Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის არშემდგარი სამხედრო გადატრიალება


ეს იყო კლასიკური „თურქული“ სამხედრო გადატრიალება, რომელიც, მოსახლეობის დიდი ნაწილისაგან იზოლირებულად ჩაიფიქრა სამხედროების ერთმა ჯგუფმა. მთავრობის მომხრეებმა თანდათანობით იწყეს დიდი ქალაქების სტრატეგიულ ადგილებსა და ქუჩებში გამოსვლა, ზოგან მათი რაოდენობა არ იყო დიდი, თუმცა, ბევრად აღემატებოდა ქუჩაში მყოფ მეამბოხეთა თითო-ოროლა მომხრეს.

გადმოწერა

პარასკევის შუაღამიდან მოყოლებული, ქვეყნის პარლამენტში შემავალი სამი უმსხვილესი პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა სასწრაფოდ დაგმეს გადატრიალების ყოველგვარი მცდელობა. ისინი იხსენებდნენ უწინდელი გადატრიალებების, განსაკუთრებით კი 1993 წლის სამხედრო გადატრიალების „მწარე გაკვეთილებს“ და აღნიშნავდნენ, „რომ ხალხის მიერ არჩეული მთავრობა მხოლოდ არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს, და არა გადატრიალებით.“

მეტიც, წარსულში ერდოანის მოკავშირეებმა და მისმა ამჟამინდელმა ოპონენტებმა, ყოფილმა პრეზიდენტმა აბდულა გიულმა და საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა აჰმეტ დავუთოღლუმაც დაუჭირეს მხარი „კონსტიტუციური გზით არჩეულ“ მთავრობას.

და ისევ გამოჩნდა, რომ პოლიცია და სხვა სპეცსამსახურები, როგორიც არის, მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სწრაფი რეაგირების ძალები, მხარს უჭერენ არმიის წინააღმდეგ მთავრობის ძალისხმევას.

ბევრ შემთხვევაში, სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მონაწილე ახალგაზრდა სამხედროები (რომლებმაც, ჩანდა, ხეირიანად არც კი იცოდნენ, რისთვის გამოიყვანეს ნაწილებიდან) მცირე წინააღმდეგობის შემდეგ ყრიდნენ იარაღს და ბარდებოდნენ პოლიციას.

ერდოანის მხარდამჭერები ანთალიის ქუჩებში გამარჯვებას ზეიმობენ
please wait

No media source currently available

0:00 0:00:48 0:00

ანკარაში პარლამენტის წევრები მთელი ღამის განმავლობაში იკრიბებოდნენ პარლამენტის შენობაში, რომელიც ისევე დაიბობმა მეამბოხეთა შვეულმფრენებიდან, როგორც სხვა სამთავრობო შენობები თუ სტრატეგიული ობიექტები, მათ შორის თურქეთის ტელეკომისა და სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის ცენტრალური ოფისები.

ეთერიდან იქნა გათიშული რადიო- და ტელეარხები, მაგრამ მაუწყებლობას აგრძელებდა სიენენის თურქული სამსახური, რომლის შესაძლებლობა კარგად გამოიყენეს მთავრობის წევრებმა, განსაკუთრებით პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა, რომელიც მობილური ტელეფონის ვიდეოაპლიკაციის საშუალებით ჩაერთო გადაცემაში და პირაპირი ეთერით ქუჩაში გამოსვლისაკენ მოუწოდა მოსახლეობას.

ამის შემდეგ კი დაიწყო დაპატიმრებათა სერია. შაბათ დილისთვის პოლიციამ დააპატიმრა შეიარაღებული ძალებისა და უშიშროების სამსახურის 1500-მდე თანამშრომელი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან სამხედრო გადატრიალებაში მონაწილეობაში. დაპატიმრებულთა შორის არიან ხუთი გენერალი და 29 პოლკოვნიკი, რომლებიც თანამდებობიდან გადააყენეს.

შაბათს მუშაობა განაახლა სტამბოლის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტმა, რაც ახალი დღის დაწყების მაუწყებლად იქცა.

პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი და სხვა ოფიციალური პირები, გადატრიალების მცდელობაში იმთავითვე სამხედროთა მცირე ჯგუფს ადანაშაულებდნენ და აცხადებდნენ, რომ მეამბოხეები დევნილობაში მყოფი სასულიერო პირი ფეტულა გიულენის მომხრეები არიან.

თურქეთის მთავრობა „ტერორისტთა ჯგუფს“ უწოდებს გიულენის მომხრეებს, რომლებსაც დიდი ხანია, „განზრახული აქვთ ქვეყნის არჩეული ხელისუფლების დამხობა“.

ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში გიულენის მომხრეებს მაღალი თანამდებობები ეკავათ არმიაში, პოლიციაში, იუსტიციისა და განათლების სამინისტროებში. 2000 წლის დასაწყისში არჩევნებში ისინი მხარს უჭერდნენ ერდოანს, რომელსაც დაეხმარნენ ჯერ ხელისუფლებაში მოსვლაში, ხოლო შემდეგ – ხელმეორედ არჩევაში. თუმცა, 2011 წელს ერდოანის მთავრობამ გიულენის მიმდევრები მასობრივად დაითხოვა მთავრობის, მედიისა და ბიზნესის ზედა ეშელონებიდან.

და როგორც 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობამ ცხადყო, „გიულენის ჯგუფი“ აღარ სარგებლობს არსებითი მხარდაჭერით თურქეთის ოპოზიციაში. შაბათ დილას, დღის 12 საათისათვის, აშკარა გახდა, რომ ამ ჯგუფმა კრახი განიცადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG