თურქეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და მხარდაჭერას გამოხატავს ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ - ამ შინაარსის განცხადებები გააკეთა თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა თბილისში, თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. თურქეთის სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაშია შვიდი მინისტრი, რომლებმაც 23 მაისს ქართულ მხარესთან ერთად მონაწილეობა მიიღეს მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მეორე სხდომაში. ხელი მოეწერა არაერთ შეთანხმებას: ეკონომიკის, იუსტიციის, უსაფრთხოებისა თუ კულტურის მიმართულებებით. რა საერთო ინტერესები ამოძრავებთ თურქეთსა და საქართველოს და როგორ გამოიყურება ეს ურთიერთობები საერთაშორისო პოლიტიკის ჭრილში, რუსეთისა და დასავლეთის ფაქტორების გათვალისწინებით?
23 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული საზეიმო დახვედრის შემდეგ, თურქეთის პრემიერ-მინისტრი პირისპირ შეხვდა ქართველ კოლეგას, გიორგი კვირიკაშვილს, რის შემდეგაც გაიმართა საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მე-2 სხდომა, ხელი მოეწერა არაერთ შეთანხმებას, დეკლარაციას და ამის შემდეგ გაიმართა ერთობლივი პრესკონფერენციაც.
თუკი მთავრობის ხელმძღვანელების განცხადებებით ვიმსჯელებთ, საქართველო და თურქეთი „სამაგალითოდ“ და „მისაბაძად“ აფასებს ურთიერთობებს, რომლებიც ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური კავშირის 25 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა 23 მაისს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საგანგებოდ აღნიშნა, რომ ასეთ სიახლოვეს სხვა ქვეყნები 100 წლის განმავლობაშიც ვერ აღწევენ, რასაც ჩვენ ნახევარ საუკუნეში მივაღწიეთ და ორ ქვეყანას შორის პრობლემები პრაქტიკულად არ არსებობსო. ერთობლივ პრესკონფერენციაზე თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა იმის გამო, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობიდან რამდენიმე დღეში (2016 წლის ივლისში) გიორგი კვირიკაშვილი ანკარაში ჩავიდა და „ამ სოლიდარობას ძალიან აფასებს თურქეთის მთავრობა და თურქი ხალხი“.
სანაცვლოდ, ბინალი ილდირიმის თქმით, თურქეთი მიისწრაფვის საქართველოსთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისკენ და მხარს უჭერს მეზობელ ქვეყანას ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალ გზაზე. ხაზი ესმება საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებსაც:
„თურქეთი გააგრძელებს ორი ძირითადი პრინციპის მხარდაჭერას: ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და საქართველოს სუვერენული უფლებები. არავის აქვს უფლება დაარღვიოს ეს ორი მოცემულობა. ნებისმიერი პრობლემა, რომელიც ამ მხრივ არსებობს, უნდა მოგვარდეს ურთიერთთანამშრომლობის ჭრილში. განსაკუთრებით, არსებული პრობლემები აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან/ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით უნდა იქნეს განხილული სწორედ ხსენებული ორი პრინციპის ჭრილში“.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის თურქეთის პრემიერ-მინისტრმა გულითადი მადლობა მიიღო ქართველი მასპინძლისგანაც. გიორგი კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობები კიდევ უფრო განმტკიცდება, გაღრმავდება და ამის პოტენციალი მას, უპირველეს ყოვლისა, სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებში ეგულება. გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა ერთობლივ მასშტაბურ პროექტებზეც:
„მიმოვიხილეთ მსხვილ სატრანსპორტო, ენერგეტიკულ პროექტებში წარმატებული თანამშრომლობა და პერსპექტივები. ამ თვალსაზრისით აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის პირველი განშტოების დასრულების მნიშვნელობა 2017 წლის ზაფხულისთვის, რაც კიდევ უფრო აამაღლებს ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობას. დავაფიქსირეთ მხარეთა მზაობა განვაგრძოთ მჭიდრო ურთიერთობა სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტის რეალიზაციისა და კასპიის ენერგორესურსების დასავლეთისაკენ ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად“.
ოფიციალური ინფორმაციით, საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მეორე სხდომის ფარგლებში საქართველოსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს „თბილისის განცხადებას", „რომლითაც მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი პატივისცემა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი და აღნიშნეს, რომ ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა და მეგობრობა რეგიონალური მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის გარანტია“.
ასევე ოფიციალური წყაროს ცნობით, 23 მაისსვე ორი ქვეყნის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა მნიშვნელოვან დოკუმენტებს: „საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ განცხადებას"; დეკლარაციას „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ერთობლივი ეკონომიკური და სავაჭრო კომისიის (JETCO) დაფუძნების შესახებ"; „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამას"; „საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის, ზღვაოსნობისა და კომუნიკაციის სამინისტროს შორის კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს".
რაც შეეხება თურქეთისა და საქართველოს ურთიერთობებს საერთაშორისო პოლიტიკის ჭრილში, აქ ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ ორ ფაქტორზე: პირველი, ეს არის თურქეთის გართულებული ურთიერთობები საერთაშორისო თანამეგობრობასთან და მეორე, ეს არის რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები, რომლის გაუმჯობესების დემონსტრირებასაც აქტიურად ახდენს ორივე ქვეყანა.
დასავლეთთან თურქეთის ურთიერთობების გართულება დაიწყო 2016 წლის ზაფხულიდან, მას შემდეგ, რაც, ვერშემდგარი სამხედრო გადატრიალების კვალდაკვალ, თურქეთის ხელისუფლებამ მკაცრ რეპრესიულ ზომებს მიმართა და, საერთაშორისო თანამეგობრობის შეფასებით, ანკარამ დაიწყო დაშორება დემოკრატიისგან. პარალელურად, შეკითხვები გაჩნდა აპრილის რეფერენდუმთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც გადაწყდა თურქეთის პრეზიდენტის უფლებამოსილებათა განუზომლად გაძლიერება.
საქართველოს ინტერესების ჭრილში არანაკლებ საყურადღებოა რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობების დათბობა, რომელიც, ანალიტიკოსების აზრით, დიდწილად განპირობებულია სწორედ ანკარისა და საერთაშორისო თანამეგობრობის გართულებული ურთიერთობებით. თუმცა როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნა პოლიტოლოგმა გიორგი გობრონიძემ, მოსკოვი და ანკარა ვერ შეძლებენ ჰარმონიული ურთიერთობების დამყარებას, თუნდაც მხოლოდ სირიასა და კავკასიის რეგიონში მათი განსხვავებული ინტერესების გამო:
„ცალსახად თქმა იმისა, რომ ეს იქნება შეუქცევადი დათბობის პერიოდი, მე მგონია, რომ გადაჭარბებულია, გამომდინარე იქიდან, რომ რეალურად ამ შემთხვევაშიც სახეზე გვაქვს მცდელობა პარტნიორული კავშირის განვითარების, თუმცა, იმავდროულად, ჩვენ ვაკვირდებით, რომ ეს განხეთქილებები ისევ რჩება თურქეთსა და რუსეთს შორის... საქართველოს და თურქეთს გააჩნია თავისი განსაზღვრული დღის წესრიგი და მე არ ვფიქრობ, რომ რუსეთი და თურქეთი შეეცდებიან რაღაცების გაყოფას საქართველოსთან მიმართებით“.
გიორგი გობრონიძე ფიქრობს, რომ თურქეთს, როგორც ნატოს ერთ-ერთ გავლენიან წევრს, ისე არასოდეს გაუფუჭდება ურთიერთობები დასავლეთთან, რომ სერიოზულ განხითქილებამდე მივიდნენ და ამას მძიმე შედეგები მოჰყვეს საქართველოსთვისაც. ამასთან, პოლიტოლოგის აზრით, ანკარის ინტერესებშია, რომ საქართველო გაწევრიანდეს ნატოში, რადგანაც საქართველოს უსაფრთხოება და სტაბილურობა მეტად მნიშვნელოვანია მისი უსაფრთხოებისთვისაც.