Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხუროშვილის გათავისუფლება ერგნეთის შეხვედრის წინ


28 ივლისს, საღამოს, ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან სოფელ ხურვალეთის მცხოვრები დავით ხუროშვილი გაათავისუფლეს. ის 25 ივლისს საკუთარ მიწის ნაკვეთში ლობიოს მოსავალს იღებდა, როცა რუსეთის მესაზღვრეებმა დააკავეს და "საზღვრის" უკანონოდ გადაკვეთის ბრალდება წაუყენეს. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ხუროშვილი ცხინვალის უშიშროების სამსახურს გადასცეს. ქართველ და ოს სამართალდამცავებს შორის ცხელი ხაზის მეშვეობით დაწყებული რამდენიმედღიანი მოლაპარაკება დაკავებულის გათავისუფლებით დასრულდა. ერგნეთიდან ხუროშვილი დასაკითხად შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში გადაიყვანეს, იქიდან გამოსულმა კი განაცხადა, რომ რუსეთის მესაზღვრეები მის ნაკვეთში მავთულხლართებზე გადმოვიდნენ.

ხურვალეთელები აცხადებენ, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები არღვევენ შეთანხმებას, რომელიც გამყოფ ხაზთან ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მოსავლის უსაფრთხოდ აღებას უკავშირდება. 2 კვირის წინ ხურვალეთში ვითარება უკიდურესად მას შემდეგ დაიძაბა, რაც საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ახალი ბანერები აღმართეს. ამ ბანერების მიღმა ადგილობრივი მოსახლეობის მიწის ნაკვეთები მოექცა და შეიქმნა საფრთხე, რომ ხურვალეთელებს ქერისა და ხორბლის მოსავლის აღების უფლებას არ მისცემდნენ. რუსეთის საოკუპაციო ძალების ქმედებებს გამყოფი ხაზის გასწვრივ საქართველოს პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის პროტესტი მოჰყვა, მესაზღვრეებმა კი ხურვალეთის მინდვრებში შეიარაღებული ნიღბიანი პირები შეიყვანეს. მხარეებს შორის მოლაპარაკებისას გადაწყდა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა მოსავალს უსაფრთხოდ აიღებდა, თუმცა ეს პირობა დავით ხუროშვილის შემთხვევაში არ შესრულდა. მისი მეზობლები და ოჯახის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ ხუროშვილს საოკუპაციო ხაზი არ გადაუკვეთია.

30 ივლისს ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა ჩატარდება. ქართული მხარე საოკუპაციო ხაზთან ეგრეთ წოდებული სასაზღვრო ბანერებისა და მავთულხლართების მონტაჟის პროცესს გააპროტესტებს.

XS
SM
MD
LG