Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობა ტურიზმით კმაყოფილებას ვერ ფარავს


ტურისტები თბილისში
ტურისტები თბილისში

მიმდინარე კვირა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ტურიზმის სფეროსთვის. გაირკვა, რომ უცხოელი მოგზაურების რაოდენობის ზრდამ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11 პროცენტს გადააჭარბა. ასევე, თბილისში გაიმართა ევროპისა და აზიის მთის კურორტების მესამე საერთაშორისო კონფერენცია.

გადმოწერა

მიმდინარე კვირის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ 2017 წლის მარტში საქართველოს 500 ათასზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია. მათ შორის, ტურისტების რიცხვი, ისეთი სტუმრების, ვინც 24 საათზე მეტი დაყო საქართველოში, 28 პროცენტით გაიზარდა. საქართველო რომ პოპულარული მიმართულება ხდება, ამაზე ვიზიტორთა რეაქციებიც მეტყველებს.

“...ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, მომეწონა ხალხი. ისინი ისე ლამაზად ჰყვებიან ცხოვრებისეულ ისტორიებს, ამბობენ სადღეგრძელოებს... აქ განსაკუთრებული ხასიათი იგრძნობა... აი, ისეთი ქართული... თქვენ ამას ვერ გაიგებთ, სანამ აქ არ ჩამოხვალთ, თქვენ ხომ მენდობით? უბრალოდ, ჩამოდით...“ - ასე მოუწოდებს „იუტუბზე“ ცნობილი რუსი ვიდეობლოგერი ალექსანდრ კონდრაშოვი თავის თითქმის 700-ათასიან აუდიტორიას. იგი საქართველოში მიმდინარე კვირაში მოგზაურობდა.

გიორგი ჩოგოვაძე
გიორგი ჩოგოვაძე

საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებები ცხადყოფს, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობაც კმაყოფილია ტურისტების ამ და სხვა მსგავსი აქტივობებით, რაც სტუმართა რაოდენობისა და შემოსავლების ზრდას განაპირობებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი ჩოგოვაძე, სფეროს რეკორდულ მაჩვენებლებზე ლაპარაკობს:

„მოხარული ვართ, რომ მარტის თვეში 28,6 % იყო მატება იმ ტურისტებში, რომლებიც 24 საათს და მეტხანს გაჩერდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, და 13 %-იანი მატება იყო ყველა საერთაშორისო მოგზაურის ნაწილში, სადაც შედიან ასევე ტურისტები... მოგეხსენებათ, რომ ჩვენ 2016 წელიწადი რეკორდული მაჩვენებლით დავხურეთ. ეს იყო პირველი წელიწადი, როდესაც 6 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია ჩვენს ქვეყანას“.

როგორც გიორგი ჩოგოვაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, გასაფრთხილებელია თითოეული ტურისტის ინტერესები, სახელმწიფოს პრიორიტეტად გამოცხადებული ტურიზმის სფერო და ბოლო პერიოდში გამოვლენილი წინსვლა ამ მიმართულებით. სტატისტიკის მზარდ მაჩვენებლებს და საქართველოს ტურიზმის მნიშვნელობას გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილიც.

ევროპისა და აზიის მთის კურორტების მესამე კონფერენცია
ევროპისა და აზიის მთის კურორტების მესამე კონფერენცია

5 აპრილს გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ევროპისა და აზიის მთის კურორტებს მიეძღვნა, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს სამთო კურორტებზე ტურისტების ზრდის მაჩვენებლებზე ისაუბრა:

“ჩვენ უკვე ვიღებთ საგრძნობ დივიდენდებს: ბოლო ხუთი სეზონის განმავლობაში საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების სტუმართა რიცხვი 800 %-ით გაიზარდა. სასიხარულოა, რომ ეს ტენდენცია გრძელდება და ამ სეზონზე 49 %-იანი ზრდა დაფიქსირდა. გარდა ამისა, საქართველოს მიზანია, უმასპინძლოს ზამთრის სპორტის საერთაშორისო შეჯიბრებებს. საქართველოს ძალისხმევა მიმართულია მთის სათხილამურო კურორტების განვითარებისკენ და ყველა პროექტი განხორციელდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად".

ერთი მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფო ხარჯავს რესურსს კურორტის ოპერირებისთვის, ხოლო, მეორე მხრივ, ძირითად ინფრასტრუქტურას და კომუნიკაციის საშუალებას, როგორიც არის გზა, უბრალოდ, არ პატრონობს...
ვატო ასათაშვილი

მთის კურორტების განვითარების იდეას საქართველოში ბევრი მიესალმება, მაგრამ ამ სფეროს ექსპერტების ნაწილი აღნიშნავს, რომ მთავრობის პოლიტიკა ფრაგმენტულია და, შესაბამისად, შედეგიც ნაკლებია.

იმაში, რომ სამთო ტურიზმის განვითარებისთვის საქართველოს მასშტაბური პოტენციალი აქვს, ეჭვი არ ეპარება ტურიზმის ექსპერტს, „ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელ ვატო ასათაშვილს, თუმცა მას შეკითხვები აქვს ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით:

„იმისათვის, რომ ზამთარში გოდერძიზე ახვიდე, გზა არ იწმინდება და წინა წელს, მაგალითად, არაფერი გაკეთებულა იმისათვის, რომ ამ უღელტეხილის მეორე მხარეს გაკეთებულიყო იმ გზის რეაბილიტაცია, რომელიც აჭარის მხრიდან ამოდის. აქედან გამომდინარე, ერთი მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფო ხარჯავს რესურსს კურორტის ოპერირებისთვის, ხოლო, მეორე მხრივ, ძირითად ინფრასტრუქტურას და კომუნიკაციის საშუალებას, როგორიც არის გზა, უბრალოდ, არ პატრონობს... ინფრასტრუქტურის კუთხით ანალოგიური პრობლემები გვაქვს ჩვენ მესტიაში და ნაწილობრივ - ბაკურიანშიც...“

ინფრასტრუქტურული პრობლემების გარდა, რომელზეც ვატო ასათაშვილი საუბრობდა, პრობლემები გაჩნდა ტურისტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებითაც. მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ღამის კლუბის თანამშრომელს, რომელიც სამართალდამცველებმა 2 აპრილს დააკავეს, სამი ინდოელი ტურისტის გაძარცვა ედება ბრალად.

გამოძიების თანახმად, ორ ბოთლ ლუდში ტურისტებს თითქმის ოთხი ათას ლარამდე თანხა ძალის გამოყენებით გადაახდევინეს. უცხოელი ტურისტების მოტყუებისა და მათზე ძალადობის ფაქტების გახშირებაზე ლაპარაკობენ ტურისტული სფეროს წარმომადგენლებიც.

მაია სიდამონიძე
მაია სიდამონიძე

ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, სასტუმრო „ტერასასა“ და ტურისტული კომპანია „პროტრეველის“ დამფუძნებელი მაია სიდამონიძე, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ტურისტებთან დაკავშირებულ ერთ ინციდენტს იხსენებს:

„მე სასტუმროს წარმომადგენელი ვარ და, მაგალითად, ერთხელ ჩემი ყაზახი სტუმარი ასევე ნაცემი მოვიდა. ორმაგი თანხა დააწერეს და მან უარი განაცხადა გადახდაზე... ერთი, რომ ის ნაცემი მოვიდა და, მეორე, გაბედეს ის, რომ სასტუმროში მოაკითხეს და ლამობდნენ მასთან შეხვედრას მუქარით... ჩვენ ისინი არ შემოვუშვით და დავემუქრეთ პატრულის გამოძახებით“.

ამ და სხვა პრობლემების გარდა, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ არც ტურიზმის ზრდის ტემპია დამაკმაყოფილებელი და რომ საქართველოს მსგავს ქვეყანას სწრაფი შედეგის მისაღებად ისეთი ზრდა მაინც ესაჭიროება, როგორიც იყო, თუნდაც, 2013 წელს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG