Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოლოდროინდელი კრიზისით თურქეთი კიდევ უფრო დაშორდა დასავლეთს


რეჯეპ ტაიპ ერდოანი მიმართავს შეკრებილ ხალხს 2016 წლის 10 აგვისტოს
რეჯეპ ტაიპ ერდოანი მიმართავს შეკრებილ ხალხს 2016 წლის 10 აგვისტოს

ავტორი: ილჰან ტანირი

15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობას კვლავ ახლავს ბიძგები თურქეთში და მის ფარგლებს გარეთ. პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა პუტჩის მცდელობაში პირდაპირ დაადანაშაულა აშშ-ში მცხოვრები სასულიერო პირი ფეთულა გიულენი, ხოლო მისი მოძრაობა FETO ტერორისტულ დაჯგუფებასთან გააიგივა. სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ბზარი გაუჩნდა თურქეთისა და დასავლეთის ურთიერთობას, რაც ნეგატიურად აისახება ახლო აღმოსავლეთის რეგიონის უსაფრთხოებაზე, სირიის კრიზისზე, გეოპოლიტიკურ ბალანსსა და ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაზე.

თურქეთში პრესა არასოდეს ყოფილა თავისუფალი, თუმცა წარსულში თურქეთში არსებული ძალაუფლების სხვადასხვა ცენტრთან შედარებით თავისუფალი გაზეთების კავშირმა ქვეყანაში მედიაგარემო უფრო დინამიკური და სხვადასხვა სოციალური სეგმენტის წარმომადგენელთათვის ხელმისაწვდომი გახადა. მაგრამ მას შემდეგ, რაც რეჯეპ ტაიპ ერდოანმა საკუთარი ძალაუფლების კონცენტრაცია დაიწყო და უკონკურენტო პოლიტიკურ ლიდერად იქცა, ქვეყანაში შეიზღუდა პრესის სარედაქციო თავისუფლება და ბოლო მოეღო საჯარო დებატებს. ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებგარეშე“ 2015-16 წლების პრესის თავისუფლების ინდექსით, თურქეთი 151-ე ადგილზეა 184 ქვეყანას შორის და უფრო უარესი მდგომარეობა აქვს, ვიდრე რუსეთს.

15 ივლისის არშემდგარი სამხედრო პუტჩის შემდეგ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა. თანახმად ერდოანის მიერ გამოცემული დადგენილებისა, რომელიც ძალაში 27 ივლისს შევიდა, ქვეყანაში 130 მედიაორგანიზაცია (სატელევიზოო არხები, ჟურნალები, გაზეთები და ნიუსპორტალები) აიკრძალა. მართალია, მათი უმრავლესობა ფეთულა გიულენის მოძრაობასთან იყო ასოცირებული, მაგრამ შავ სიაში სხვა მედიაორგანიზაციებიც აღმოჩნდნენ. ამ დროისათვის თურქეთის საპატიმროებში იმყოფება 77 ჟურნალისტი, რომელთაგან 42 ამა თუ იმ ფორმით სამხედრო გადატრიალებაშია ეჭვმიტანილი. თავად ფეთულა გიულენის მოძრაობა FETO-ს გიულენისტების ტერორისტული ორგანიზაცია ეწოდა.

ნიშანდობლივია, რომ 16 ივლისს ათათურქის აეროპორტში გამართულ პრესკონფერენციაზე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა სამხედრო პუტჩის მცდელობას უწოდა „ ღმერთის საჩუქარი“, რაც შესაძლებლობას აძლევდა თურქეთის ლიდერს „ვირუსისა“ და „ბანდიტებისაგან“ გაეწმინდა სამხედრო უწყება. თუმცა, როგორც ჩანს, გიულენისტების გარდა, არსებობს მრავალი სხვა ჯგუფი, რომელთა სახელმწიფო სამსახურიდან დათხოვნას მიჰყო ხელი თურქეთის ხელისუფლებამ. როგორც ნეონაციონალისტი მიმომხილველი იმინ კოლასანი ჩივის, გიულენისტებზე ნადირობის დროს დაზარალდნენ ასევე „ათათურქის მომხრე რესპუბლიკელები და სეკულარული ჯგუფების წევრები“.

წარსულს თუ გადავავლებთ თვალს, თურქეთსა და დასავლეთს შორის განხეთქილება 2013 წელს დაიწყო. იმხანად პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოანი ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფებოდა, სადაც მას უმაღლესი დონის დახვედრა მოუწყვეს, თუმცა ყვავილები და გულღია მასპინძლობა ვერ მალავდა იმას, რომ ორი ქვეყნის ლიდერები ვერ შეთანხმდნენ მთავარ პრობლემაზე - სირიის კრიზისის მოწესრიგების გზებზე. ამ ვიზიტიდან რამდენიმე კვირაში სტამბოლის ცენტრში, ტაქსიმის მოედანზე, საპროტესტო გამოსვლებმა იფეთქა. ერდოანის ღიმილიანი და რეფორმისტული იერი უეცრად შეიცვალა და თურქეთის პრემიერ-მინისტრი ავტორიტარულ ისლამისტ ლიდერად იქცა.

თეთრ სახლში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე ბარაკ ობამას გაფრთხილების მიუხედავად, რეჯეპ ტაიპ ერდოანი განაგრძობდა სირიის მიმართ თავის პოლიტიკას და სირიის ლიდერ ბაშარ ალ ასადის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარს უჭერდა ყველა ჯურის მებრძოლებს, მათ შორის - ჯიჰადისტებსაც.

თეთრ სახლსა და ანკარას შორის განხეთქილებას აღრმავებდა სირიაში მყოფი ქურთების საკითხი. 2015 წლის 7 ივნისის არჩევნების შემდეგ, როდესაც ერდოანის „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“ ვერ შეძლო უმრავლესობის მოპოვება, თურქეთის მთავრობამ გადაწყვიტა ინჯილრიკის სამხედრო ბაზა აშშ-ის ლიდერობით მოქმედი კოალიციისათვის დაეთმო.

თურქეთის ამ გადაწყვეტილებას ბევრი ანალიტიკოსი დასავლეთისა და თურქეთის ურთიერთობაში შემობრუნების დასაწყისად მიიჩნევდა, თუმცა თაფლობის თვე დიდხანს არ გაგრძელებულა.

იმ დროს, როდესაც ინჯილრიკის ბაზა გახსნა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაციაში მონაწილე კოალიციისათვის, თურქეთმა განაახლა ბრძოლა უკანონოდ გამოცხადებული ქურთისტანის მუშათა პარტიის წინააღმდეგ, რომელსაც ასეთად აშშ და ევროკავშირიც მიიჩნევს. თურქეთის დამოკიდებულება კიდევ უფრო მტრული გახდა სირიის ქურთისტანის დაჯგუფება „ქურთისტანის დემოკრატიული ერთიანობის პარტიისა“ (PYD) და მისი სამხედრო ფრთის, „სახალხო დაცვის“, ძალების (YPG) წინააღმდეგ - დაჯგუფებისა, რომელსაც ვაშინგტონი არ მიიჩნევს ტერორისტულ ორგანიზაციად და რომელიც აშშ-ის სტრატეგიული მოკავშირეა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში.

მაგრამ ასე არ ფიქრობს პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი, რომელმაც ვაშინგტონის გასაგონად განაცხადა, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლისათვის ტერორისტულ ორგანიზაციას არ შეიძლება კანონიერი სახე მიეცესო.

სხვაგვარად რომ ითქვას, იმ დროს როდესაც ერდოანი გმობდა „ქურთისტანის დემოკრატიული ერთიანობის პარტიასა“ და მისი სამხედრო ფრთის, „სახალხო დაცვის“, ძალებს, აშშ აღნიშნულ ჯგუფებს თურქეთის მიწაზე მდებარე საავიაციო ბაზიდან ფართო ლოგისტიკურ დახმარებას უწევდა.

ერდოანის პოლიტიკა სირიის მიმართ არასოდეს სარგებლობდა დიდი მხარდაჭერით თურქეთის საზოგადოებაში. მას შემდეგ, რაც სირიის კრიზისი თურქეთის საზღვართან ფართომასშტაბიან სამოქალაქო ომში გადაიზარდა, ხოლო მილიონობით სირიელი დევნილი თავშესაფრის საძიებლად თურქეთს მიაწყდა, ერდოანის პოლიტიკა უკვე მძიმე ტვირთად იქცა. თუმცა, ვინაიდან თურქეთის პრეზიდენტის გავლენა ძალიან დიდია კერძო მედიაზე, პრეზიდენტისა, რომელიც სრულად აკონტროლებს სახელმწიფო ტელე-რადიო და საინფორმაციო სააგენტოებს, ერდოანს იოლად შეუძლია თავისთვის სასარგებლო მიმართულებით წარმართოს საზოგადოებრივი აზრი, რაშიც მას მეტოქე თითქმის არ ჰყავს.

არაკომპეტენტური ოპოზიციონერი ლიდერები არათუ საზოგადოების ფართო ფენებთან ვერ ახერხებენ კავშირის დამყარებას, რათა შემდგომში აღმასრულებელი ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ, არამედ თავიანთი პარტიების შიგნითაც კი არ შეუძლიათ ძალაუფლების კონსოლიდაცია და ურთიერთქიშპის დაძლევა.

შესაბამისად, რაოდენ არაპოპულარულიც უნდა ყოფილიყო ერდოანის პოლიტიკა სირიის მიმართ, ოპოზიციის სისუსტის გამო, თურქეთის პრეზიდენტს მისი გადასინჯვა არ დასჭირვებია.

მიუხედავად თურქეთის შიგნით მთელი ძალაუფლების აკუმულირებისა, ერდოანის „ექსცენტრიკული“ ქცევა, ანტიდემოკრატიული პოლიტიკური კურსი და ანტიდასავლური განცხადებები გაუცხოების გრძნობას იწვევს როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთში მყოფ მეგობრებში.

მართალია, ერდოანმა მიაღწია ევროკავშირის ლიდერებთან გარიგებას მიგრანტთა კრიზისის საკითხში, მაგრამ ამ ნაბიჯს არ განუმტკიცებია თურქეთის პრეზიდენტის საერთაშორისო იმიჯი. დასავლეთის ლიდერები სამხედრო პუტჩის მცდელობის ჩახშობის შემდეგაც გაურბიან ანკარაში ვიზიტს. ერდოანი იმეორებს, რომ ევროკავშირის არც ერთი წევრი ქვეყნის ლიდერს არ გამოუხატავს მისთვის თანაგრძნობა სამხედრო პუტჩის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG