Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„უკანასკნელი ბრძოლა თბილისისათვის“


საპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია

მოძრაობა „ერთად“ - სამოქალაქო საზოგადოების ერთი ნაწილი, 20-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის, გარემოსდამცველების წარმომადგენლები, ის ხალხი, ვისაც თბილისის იერსახე აღელვებს, 7 მაისს კოჯრის გზატკეცილზე სწორედ იმ ადგილას შეიკრიბა, სადაც „პანორამა თბილისის“ მშენებლობა იგეგმება.

საპროტესტო აქციის მთავარი ადრესატი ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი და მისი მრავალმილიონიანი პროექტებია, რომლებიც, აქციის მონაწილეების მტკიცებით, ქალაქს ამახინჯებს და მოსახლეობას საჯარო სივრცეებს ართმევს. პროექტი „პანორამა თბილისი“ თუ ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ გასხვისებული ტერიტორია, მირზა შაფის ქუჩის ბუნდოვანი მომავალი თუ ასობით გაჩეხილი ხე დედაქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე - აქციის მონაწილეთა განცხადებით, არის მიზეზი რადიკალური საპროტესტო აქციებისა. 7 მაისს გამართულ აქციაზე პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე, მათ შორის, საკრებულოს დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი და პარტიზანი მებაღე ნატა ფერაძეც დააკავა. ისინი ცდილობდნენ შემოღობილ ტერიტორიაზე შეღწევას.

კოჯრის გზატკეცილზე, იქ, სადაც „პანორამა თბილისის“ მშენებლობა მიმდინარეობს და ტერიტორია შემოღობილია, პროექტ „პანორამა თბილისის“, ბოტანიკური ბაღის გასხვისებისა და, ზოგადად, თბილისში საჯარო სივრცეების გაქრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია დღის პირველ საათზე დაიწყო. აქციის ორგანიზატორები, მოძრაობა „ერთად“ და მასში გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოძრაობების წარმომადგენლები პლაკატებითა და დროშებით ხელში გამოხატავდნენ უკმაყოფილებას დედაქალაქში განვითარებული პროცესების გამო და ცდილობდნენ იმ ტერიტორიაზე შეღწევას, სადაც ადრე მოქალაქეებს თავისუფლად შეეძლოთ გადაადგილება, ახლა კი იქაურობა შემოღობილია და პოლიცია იცავს. სხვებთან ერთად მშენებლობის ადგილზე შეღწევას ცდილობდა საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილიც, რომელიც პოლიციამ ტერიტორიაზე არ შეუშვა, ხოლო მოგვიანებით ის, პარტიზანი მებაღე ნატა ფერაძე და კიდევ რამდენიმე აქტივისტი საპატრულო მანქანაში ჩასხეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

საპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია

​რადიო თავისუფლებასთან საუბარში „ტფილისის ჰამქრის“ წარმომადგენელი, ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ თბილისის უნიკალურობას განსაზღვრავს მისი არქიტექტურის მიმართება ქალაქის ლანდშაფტთან, ეს ლანდშაფტი კი არის თაბორის მთა, სოლოლაკის ხედი და მთაწმინდის მთა, ხოლო თუ საზოგადოება განაშენიანებას დაუშვებს იმ ტერიტორიაზე, სადაც საუკუნეების განმავლობაში ეს არ მომხდარა, ბუნება თავის სიტყვას იტყვის - ეს იქნება ჯაჭვური რეაქცია:

„ეს ჯაჭვური რეაქცია უკვე დაწყებულია, რადგან პანორამას შეუერთდა ბოტანიკურის 4 ჰექტარი, შემდეგ ის 29 ჰექტარი, ბაღის მიმდებარედ, იქ კი უკვე გაიცა ნებართვა სასტუმროს ტიპის კომპლექსის აშენებაზე. ამას ემატება მირზა შაფი და მის ზემოთ ტერიტორიაზე უკვე გაცემული ნებართვები და ეს სივრცე ნელ-ნელა ივსება. სწორედ ამიტომ თბილისი კარგავს თავის უნიკალურობას, რადგან მხოლოდ ევროპული ტიპის არქიტექტურა არ არის ამ ქალაქისთვის მნიშვნელოვანი, რადგან მას ჩვენ სხვაგანაც ვნახავთ, სხვა ევროპულ ქალაქში, ჩვენ კი აქ ვანადგურებთ უნიკალურ ლანდშაფტს მხოლოდ იმიტომ, რომ ავაშენოთ ის, რისი აშენებაც გვინდა. ეს არის დაუშვებელი!“

ჩვენ ბრძოლის ყველა მშვიდობიან ფორმაზე გვითხრეს უარი: შევიტანეთ 4 500- ხელმოწერიანი პეტიცია და რეაგირება არ მოჰყოლია, 500-მა ადამიანმა პრემიერთან შეხვედრა მოვითხოვეთ და უარი მივიღეთ, პროცესის საჯაროობას ვითხოვდით და ყველა პროცესი დახურული იყო...
ცირა ელისაშვილი

ის, რაც დღეს დედაქალაქში ხდება, არის კომპლექსური პრობლემა, შენიშნავს ცირა ელისაშვილი და ის პირდაპირ უკავშირდება ქალაქის მოსახლეობის ჯანმრთელობას. „იუნესკო“ მალე უარს ეტყვის თბილისს მის უნიკალურობაზე და ეს შეამცირებს ტურისტებს, თბილისი კი იქცევა ქალაქად, რომელიც უნდა დავტოვოთ - ცირა ელისაშვილის აზრით, თუ საქართველო მიდის ევროპისკენ, ევროპა არ ნიშნავს ჩაბეტონებულ სივრცეს:

„ჩვენ ბრძოლის ყველა მშვიდობიან ფორმაზე გვითხრეს უარი: შევიტანეთ 4 500- ხელმოწერიანი პეტიცია და რეაგირება არ მოჰყოლია, 500-მა ადამიანმა პრემიერთან შეხვედრა მოვითხოვეთ და უარი მივიღეთ, პროცესის საჯაროობას ვითხოვდით და ყველა პროცესი დახურული იყო, ამიტომ ხელისუფლებამ ჩვენ ერთადერთი - ძალიან რადიკალური ფორმებით ბრძოლის გაგრძელების - გზა დაგვიტოვა. ჩვენ ვიცით, რომ კერძო საკუთრებაზე შესვლა და მშენებლობის გაჩერება კანონდარღვევაა, მაგრამ ვამბობთ, რომ აქ, ამავე ტერიტორიაზე, კანონი ხელისუფლებამ დაარღვია. ვერ გავაჩერებთ ამ პროცესს დღეს - გავაჩერებთ ხვალ, ვერ გავაჩერებთ ფიზიკურად - გავაჩერებთ სამართლებრივად. და ეს მართლა იქცევა უკანასკნელ ბრძოლად თბილისისათვის“.

მარიამ ყანჩაველმა, მოძრაობა „პარტიზანული მებაღეობის“ წევრმა, ზუსტად იცოდა, რატომ იდგა ამ აქციაზე. რადიო თავისუფლებასთან საუბარში მან გვითხრა, რომ ირღვევა კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, სხვისდება საჯარო საკუთრება, ხოლო მერიას და საკრებულოს საზოგადოების აზრი არ აინტერესებს:

„იგეგმება უზარმაზარი პროექტი, რომელიც ქალაქს თავზე დაემხობა და რომელსაც არანაირი ფუნქციონალური მნიშვნელობა არა აქვს - ამ კონკრეტულ ადგილას ზიანის მეტს არაფერს მოუტანს თბილისს, მოსახლეობას კი, უბრალოდ, ატყუებენ, თითქოს მათთვის კეთდება რამე და, უბრალოდ, შეურაცხმყოფელია, რომ ხალხი ასე დებილები ვგონივართ. სწორედ ამიტომ ვდგავარ აქ, რომ დავიცვა ბოტანიკური ბაღი, ისტორიული ქალაქი, მთლიანად ჩემი ქალაქი, სხვა გზა, უბრალოდ, არ დაგვიტოვეს“.

საპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია

მიუხედავად ხელისუფლების დაპირებებისა, გადაწყვეტილებები მიიღება ისევ საზოგადოებრივი ჩართულობის გარეშე, დაფარულად და გაუმჭვირვალედ, - ამბობს ირაკლი მაჭარაშვილი, წარმომადგენელი ორგანიზაციისა „მწვანე ალტერნატივა“, და ისიც აქციაზე სხვების გვერდით დგას:

„ქართული ოცნება“ კი აკრიტიკებდა ამის წინამორბედს ელიტურ კორუფციასა თუ გაუმჭვირვალობის გამო, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, აკრიტიკებდა იმიტომ, რომ თვითონ ვერ სარგებლობდნენ ამით და ვერ აკეთებდნენ იმას, რასაც მათი წინამორბედები, თორემ როდესაც უკვე მათ სკამებზე აღმოჩნდნენ, მშვენივრად შეირგეს ის კანონები, რაც მანამდე არსებობდა“.

მოძრაობა უნდა გაძლიერდეს, პროტესტი მეტმა ადამიანმა უნდა გამოხატოს. დღეს ჩვენი საკმარისად არ ეშინიათ, რადგან ქუჩაში ჯერ არ გამოსულა მოსახლეობის კრიტიკული მასა - მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გვექნება შედეგი, როდესაც ძალას დაინახავენ, - გვითხრა ქალაქმგეგმარებელმა ზურაბ ბაქრაძემ, რომელიც 7 მაისის აქციაში მონაწილეობდა. მისთვის ეს კონკრეტული აქცია არ ყოფილა მხოლოდ ბოტანიკური ბაღის დასაცავი ერთჯერადი აქტი. ის ამბობს, რომ მალე დედაქალაქის ამ უნიკალურ ნაწილში, რასაც ბოტანიკური ბაღი და მისი მიმდებარე ტერიტორია ჰქვია, ჩვეულებრივი მოქალაქეებისათვის სივრცე ჩაიკეტება. ეს იქნება მხოლოდ მდიდარი ადამიანებისათვის შექმნილი გარემო:

„იცით, რა გამოვა? მთლიანად გააფუჭებენ თბილისის ლანდშაფტს, მოაქცევენ ალყაში ბოტანიკურ ბაღს. ერთი მხრიდან იქნება ივანიშვილის სასახლე და პანორამა, მეორე მხრიდან ამ ახალი სასტუმროს კომპლექსი და ეს იქნება ადგილი მდიდარი ადამიანებისათვის და არა ჩვეულებრივი მოქალაქეებისათვის“.

საპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია

ირაკლი სარდანაშვილს, მოძრაობა „რაჭის მცველების“ წევრს, რაჭის ტყეების გაჩეხის ბედი აღელვებს. ისიც აქციის მონაწილეა და ბიძინა ივანიშვილის სახელთან დაკავშირებულ კომპანია „ატუს“ მიერ ტყის გაჩეხას აპროტესტებს. მისი თქმით, რაჭაში, შაორის ტბასთან, სრულიად ჯანმრთელ ხეებს ჩეხენ:

„ჩვენ დავდგებით ყველგან, სადაც ბუნებას ხელყოფენ. რაჭის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, როგორ ნადგურდება ბუნება - ტრაილერებით გამოაქვთ მოჭრილი ხემასალა. როდესაც მივედით და მიზეზი ვიკითხეთ, სანიტარული ჭრააო, გვიპასუხეს“.

კოჯრის გზატკეცილზე გამართულმა აქციამ მისი მონაწილეების დაკავების შემდეგ შსს-თან გადაინაცვლა. როგორც საიას იურისტმა ნონა ქურდოვანიძემ განმარტა, დაკავებულებს - ალეკო ელისაშვილს, ნატა ფერაძეს, ირაკლი კიკილაშვილს, კონსტანტინე გურულს, გიორგი ახობაძესა და იოსებ ხიმშიაშვილს - საქალაქო სასამართლოში გაასამართლებენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობის მუხლით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 250-დან 2 000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას.

აქციის მონაწილეები კი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. ისინი გეგმავენ საპროტესტო აქციებს პერმანენტული სახე მისცენ.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG