Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტურიზმის მზარდი მაჩვენებლები და ტურისტების ძარცვა


ტურისტები თბილისში
ტურისტები თბილისში

ღამის კლუბის (“Dolls”) თანამშრომელს, რომელიც სამართალდამცველებმა 2 აპრილს დააკავეს, სამი ინდოელი ტურისტის ძარცვა ედება ბრალად. გამოძიების თანახმად, ორ ბოთლ ლუდში ტურისტებს თითქმის ოთხი ათას ლარამდე თანხა ძალის გამოყენებით გადაახდევინეს. რა ზიანი შეიძლება მოუტანოს მსგავსმა შემთხვევებმა ტურიზმს, რომელსაც სახელმწიფო პრიორიტეტულ მიმართულებად მიიჩნევს და რომლის მაჩვენებლებიც სულ უფრო მზარდია? ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მარტში საქართველოში ჩამოსულ საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 13 %-ით გაიზარდა.

გადმოწერა

როგორც რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უცხოელი ტურისტების მიმართვის საფუძველზე, ამჯერად დაკავებულია კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბის მხოლოდ ერთი თანამშრომელი და მას სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - ძარცვა - ედება ბრალად. ჯერჯერობით არაფერია ცნობილი 31 მარტს ღამის კლუბ „დოლსში“ (“Dolls”) მომხდარი ინციდენტის სხვა შესაძლო მონაწილეებთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც ერთ-ერთმა დაზარალებულმა უთხრა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს, ორი ბოთლი ლუდის საფასურად არაადეკვატურად მაღალი თანხა მათ ძალის გამოყენებით 10-მდე პირმა გადაახდევინა. დაკავებული ბრალს არ აღიარებს, ხოლო ტურისტებმა უკვე დატოვეს საქართველო.

მე სასტუმროს წარმომადგენელი ვარ და, მაგალითად, ერთხელ ჩემი ყაზახი სტუმარი ასევე ნაცემი მოვიდა. ორმაგი თანხა დააწერეს და მან უარი განაცხადა გადახდაზე...
მაია სიდამონიძე

მომხდარს მალევე გამოეხმაურა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, რომელიც თითოეულ ასეთ ფაქტს ტურიზმის განვითარების ხელშემშლელ მნიშვნელოვან ფაქტორად აღიქვამს, მით უმეტეს, იმ მზარდი მაჩვენებლების ფონზე, რომლის გამოქვეყნებაც დროში დაემთხვა ინდოელი ტურისტების შევიწროების ფაქტთან დაკავშირებულ ხმაურს. როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, გასაფრთხილებელია თითოეული ტურისტის ინტერესები, სახელმწიფოს პრიორიტეტად გამოცხადებული ტურიზმის სფერო და ბოლო პერიოდში გამოვლენილი წინსვლა ამ მიმართულებით. 3 აპრილს ცნობილი გახდა, რომ 2017 წლის მარტში საქართველოს 500 ათასზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია:

„მოხარული ვართ, რომ მარტის თვეში 28,6 % იყო მატება იმ ტურისტებში, რომლებიც 24 საათს და მეტხანს გაჩერდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და 13 %-იანი მატება იყო ყველა საერთაშორისო მოგზაურის ნაწილში, სადაც შედიან ასევე ტურისტები... მოგეხსენებათ, რომ ჩვენ 2016 წელიწადი რეკორდული მაჩვენებლით დავხურეთ. ეს იყო პირველი წელიწადი, როდესაც 6 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია ჩვენს ქვეყანას“.

მართალია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ვერ მოვიპოვეთ ტურისტების უფლებების ხელყოფასთან დაკავშირებული ზუსტი სტატისტიკა, მაგრამ, როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, მსგავს შემთხვევებში ტურისტები ან პირდაპირ მიმართავენ პოლიციას, ანდა ზოგჯერ მათი უწყების გავლით უკავშირდებიან სამართალდამცველებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ამჟამად ტურისტული კომპანია „პროტრეველის“ დამფუძნებელი, მაია სიდამონიძე ვარაუდობს, რომ ტურისტების უფლებების შელახვის ფაქტები არცთუ ისე იშვიათია საქართველოში. სიდამონიძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ერთ ფაქტსაც იხსენებს:

„მე სასტუმროს წარმომადგენელი ვარ და, მაგალითად, ერთხელ ჩემი ყაზახი სტუმარი ასევე ნაცემი მოვიდა. ორმაგი თანხა დააწერეს და მან უარი განაცხადა გადახდაზე... ერთი, რომ ის ნაცემი მოვიდა და მეორე, გაბედეს ის, რომ სასტუმროში მოაკითხეს და ლამობდნენ მასთან შეხვედრას მუქარით... ჩვენ ისინი არ შემოვუშვით და დავემუქრეთ პატრულის გამოძახებით“.

არავინ აღარ აკვირდება, კონკრეტულად რომელმა კომპანიამ ან რომელმა ადამიანმა გაკეთა ეს - როდესაც ტურისტებზეა ლაპარაკი ინტერნეტში, საუბარია ტურისტების მასპინძელი ქვეყნის რეპუტაციაზე...
საბა ჩიხლაძე

მიუხედავად იმისა, რომ ტურისტების მოტყუების, ძარცვისა თუ მათზე ძალადობის ფაქტები არც განვითარებულ ქვეყნებში უკვირთ, ყველა ქვეყანას თავისი ტურისტული იმიჯის დაცვა ევალება და ასეა საქართველოს შემთხვევაშიც. როგორც ინტერნეტკომუნიკაციების სპეციალისტი საბა ჩიხლაძე აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას, თუკი ინფორმაცია ინტერნეტს სწრაფად და ფართოდ მოედება, შესაძლოა, ტურისტების ხელყოფის ერთადერთმა შემთხვევამაც კი მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენოს ტურიზმის ინტერესებს:

„იმას არავინ უყურებს, თუ მერამდენე შემთხვევაა... უბრალოდ, არის ფაქტი, რომელზეც შეიძლება იცინო ან გაბრაზდე და ამის იქით აღარავინ აღარ მიდის, ზოგადად... არავინ აღარ აკვირდება, კონკრეტულად რომელმა კომპანიამ ან რომელმა ადამიანმა გაკეთა ეს - როდესაც ტურისტებზეა ლაპარაკი ინტერნეტში, საუბარია ტურისტების მასპინძელი ქვეყნის რეპუტაციაზე... ასეთი ფაქტები იწვევს დიდ აჟიოტაჟსა და ინტერესს ინტერნეტში, როგორც ვირუსი, ასე მოედება ყველაფერს და ყველა ადამიანის კედელზე შეაღწევს... ამ შემთხვევას ჰქონდა ზუსტად ასეთი სახე სოციალურ ქსელში, რომ თითქმის ყველა აზიარებდა ორი დღის განმავლობაში და სხვადასხვა აზრს წერდნენ ამ თემასთან დაკავშირებით... თუ რაიმე ვრცელდება ვირუსულად, რჩება, ილექება ეს ყველაფერი მეხსიერებაში და რთულია, რომ დაუძვრე ასეთ ცუდ რეპუტაციას“.

ინდოელი ტურისტების ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით შს სამინისტროს ოპერატიულ მუშაობას უწონებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თუმცა, როგორც მაია სიდამონიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, საჭიროა წინასწარ უფრო მეტი აქტიურობა და მეტი ყურადღების მობილიზება სამართალდამცველების მხრიდან, იმისათვის რომ ტურისტების უფლებები სათანადოდ იყოს დაცული და მათ ისევ მოუნდეთ საქართველოში ჩამოსვლა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG