Accessibility links

„ოცნების ქალაქში“ თვითნებურად დასახლებულები საცხოვრისის მოლოდინში


„ოცნების ქალაქი“

ე.წ. “ოცნების ქალაქში”, სადაც თვითნებურად დასახლებული მოქალაქეები მძიმე ყოფით პირობებში ცხოვრობენ, აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იმყოფებოდნენ. საკანონმდებლო ორგანოს ოპოზიციონერ დეპუტატებს ადგილობრივთა ნაწილი აგრესიით შეხვდა და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა:

ექვსი წელია აქ ვართ და არავინ გვაქცევს ყურადღებას! რომელი სოციალური სახლები აშენეთ და ვინ დააკმაყოფილეთ? არც თქვენ არ გესმოდათ... იყავით სათავეში და არაფერი გესმოდათ!“

„ოცნების ქალაქი“
„ოცნების ქალაქი“

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა ნაწილის უკმაყოფილების ფონზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი დიასამიძემ იქ მისვლის მიზეზი განმარტა და განაცხადა, რომ თვითნებურად დასახლებულ მოქალაქეებს შორის მაღალია წითელას ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა და ხელისუფლებას ზომების მიღებისკენ მოუწოდა:

„აჭარაში გვაქვს წითელას ეპიდაფეთქება. ჩვენ მოვიპოვეთ გარკვეული ინფორმაცია, ვესაუბრეთ მოსახლეობას და საკმაოდ ბევრი შემთხვევა აღმოვაჩინეთ აქ, ე.წ. „ოცნების ქალაქში“. ჩვენ ვითხოვთ, სანამ აქ მცხოვრები ადამიანების პრობლემები საბოლოოდ მოგვარდება და მათ ნორმალური საცხოვრისი ექნებათ, გასატარებელია აუცილებელი ღონისძიებები“.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ ე.წ. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებში წითელას ვირუსის ვაქცინაცია გადაამოწმეს და აქ მცხოვრებთა დიდი ნაწილი აცრილი აღმოჩნდა. ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ნიჟარაძე ამბობს, რომ ვირუსით ინფიცირების მხოლოდ ორი შემთხვევა დაფიქსირდა:

ვისაც ეკუთვნის ბინა, გადაამოწმოს სახელმწიფომ, ჩვენ ნუ გვეუბნება, რომ აქ მდიდარი და შეძლებული ოჯახები ცხოვრობენ... მდიდარი და ღარიბი თვითონ უნდა გაარჩიოს, მე როგორ გავარჩიო? თუ გვეკუთვნის, გვითხრან! მე მერგება, მაგალითად...
ვეფხია ბერიძე

„’ოცნების ქალაქში’ აღრიცხული ოჯახებიდან (ბავშვებს ვგულისხმობ) მეტი წილი რეგისტრირებულია მაღალმთიანი აჭარის იმუნიზაციის მიმწოდებელ ექიმებთან. როდესაც ჩვენ მათი აცრის სტატუსები შევისწავლეთ, 95 პროცენტი სრულად აცრილი აღმოჩნდა. მხოლოდ ერთეული შემთხვევები იყო აუცრელი“.

„ოცნების ქალაქში“ თვითნებურად დასახლებულები ძირითადად მაღალმთიანი აჭარიდან არიან. ისინი 2012 წლიდან დასახლდნენ ბათუმის გარეუბანში, ყოფილი ბატალიონის ტერიტორიაზე. თავდაპირველად კომპანია „აჭარაენერგოპროს“ კუთვნილი შენობა დაიკავეს, შემდეგ კი მიმდებარედ მუყაოს სახლები გააშენეს. თვითნებურად დასახლებულთა რაოდენობა გაიზარდა და წლების შემდეგ მუყაოს სახლები ქვის სახლებით ჩაანაცვლეს, თვითნებურ დასახლებას კი მუყაოს ქალაქის ნაცვლად „ოცნების ქალაქი“ დაარქვეს. დღეს ეს დასახლება გაშენებულია 9 ჰექტარ ფართობზე, სადაც 1000-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. ნაწილი სოციალურად დაუცველია და სახელმწიფოს შემწეობით არსებობს. ნაწილი ამბობს, რომ ბინის ქირის გადახდის საშუალება არ აქვთ, „ოცნების ქალაქში“ კი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ - არ მიეწოდებათ წყალი, არ არსებობს საკანალიზაციო სისტემა. ასეთ პირობებში აქ ბევრი ბავშვი ცხოვრობს, რადგან თვითნებურად დასახლებული ოჯახების უმრავლესობა მრავალშვილიანია. მათ შორისაა მაია ბოლქვაძე, რომელიც ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ქმარს გაშორდა, ექვსი წელია, ხუთ შვილით აქ შეჭრილებთან ერთად ცხოვრობს. ამბობს, რომ სიციალური დახმარებით ირჩენს თავს და სოციალურ საცხოვრისს ელოდება:

"ოცნების ქალაქი", 2014 წელი
"ოცნების ქალაქი", 2014 წელი

„იაფი სახლის პროექტი იყო, რომელიც ბათუმის მერიას ჰქონდა, და ძალიან მომეწონა. მე, მაგალითად, 400 ლარი სოცდახმარება მაქვს. ჩემი შვილებიც გაიზრდებიან ნელ-ნელა და დამეხმარებიან. იაფი სახლის შეძენის შემთხვევაში კი თვეში 100 ლარი იქნებოდა გადასახადი, მაგრამ არ განახორციელეს“.

საცხოვრებლით დაკმაყოფილებას ელოდება ოთხი შვილის მამა ვეფხია ბერიძეც, რომელიც „ოცნების ქალაქში“ თვითნებურად აშენებულ 20 კვ მეტრი ფართობის სახლში სოციალური დახმარებით ცხოვრობს და, როგორც გვაჩვენებს, საკმაოდ მძიმე პირობებში. იგი ამბობს, რომ სახელმწიფომ უნდა გადაამოწმოს ამ დასახლებაში მცხოვრებთა სოციალური მდგომარეობა და სტატუსი:

„შუქი გვაქვს ერთიანი მრიცხველით და ზოგი იხდის, ზოგიც ვერა და გვეთიშება დროდადრო. წყალი არ არის ან, თუ მოდის, არაა ჰიგიენური. იყო წყლით მოწამვლის ფაქტებიც. ვისაც ეკუთვნის ბინა, გადაამოწმოს სახელმწიფომ, ჩვენ ნუ გვეუბნება, რომ აქ მდიდარი და შეძლებული ოჯახები ცხოვრობენ... მდიდარი და ღარიბი თვითონ უნდა გაარჩიოს, მე როგორ გავარჩიო? თუ გვეკუთვნის, გვითხრან! მე მერგება, მაგალითად“.

იმის გადამოწმება, მიიღებს თუ არა ვეფხია ბერიძე საცხოვრებელ ფართს, აჭარის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროში ვცადეთ, სადაც განმარტავენ, რომ, ბერიძის მსგავსად, თუ „ოცნების ქალაქში“ სხვა თვითნებურად ჩასახლებული ეკომიგრანტები ერთხელ უკვე დააკმაყოფილა სახელმწიფომ ალტერნატიული ფართით, მეორეჯერ დახმარებას ვეღარ მიიღებენ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე ამბობს, რომ ადგილობრივმა ხელისფლებამ აღწერა „ოცნების ქალაქში“ თვითნებურად ჩასახლებულები და დააკმაყოფილა ყველა ეკომიგრანტი ოჯახი, ვისაც შესაბამისი კრიტერიუმი აღმოაჩნდა. გარდა ამისა, აჭარის მთავრობა მუშაობს ერთიან სტრატეგიაზე, რომელსაც უახლოეს მომავალში გაასაჯაროვებს:

„ოცნების ქალაქის“ მცხოვრებნი
„ოცნების ქალაქის“ მცხოვრებნი

„დეტალურად შესწავლილია მონაცემები, თუ რამ აიძულა ეს ოჯახები, რომ წამოსულიყვნენ და აქ თვითნებურად ჩასახლებულიყვნენ. დიდწილად იკვეთება ოჯახები, სადაც არის ორი ძმა, ცხოვრობენ ერთ სახლში და აქვთ ფართის სივიწროვე. ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე და შემიძლია გითხრათ, რომ ყოველდღე გავდივართ დეტალებს მთავრობის თავმჯდომარესთან. არის სხვადასხვა ვერსია და როდესაც საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით, მალე გაჟღერდება და გაცნობებთ“.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა არაერთ ანგარიშში მოუწოდა ადგილობრივ ხელისუფლებას ე. წ. „ოცნების ქალაქში“ თვითნებურად დასახლებულთა პრობლემის შესწავლისკენ. ამ საკითხს სპეცილური ანგარიშიც მიუძღვნა და აღნიშნა, რომ „ოცნების ქალაქში“ უკიდურესად მძიმე პირობებში ცხოვრობენ ბავშვები და ხანდაზმულები. რეკომენდაციით მიმართა ხელისუფლებას, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ერთიანი სტრატეგია შეიმუშაოს.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG