიას განცხადებით, კომიტეტმა იმერეთსა და სამეგრელოში დაიწყო პროექტი, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა სასმელი წყლითა და სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფას, თავშესაფრების მოწყობას, ასევე არადამაკმაყოფილებელი სანიტარულ-ჰიგიენური პირობებით გამოწვეული საფრთხისაგან მოსახლეობის დაცვას ითვალისწინებს. ინგა შონიას ინფორმაციით, წყალმომარაგების პრობლემა უკვე აღმოფხვრილია ზუგდიდის ყოფილ მე-5 საჯარო სკოლაში, სადაც აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ.
„ეს პროექტები, რაც გვაქვს, გრძელდება. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო მიკროეკონომიკური ინიციატივების პროგრამა, რომელიც ხორციელდება უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ოჯახებისა და ნაღმზე აფეთქებულთათვის, რაც გულისხმობს გრანტების გაცემას 1000 შვეიცარიული ფრანკის ოდენობით“, - ამბობს ინგა შონია.

„წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის საქართველოს წარმომადგენლობის მონაცემებით, აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად, ორივე მხარის 1 800-მდე პირი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. დაკარგულთა რაოდენობა 2008 წლის აგვისტოს ომმა გაზარდა. „წითელი ჯვრის“ შუამდგომლობით, კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარეს ჩამოყალიბებული იყო კომისიები, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებას ცდილობდნენ, თუმცა 2003 წლის შემდეგ იყო გარკვეული პაუზა. უკვე 2011 წლიდან, ისევ „წითელი ჯვრის“ ეგიდით, ჰუმანიტარული მექანიზმი შეიქმნა, რომლის მიზანიცაა კონფლიქტში მონაწილე მხარეების ხელისუფლებებს შორის დიალოგის ხელშეწყობა.
XS
SM
MD
LG