Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რთველი - 2014


კახეთი
კახეთი

20 აგვისტოდან გურჯაანში „რთველი 2014“-ის საორგანიზაციო შტაბი გაიხსნება და რთვლის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამა კიდევ ერთხელ ამოქმედდება.

მეღვინეები, „შეღავათიანი კრედიტის“ მეხუთე კომპონენტის ფარგლებში, მიიღებენ დაბალპროცენტიან სესხს, რომელსაც ყურძნის შესაძენად გამოიყენებენ. შეგახსენებთ, რომ შარშან ყურძნის ღირებულება ერთი ლარიდან იწყებოდა და 2 ლარსაც აღწევდა. გასულ კვირას გამართულ სამთავრობო სხდომაზე ისიც გახდა ცნობილი, რომ რქაწითლის ჯიშის ყურძენზე სუბსიდია 35 თეთრი იქნება, საფერავზე კი - 15 თეთრი.

ღვინის სუბსიდირების პროგრამა საქართველოში აქტიურად 2007 წლიდან დაიწყო. ახალმა ხელისუფლებამ რთვლის სუბსიდირება განაგრძო, თუმცა განახლებული მიდგომებით: თუ წინა პერიოდში სუბსიდირება ვაუჩერიზაციის გზით ხდებოდა და ვაუჩერი გლეხს ეძლეოდა, ახლა მოხდა საწარმოების სუბსიდირება, რათა მათ მიერ ყურძნის შესყიდვა წახალისდეს. გასულ წელს სახელმწიფომ, საბანკო სექტორთან ერთად, მეღვინეობა–მევენახეობის სექტორს 15-თვიანი შეღავათიანი, ანუ 6%–იანი, სესხები შესთავაზა.

შეღავათიანი კრედიტით გაიცა 50 მილიონამდე ლარის სესხი. ხელისუფლების ინფორმაციით, ის არც ფასისა და არც შესასყიდი ყურძნის რაოდენობის განსაზღვრისას ოფიციალურად არ ჩარეულა.

ამასთან, სახელმწიფოს კონტროლქვეშ არსებული კომპანიები ყურძნის ძირითადი შემსყიდველები აღარ არიან. პროგრამაში მეწარმეების ჩართვა ნებაყოფლობითია, ანაზღაურება კი ვაუჩერის გარეშე, პირდაპირ ხდება. კახეთის რეგიონში დაახლოებით 85-მა კომპანიამ მიიღო და გადაამუშავა ბოლო ათეული წლების განმავლობაში რეკორდული რაოდენობის ყურძენი – 88 742 ათასი ტონა. ერთი კილოგრამი საფერავის ფასმა 2,1 ლარს მიაღწია. 84 კომპანიიდან 82 იყო კერძო და 2 სახელმწიფო - შპს „გრუზვინპრომი“ და შპს „აკურა“

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კახელმა მევენახეებმა ყურძნის რეალიზაციის შედეგად შარშან 100 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს. პირდაპირი შემოსავალი დაახლოებით 17 ათასმა ადამიანმა მიიღო.

რაც შეეხება წლევანდელ მოლოდინებს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, შარშანდელთან შედარებით, დაახლოებით 20%-ით მეტ მოსავალს ველოდებით. სასიამოვნოა, რომ მნიშვნელოვნად გაზრდილია ღვინის ექსპორტიც. წელს მოთხოვნა გაიზარდა თეთრ ყურძენზე. რაც შეეხება წითელ ყურძენზე მოთხოვნას, სავარაუდოდ, ის 2-ჯერ მეტია, ვიდრე მოსავალი.

მოთხოვნას, ცხადია, განაპირობებს ექსპორტის ზრდა, რომელიც 2014 წლის 7 თვეში გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2014 წლის 7 თვეში (იანვარ-ივლისი) მსოფლიოს 35 ქვეყანაში ღვინის ექსპორტმა 31 მილიონზე მეტი ბოთლი შეადგინა, რაც 95%-ით მეტია, წინა წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების პირველი ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება: რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, პოლონეთი და ბელარუსი, სადაც ექსპორტის მთლიან მოცულობაში, 65%-ით, რუსეთი ლიდერობს. ღვინის ექსპორტმა რუსეთში, 2014 წლის პირველი 7 თვის მონაცემებით, 20,5 მილიონ ბოთლზე მეტი შეადგინა.

რამდენად აისახება რუსეთის მიერ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების შეჩერება, ამას მომავალი გვიჩვენებს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG